ინტერვიუები

16:47 | 11.07.2011 | ნანახია [] - ჯერ

მასიმო ამბროზინი: “სკუდეტოსთვის ბრძოლა “მილანის” მოვალეობაა”

“მილანის” 34 წლის კაპიტანმა მასიმო ამბროზინიმ 2009-ში კაპიტნის სამკლავური პაოლო მალდინისგან გადაიბარა, გასული სეზონი კი მისთვის და მთლიანად “როსონერისთვის” იღბლიანი აღმოჩნდა. მასიმილიანო ალეგრის მეთაურობით გუნდმა რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონობა მოიპოვა. Gazzetta dello Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბროზინი მიზნად სკუდეტოს შენარჩუნებას და ჩემპიონთა ლიგაში წარმატებულ გამოსვლას ისახავს.  


- როგორი განწყობით შეუდექით ახალი სეზონისთვის მზადებას? “მილანი” ჩემპიონობის შენარჩუნებას მოახერხებს?
- სკუდეტოს ვერცერთი გუნდი შემთხვევით ვერ მოიგებს, ამიტომაც პირველობის მომგები გუნდი მომდევნო გათამაშებაში ობიექტურადაა ჩემპიონობის კიდევ ერთხელ დაუფლების რეალური კანდიდატი. კარგად მესმის, რომ ჯერჯერობით ჩვენი ან რომელიმე სხვა კლუბის საჩემპიონო შანსზე საუბარი ნადრევია. გუნდები ჩამოყალიბების პროცესში არიან, თუმცა, რამდენიმე გრანდი მიზნად ყოველთვის უმაღლესი მიზნის გადაჭრას ისახავს და ნამდვილად არ ვიქნები გულწრფელი, “მილანის” ამბიციაზე რომ არ ვთქვა - სკუდეტოსთვის ბრძოლა “როსონერის” მოვალეობაა.
- ჩემპიონთა ლიგაში რა შედეგის მისაღწევად იასპარეზებთ?
- მთელი კონტინენტის მასშტაბით “მილანი” ნებისმიერი მეტოქის დასამარცხებლად მზადაა, გამონაკლისს მხოლოდ “ბარსელონა” წარმოადგენს. კატალონური გრანდი ნებისმიერ სხვა გუნდზე ერთი ტავით მაღლა დგას. თუმცა, ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩემპიონთა ლიგაში პეპ გვარდიოლას გუნდს რომ გადავეყაროთ, მარცხთან წინასწარ შეგუებულები ვიქნებით. ჩვენი კვალიფიკაცია და გამოცდილება საერთაშორისო დონეზეც მხოლოდ გამარჯვებებისკენ გვიბიძგებს. გასულ სეზონში სკუდეტო შვიდწლიანი პაუზის შემდეგ მოვიპოვეთ, რამაც, ცხადია, ძალიან გაგვახარა. ამით ჩვენ ერთგულ გულშემატკივრებს, გარკვეულწილად, ის იმედგაცრუება გავუქარწყლეთ, რომელიც მათ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ლონდონურ “ტოტენჰემთან” მარცხით განვაცდევინეთ. მით უმეტეს, ბრიტანელები ამ ტურნირის დებიუტანტები იყვნენ, “მილანის” საჩემპიონთალიგო მიღწევებზე საუბარი კი შორს წაგვიყვანს. უმთავრეს საკლუბო-კონტინენტურ შეჯიბრების სტარტს ოპტიმისტურად დაველოდებით. მჯერა, “მილანის” წინაშე განუხორციელებელი ამოცანა არასდროს დასმულა.
- ანდრეა პირლოს ტურინის “იუვენტუსში” გადასვლა “მილანისთვის” დიდი დანაკლისია?
- რასაკვირველია. არიან ფეხბურთელები, რომელთაც კარგი გუნდის დიდ კოლექტივად გარდაქმნა ხელეწიფებათ. სწორედ ასეთი მოთამაშეა პირლო. მასთან ერთად ჯერ კიდევ მაშინ ვთამაშობდი,  როცა 18 წლისა გახლდით და ჩემზე უკეთ, ცოტა ვინმემ თუ იცის მისი შესაძლებლობები. ანდრეა 32 წლისაა, უდიდესი გამოცდილება დაუგროვდა და ფიზიკურადაც თავს მშვენივრად გრძნობს. ამიერიდან მისი წასვლით გამოწვეულ დანაკლისზე კი არ უნდა ვისაუბროთ, არამედ პირლოს შესაფერისი შემცვლელი მოვძებნოთ. ანდრეა უნიკალური თვისებების მოთამაშე და ადამიანია, ამიტომაც ნებისმიერი ფეხბურთელისთვის მისი სათანადოდ ჩანაცვლება ურთულესი საქმეა. ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული მასიმილიანო ალეგრიზე. მან ისეთი ტაქტიკური მონახაზი უნდა შეიმუშავოს, რომელშიც პირლოს არყოფნა “მილანს” არ დაეტყობა.
