ინტერვიუები

10:21 | 18.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

მასიმო ამბროზინი: “ვინ თქვა, რომ “ბარსელონას” დამარცხება არ შეგვიძლია?”

იტალიური “მილანის” კაპიტანი მასიმო ამბროზინი, სკუდეტოსთვის ბრძოლაში უმთავრეს კონკურენტად ტურინის “იუვენტუსს” მიიჩნევს, თუმცა, ფიქრობს, რომ საჩემპიონო რბოლას არც “ინტერი” დააკლდება. 33 წლის ვეტერანმა კაპიტნის სამკლავური 2009 წელს პაოლო მალდინისგან გადაიბარა, მაგრამ ახალმა მწვრთნელმა მას პოზიცია შეუცვალა და ოდნავ უკან დახია. ამბროზინი ტიტულების ნაკლებობას არ უჩივის. “როსონერისთან” ერთად მან სამი სკუდეტო, ორი ჩემპიონთა თასი, ორი ევროპის სუპერთასი, კლუბების მსოფლიოს ჩემპიონატი, იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი მოიგო. მასიმომ “მილანში” 15 წელი გაატარა და მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე ეწურება. თუ კლუბის ხელმძღვანელობას კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ შეუთანხმდა, მაშინ კარიერის გაგრძელებას საზღვარგარეთ აპირებს, რადგანაც იტალიაში სხვა კლუბის მაისურით თამაში ვერ წარმოუდგენია.
- ამბობენ, გალიანიმ, წინასაშობაო საღამოზე, თქვენ და ალეგრის ფიცი დაგადებინათ, რომ მიმდინარე სეზონში ერთ ტიტულს მაინც აიღებდით. ეს მართალია?
- მან უბრალოდ გვთხოვა, რომ გავჩუმებულიყავით, სიჩუმე კი, თანხმობის ნიშანია.
- ჩემპიონთა ლიგა თუ სკუდეტო?
- არჩევანის გაკეთება ძალიან რთულია. ჩემპიონთა ლიგა ერთგვარი გამოცანაა, საკმარისი ერთადერთი შეხვედრა დათმო და ამ ტურნირს დაემშვიდობო, გინდ ფავორიტი იყავი და გინდ არა. უნდა ვეცადოთ, რომ ყველა ტიტული მოვიგოთ.
- მალდინიმ თქვა, რომ ახლანდელი “მილანი” იტალიის ჩემპიონატის მოსაგებად მზადაა, მაგრამ ევროტურნირებზე წარმატებით სათამაშოდ არა. ეთანხმებით მის მოსაზრებას?
- ევროპაში “ბარსელონას” ვარავინ დაეწევა, იქვეა “ჩელსიც”, თუმცა, ახლა მას სირთულეები აქვს. “მილანი” დიდი გუნდია და თავისუფლად შეუძლია ნებისმიერთან თანასწორად თამაში. თეორიულად, “ბარსელონა” ძლიერია, მაგრამ ვინ თქვა, რომ მისი დამარცხება არ შეგვიძლია?
- თქვენ კაპელოს ხელმძღვანელობითაც ვვარჯიშობდით და ანჩელოტის თავკაცობითაც. ალეგრი რომელს უფრო წააგავს?
- ერთსაც და მეორესაც, მას ორივეს თვისებები აქვს. კაპელოსავით მკაცრი არაა, ხუმრობს ისე, როგორც ანჩელოტი, მაგრამ თუ საჭირო გახდა, კაპელოზე არანაკლებ შეუძლია, რომ მოსმენა გაიძულოს.
- თქვენი და ალეგრის ურთიერთობა, როგორც მწვრთნელისა და კაპიტნის, როგორია?
- ის გულღია პიროვნებაა და არასოდეს პირფერობს. ლეონარდოსგან განსხვავებით, მას განმარტოებითი საუბრები არ ახასიათებს.
- ალეგრი დაცვის ხაზის წინ გათამაშებთ და ახლა ეს თქვენი ახალი პოზიციაა. მოგწონთ?
- დიახ, მაგრამ თავს არც ოდნავ წინ ვგრძნობდი ცუდად. ეს განსხვავებული პოზიციაა. პერიოდულად, მატჩის მსვლელობისას, პირლოს პოზიციებს ვუცვლი და ეს უკეთესია.
