ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საგზურის მოპოვებამ უზომოდ გაახარა “ინტერის” პრეზიდენტი მასიმო მორატი. იგი მიმდინარე სეზონის წინ “ნერაძურის” ერთგულ ქომაგებს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე გუნდის წარმატებით გამოსვლას დაჰპირდა და ჯერჯერობით მილანელები სანუკვარი მიზნის მიღწევისკენ წარმატებით მიიწევენ.
- უპირველესად რამ განაპირობა “ინტერის” მიერ გათამაშებიდან “ჩელსის” გამოთიშვა?
- უმაღლესი რანგის პროფესიონალიზმმა. ვერც კი გეტყვით, რომელი ფეხბურთელი იყო ჩვენგან საუკეთესო. აპლოდისმენტებს იმსახურებენ ფანტასტიკურად მოთამაშე მცველები, შუახაზელები და ბრწყინვალე გოლის ავტორი სამუელ ეტო’ო. ჩვენი გუნდი ასპარეზობის რიტმს აკონტროლებდა. ეჭვიც არ მეპარებოდა, ჟოზე მოურინიო ტაქტიკასაც სწორს რომ აარჩევდა და არც სასტარტო შემადგენლობის დაკომპლექტებისას შეცდებოდა. ყველაზე მეტად კი იმან გამახარა და ცოტათი გამაკვირვა კიდეც, ბიჭებს ნებისმიერ მომენტში კიდევ უფრო მომატება რომ შეეძლოთ. ეს თვალნათლივ იგრძნობოდა. ერთი სიტყვით, გუნდმაც და ცალკეულმა ფეხბურთელებმაც თავიანთი საუკეთესო თვისებები გამოავლინეს.
- მოურინიოს მიერ სწორად დაყენებული ძირითადი შემადგენლობა ახსენეთ. ბალოტელის განაცხადს მიღმა დატოვებასაც ამართლებთ?
- მოურინიოს ამ ნაბიჯს ვემხრობი. ჟოზე ყველაფერს გუნდის სასიკეთოდ აკეთებს, მარიოს კი სამომავლოდ თავის გამოჩენის შანსი აუცილებლად მიეცემა. ბალოტელი კარგი ფეხბურთელია და ამას არაერთგზის დაამტკიცებს.
- სეზონის წინ გაზეთების ფურცლებზე იწერებოდა, “ინტერი” აქცენტს ჩემპიონთა ლიგის თასის დაუფლებაზე გააკეთებსო. სკუდეტოს “მილანისთვის” “დათმობას” ხომ არ აპირებთ?
- არ მსურს ამ თემაზე სპეკულირება. “ინტერს” ორივე ტიტულის მოგება შეუძლია. სერია A-ს ნებისმიერ შეხვედრას უდიდესი პასუხისმგებლობით მივუდგებით.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