“მილანმა” კაპიტან მასიმო ამბროზინის კონტრაქტი აღარ გაუგრძელა და “როსონერიში” 18 წლიანი ასპარეზობის შემდეგ გუნდს კიდევ ერთი სიმბოლო გამოაკლდა. შავ-წითელი მაისურით ამბროზინიმ 489 მატჩში 36 გოლი გაიტანა, 4 სკუდეტო, 2 ჩემპიონთა ლიგის თასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 2-2-ჯერ იტალიის და ევროპის სუპერთასი, ერთხელაც აპენინელთა თასი დაისაკუთრა. 2009 წლის ზაფხულში პაოლო მალდინიმ ამბროზინის “მილანის” კაპიტნის სამკლავური გადასცა და 4 წლის განმავლობაში მასიმო “როსონერის” საასპარეზოდ მიუძღოდა.
- რა გრძნობით ემშვიდობებით “მილანს”?
- მეტად აღელვებული ვარ, რადგანაც “როსონერისგან” წასვლის შემდეგ აღელვებული და გაურკვევლობაში ვარ. ამის მიუხედავად, მადლობას ვუხდი ბერლუსკონისა და გალიანის, მილანელოს ყველა თანამშრომელს. განსაკუთრებული მადლიერების გრძნობა ყველა იმ პარტნიორის მიმართ მაქვს, რომელთა გვერდიგვერდ სხვადასხვა ეტაპზე ვთამაშობდი ჩემი 18 წლიანი მილანური კარიერის განმავლობაში. არც FACEBOOK მაქვს და არც TWITTER, მაგრამ ძალიან კარგად ვიცი ჩემდამი გულშემატკივართა დამოკიდებულება. “მილანის” ტიფოზები მიყვარს და მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის. “როსონერიმ” მომცა შანსი მსოფლიოს საუკეთესო სტადიონებზე მეთამაშა, ურთიერთობა მქონოდა უამრავ ფეხბურთელთან და ბევრი მათგანი ჩემი მეგობარი გამხდარიყო.
- კლუბმა თქვენთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა. რამდენად სამართლიანად თვლით ამ გადაწყვეტილებას?
- ეს ჩემი განსასჯელი არაა. 36 წლის ვარ და სავარაუდოდ, ამიტომაც გადაწყვიტეს ჩემთან დამშვიდობება. ცხადია, უფრო კმაყოფილი დავრჩებოდი, “მილანიდან” ჩემი გაშვება სხვა ფორმით რომ მომხდარიყო. უპირველესად იმას ვგულისხმობ, რომ ხელმძღვანელებს საქმის კურსში უფრო ადრე უნდა ჩავეყენებინე. ყველაფრის მიუხედავად, ბედნიერი ვარ იმით, 18 წლის განმავლობაში “მილანის” წევრი და ბოლო წლებში კაპიტანი რომ ვიყავი. გულშემატკივრებთან დამშვიდობება მსურდა, მაგრამ ეს არ მოხერხდა, რადგან კლუბმა ჩემი გაშვების თაობაზე გვიან მაცნობა. ისე კი, გამოსამშვიდობებელი მატჩების მომხრე არ ვარ – ჩემი აზრით გუნდიდან ბოლო ვარჯიშის შემდეგ, უჩუმრად უნდა წახვიდე.
- სილვიო ბერლუსკონის თუ ესაუბრეთ?
- არა. მასთან დალაპარაკებას უახლოეს დღეებში ვგეგმავ. ყველას დავემშვიდობები და ერთობლივი მუშაობისთვის მადლობას მოვახსენებ.
- “ინტერმა” ხავიერ ძანეტის კონტრაქტი გაუფორმა. ამაზე რას გვეტყოდით?
- ეს სხვა კლუბის საქმეა და ვერ ვილაპარაკებ. “მილანის” უფროსების გადაწყვეტილების თაობაზე კი ჩემი ვარაუდი უკვე მოგახსენეთ.
- სამომავლო პერსპექტივა უკვე გარკვეული გაქვთ?
- ჯერჯერობით არა. ბოლო დროს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვფიქრობდი, ახლა კი ახალი წინადადებების განხილვის პერიოდი დამიდგა.
- მართალია, თითქოს “ფიორენტინა” გეპატიჟებათ?
- ფლორენციელებს ბრწყინვალე გუნდი ჰყავთ, მაღალი დონის მწვრთნელითა და პერსპექტიული პროექტით. თუკი “ფიორენტინასგან” წინადადებას მივიღებ, აუცილებლად სერიოზულად ავწონ-დავწონი მათ შეთავაზებას.
- თქვენი კარიერის ყველაზე სასიხარულო და გულდასაწყვეტო მომენტები რომელია?
- სტამბოლის მატჩის გადათამაშებაზე ყველა ჩვენთაგანი ოცნებობდა და სურვილი აგვიხდა – “ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის ფინალში დავამარცხეთ. ყველაზე მეტად კი ევროპის სუპერთასზე “სევილიის” დამარცხებამ გამახარა. “მილანის” კაპიტნის რანგში მაშინ პირველი ტიტული მოვიხვეჭე.
- მწვრთნელთაგან რომელ სპეციალისტს გამოარჩევთ?
- დამრიგებელთაგან ყველაზე მეტად კარლო ანჩელოტის ვემადლიერები. კარიერის ურთულეს მომენტში ერთ საღამოს მან თავის ოთახში მიხმო და მითხრა, ნურაფერზე ნერვიულობ, მშვიდად და მონდომებით მოემზადე და ყველაფერი კარგად იქნებაო. საბედნიეროდ ასეც მოხდა.
- “მილანის” მომავალს როგორ უმზერთ?
- ბოლოხანს “როსონერი” ფრიად შეიცვალა. გუნდში უწინდელ ფეხბურთელთაგან განსხვავებული ადამიანები მოვიდნენ, თუმცა, მათ მშვენივრად გაითავისეს, რა დონის კლუბში მოხვდნენ. ეს უმთავრესია. ჩემი ღრმა რწმენით, “მილანმა” სირთულეები უკან მოიტოვა – “როსონერი” საიმედო ხელშია.