- პრესაში საუბრობენ “მილანში” მარეკ ჰამშიკის გადასვლის თაობაზე...
- ჰამშიკი ძალიან მაღალო კლასის ნახევარმცველია, მაგრამ დამწმუნებული ვარ, “ნაპოლი” თავის სლოვაკ შუახაზელს არ შეელევა.
- დავუბრუნდეთ მომდევნო სეზონის პერსპექტივას. უპირველესად რაზე უნდა გააკეთოს აქცენტი “მილანმა”, რათა ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდად მთელი სეზონის განმავლობაში დარჩეს?
- მთავარია, კარგი სტარტი ავიღოთ, გაუთვალისწინებელი ქულები არ დავკარგოთ, სეზონის მსვლელობისას კი ტრავმები ავიცილოთ თავიდან. ფეხბურთი სპორტის ის სახეობაა, რომელშიც დაზიანებების არიდება ვერ მოხერხდება, მაგრამ თუკი ტრავმატიზმი მინიმუმამდე დავიყვანეთ, “მილანს” ყველა უნდა უფრთხოდეს.
- არაერთ მწვრთნელთან გიმუშავიათ. ავიღოთ თუნდაც ფაბიო კაპელო და კარლო ანჩელოტი. ამ სპეციალისტებთან შედარებით, რა პრინციპულ სხვაობას ხედავთ მასიმილიანო ალეგრის სადამრიგებლო მეთოდებში?
- ალეგრი კაპელოსა და ანჩელოტის წააგავს. თუმცა, სხვაობაც ადვილად შესამჩნევია. მასიმილიანო დონ ფაბიოსავით მკაცრი არაა, მაგრამ თუ საჭირო გახდა, კაპელოსავით გამკაცრდება და მისი იდეის პატივისცემას გაიძულებს. ანჩელოტის კი ალეგრი იუმორის გრძნობით წააგავს, ამასთან საქმისადმი მიდგომით და ფეხბურთის ფანატიკური სიყვარულით არავის ჩამოუვარდება.
- თქვენი და მასიმილიანო ალეგრის ურთიერთობა, როგორც მწვრთნელისა და გუნდის კაპიტნის, იდეალურია?
- მასიმილიანოსთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ჩემთვის ძნელია, მას იდეალური ვუწოდო. ორივენი საქმეს პირნათლად ვემსახურებით. ალეგრი გულღია ადამიანია და არასდროს პირფერობს. ყოველთვის პირდაპირ ამბობს სათქმელს. ლეონარდოსგან განსხვავებით, ჩვენი ამჟამინდელი დამრიგებელი ფეხბურთელებთან განცალკევებით საუბარს უპირატესობას არ ანიჭებს.
- ალეგრიმ პოზიცია ოდნავ შეგიცვალათ და გასული სეზონის მატჩებში დაცვის ხაზის წინ გათამაშებდათ. ამან რაიმე სახის დისკომფორტი ხომ არ შეგიქმნათ?
- არა. მართალია, ეს ჩემთვის განსხვავებული პოზიციაა, მაგრამ მე და პირლო ერთმანეთს კარგად ვუგებდით, მატჩის მსვლელობისას ადგილებს ვცვლიდით და კარგადაც შეთამაშებულები ვიყავით. ანდრეას ტურინში წასვლის შემდეგ, შესაძლოა, ალეგრიმ ფუნქცია შემიცვალოს.
- “მილანთან” კონტრაქტი გაახანგრძლივეთ, თუმცა, მხოლოდ ერთი წლით...
- ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. 2012 წლის ზაფხულამდე “მილანში” ვითამაშებ, სეზონის დასრულების შემდეგ კი კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად მოლაპარაკების მაგიდას მივუჯდები და ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის საკითხსა და ფორმას გადავწყვეტთ.



გოჩა კაჭარავა

0.109449