ინტერვიუები

10:15 | 19.11.2009 | ნანახია [] - ჯერ

მასიმილიანო მადალონი: "დიეგო მალე ნომერ პირველი ფეხბურთელი გახდება"

ჩირო ფერარა და მასიმილიანო მადალონი ერთად ჯერ კიდევ “ნაპოლის” ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდნენ. მათ დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ, ამიტომაც, როდესაც ფერარა “იუვენტუსის” დამრიგებლად დანიშნეს, მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოსტზე ჩირომ მასიმილიანოს კანდიდატურა შესთავაზა კლუბის ხელმძღვანელობას.

- თითქმის ნახევარი წელია, “იუვენტუსში” მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მოღვაწეობთ. როგორ შეაფასებდით საკუთარ მუშაობას?
- უპირველესად, სამადლობელი სი¬ტ¬ყვები მსურს ვუთხრა ჩირო ფერ-რას. მან ნდობა გამომიცხადა რთულ პერიოდში. ჩირო როდესაც ტურინში მთავარ მწვრთნელად ინიშნებოდა, ბევრი მის სამწვრთნელო პერსპექტივას “იუვენტუსის” მესაჭის რანგში სკეპტიკურად უცქერდა. ფერარამ ნდობა გამომიცხადა და თავის სადებიუტო-სადამრიგებლო სეზონშივე ასისტეტობა შემომთავაზა. ამ ჟესტით მიმანიშნა, რომ მენდობა და ამავდროულად კარგ სპეციალისტადაც მთვლის. ჩემის მხრივ კი შემიძლია განვაცხადო, რომ “იუვეს” ხელმძღვანელს ყველა წინაპირობა აქვს საიმისოდ, ავტორიტეტული დამრიგებელი რომ გახდეს. ჩირო კარგად ერკვევა რთულ საფეხბურთო ნიუანსებში. მას მოთამაშეობისას მდიდარი გამოცდილება დაუგროვდა, მშვენივრად იცის რა უნდა და როგორ მიაღწიოს დასახულ მიზანს. ხანდახან მიკვირს კიდეც, ასეთ ახალგაზრდულ ასაკში როგორ აქვს ფერარას ამგვარი მოწიფული მიდგომა ნებისმიერი საფეხბურთო, საყოფაცხოვრებო თუ ადამიანური საკითხისადმი.
- თქვენ და ფერარას ერთნაირი “საფეხბურთო ხედვა” გაქვთ?
- ალბათ ასეა, რადგანაც, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ასისტენტად არ ამიყვანდა. ისე კი ფერარას ყველასთან ერთნაირად საქმიანი დამოკიდებულება აქვს – იქნება ეს კლუბის პრეზიდენტი თუ დამწყები მოთამაშე.
- თქვენი სამუშაო დღე როგორია?
- მე და ჩირო დღეში ორჯერ, გუნდის ვარჯიშამდე და წვრთნის შემდეგ ვხვდებით ერთმანეთს. ყოველი თვის დასაწყისში კი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვიკეტებით მთავარი მწვრთნელის სამუშაო ოთახში და უახლოესი 30 დღის განმავლობაში სამოქმედო გეგმას შევიმუშავებთ.  მეტოქეების დაზვერვას რაც შეეხება, ჯერ ტაქტიკის შერჩევაში ფერარას თანაშემწე ადოლფო სორმანი აკვირდება მოწინააღმდეგეს, საკუთარი დაკვირვების შედეგს და მოსაზრებას გვიზიარებს, შემდეგ კი ჩვენი ტრიო ერთობლივად იღებს გადაწყვეტილებას.
- ჩირო ფერარას საბავშვო ასაკიდან იცნობთ. ეს თქვენს ურთიერთობაში დადებითი მომენტის შემომტანია თუ თავს შედარებით შებოჭილად გრძნობთ ახლობელ ადამიანთან სამსახურებრივი დამოკიდებულება რომ გაკავშირებთ?
- დიდხნიანი ნაცნობობა მუშაობაში ძალიან გვეხმარება. მე და ჩიროს ერთმანეთის მშვენივრად გვესმის. მაგალითად, კარგად ვიცი, როდის უნდა დავტოვო იგი მარტო, რათა ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება. იმ მომენტსაც მშვენივრად ვგრძნობ, როდის საჭიროებს ფერარა ყველაზე მეტად რჩევას. მე უფრო ემოციური ვარ, ჩირო კი უფრო ჩაფიქრებული და ნებისმიერი საკითხისადმი მასშტაბური მიდგომის ადამიანია. ამიტომაცაა იგი მთავარი მწვრთნელი, მე კი ასისტენტი.
- “იუვენტუსს” პრაგმატული თამაშისადმი სიყვარულში სდებენ ბრალს...
- ამას ობიექტური მიზეზები აქვს. ჩვენ ხომ ახალი სქემით დავაწყებინეთ გუნდს თამაში. ასეთ დროს, შემტევი ფეხბურთის ჩვენება დიდწილად რისკთანაა დაკავშირებული.
- რა დრო დასჭირდება კიდევ გულშემატკივარს, “იუვენტუსის” ნამდვილი ძალა და პოტენციალი რომ იხილოს?
- მას შემდეგ, რაც ტრავმირებული მოთამაშეები დაგვიბრუნდნენ, უკეთ ასპარეზობა დავიწყეთ. ამას ჩვენი საფეხბურთო მტრებიც აღიარებენ. თანდათან ისეთ გუნდს ვაშენებთ, რომელიც წარმატებითაც ითამაშებს და მაყურებელსაც ლამაზი თამაშით გაახარებს. 
- ხომ ვერ დაგვისახელებდით თქვენი საყვარელი ფეხბურთელის ვინაობას?
- “იუვენტუსის” რამდენიმე მოთამაშე შემიძლია დაგისახელოთ. მათი არა მარტო ასპარეზობა, ვარჯიშიც კი დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მოხიბლული ვარ მაურო კამორანეზის ბურთთან მუშაობის ტექნიკით, ამაურისა და ფელიპე მელოს კლასით, დავიდ ტრეზეგეს კოორდინაციით, ალესანდრო დელ პიეროს ხასიათით. სხვა გუნდების ვარსკვლავთა დასახელებისას ორიგინალური ვერ ვიქნები და ლიონელ მესის გამოვარჩევ. არგენტინელი მართლაც ფენომენალური შესაძლებლობების ფეხბურთელია. ჩემი აზრით, უდიდესი საფეხბურთო მომავალი ელის ალეშანდრუ პატოს.
- დიეგო არ დაგისახელებიათ. მას “დიდ მოთამაშედ” არ მიიჩნევთ?
- როგორ არა! ღრმად მწამს, ბრაზილიელი მალე ნომერ პირველი ფეხბურთელი გახდება. გავითვალისწინოთ, რომ იგი ჯერ 24 წლისაა, “იუვენტუსში” გადმოსვლისას კი მიშელ პლატინი 27-ისა გახლდათ. დიეგოს ფანტასტიკური ტექნიკა აქვს და სპორტსმენადაა დაბადებული.

გოჩა კაჭარავა
 

0.126936