- ახალ პოზიციაზე თამაშისას, შეტევაში ჩართვა იშვიათად გიწევთ და შესაბამისად, გოლების გატანის შანსი ნაკლები გაქვთ. არ მოგენატრათ გოლები?
- დიახ, ცოტათი, მაგრამ თუ გუნდს ასე სჭირდება, საკუთარ ამბიციას სიამოვნებით ვწირავ. მომწონს წინ წასვლა, ერთი მეორეს არ გამორიცხავს, უბრალოდ, აუცილებელია ბალანსის გამონახვა.
- იბრაჰიმოვიჩზე დამოკიდებულება “მილანს” არ ზღუდავს?
- სულაც არა. რომელი გუნდი არ იქნება დამოკიდებული ისეთ ფეხბურთელზე როგორიც ზლატანია? რაც უფრო მეტ გავლენას ახდენს ის შედეგზე, მით უკეთესი, ეს ხომ მთლიანად გუნდს ადგება.
- პირლოსა და ზეედორფის მოედანზე ერთდროულად ყოფნა, დიდი ფუფუნებაა და “მილანი” საკუთარ თავს ამის უფლებას ვეღარ აძლევს?
- გასულ წელს ისინი ერთდროულად კარგად მოქმედებდნენ, თუმცა, ორივე ერთი პოზიციის ფეხბურთელია.
- თუ მილანმა შაბათს “რომა” დაამარცხა, ზამთრის ჩემპიონი გახდება. ეს სკუდეტოს მოპოვების წინაპირობა იქნება?
- ეს მხოლოდ მცირე ნაბიჯი იქნება ჩემპიონობისკენ და უშულო კონკურენტებს კიდევ უფრო დავშორდებით, მაგრამ ასეთი მატჩები საჩემპიონო რბოლაში გადამწყვეტი სულაც არაა. ისეთი ჩემპიონატიც მომიგია, როდესაც “ლაციოს” შვიდ შეხვედრაში შვიდქულიანი ჩამორჩენა ამოვუქაჩეთ (1999 წელს).
- “რომასთვის” ბორიელოს დათმობა “მილანის” მხრიდან შეცდომა იყო?
- ჩვენს დროში ეკონომიკური მოთხოვნილებები ტექნიკურზე მნიშვნელოვანია. მოხარული ვარ, ის ასე კარგად რომ ათამაშდა. არ მეგონა ახალ გუნდს ასე მალე თუ შეეწყობოდა.
- მეორე ადგილზე სამი გუნდია (“ლაციო”, “იუვენტუსი” და “ნაპოლი”), უკან “რომა” და “ინტერი”. რომელი მეტოქეა ყველაზე მეტად საშიში?
- “იუვენტუსი” - მათ არ მოუწევთ საევროთასო შეხვედრები და თავისუფლად შეუძლიათ კუდზე დაგვაჯდნენ. “ბებერ ქალბატონს” ისეთი მწვრთნელი ყავს, რომელსაც გამარჯვება სწყურია და რომელსაც საამისოდ საჭირო მენტალიტეტი გააჩნია. სკუდეტოსთვის ბრძოლაში “ინტერიც” აუცილებლად ჩაერთვება.
- თქვენ, ისევე როგორც გალიანი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე “ინტერს” უგულშემატკივრებთ?
- ეს ხომ იტალიური კლუბია... თუმცა, ჩვენ მის გარეშეც გვყოფნის საფიქრალი. ვისურვებდი, რომ მათ ადგილზე ჩვენ ვყოფილიყავით.
- 2011 წელს მოქმედი კონტრაქტი გიმთავრდებათ. “მილანში” გატარებული 15 წლის შემდეგ საკუთარი თავი სხვა გუნდში თუ წარმოგიდგენიათ?
- იტალიაში თამაში გამიჭირდებოდა, მაგრამ ფეხბურთისთვის თავის განებებას ჯერ არ ვაპირებ და თუ “მილანთან” შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება, კარიერას საზღვარგარეთ გავაგრძელებ.
- იმედი გაქვთ, რომ კონტრაქტს გაახანგრძლივებთ?
- ამისათვის მზად ვარ.
- სულ მალე შობის დღესასწაულია. უკვე შეურჩიეთ საჩუქრები ბერლუსკონის, გალიანის და ალეგრის?
- პრეზიდენტმა საჩუქარი უკვე მიიღო პარლამენტში. გალიანის - ყვითელი ჰალსტუხი, ხოლო ალეგრიმ საჩუქარი აქეთ უნდა გამიკეთოს.
 


მოამზადა ზურა ქსოვრელმა

0.119498