ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ “მილანს” პლეი ოფში გასვლა გარანტირებული აქვს. ამის მიუხედავად, “როსონერის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი აცხადებს, რომ მისი გუნდი სანკტ პეტერბურგის “ზენიტთან” სათამაშოდ მინდორზე მხოლოდ მოსაგებად გავა, ამასთან მილანელთა დამრიგებელი რამდენიმე ფეხბურთელისთვის დასვენების საშუალების მიცემასაც აპირებს.
- ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საგზური უკვე გარანტირებული გაქვთ. ამის მიუხედავად, “ზენიტის” წინააღმდეგ გუნდი ბოლომდე მობილიზებული ითამაშებს?
- ამას “მილანის” სახელით ასპარეზობა გვავალდებულებს. თანაც, ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლა დიდი სტიმულია. ყველა მატჩს სრული პასუხისმგებლობით ვუდგებით, ეს ევროსარბიელსაც ეხება და საშინაო ტურნირებსაც. ბოლო ხანს, ჩემი გუნდის მოთამაშეების ასპარეზობით კმაყოფილი ვარ. განსაკუთრებით ახალგაზრდები სტეფან ელ შაარავი და მატია დი შილიო უნდა გამოვყო. დი შილიომ სერია A-ს ბოლო 3 მატჩში 4 გოლი გაიტანა. კარგ დონეზე თამაშობენ შედარებით ასაკოვანი ფეხბურთელებიც. “იუვენტუსთან” შინ და “კატანიასთან” გასვლაზე მოგებულმა შეხვედრებმა მოწინავე ექვსეულთან მიგვაახლოვა და ფსიქოლოგიურადაც კარგი ფონი შეგვიქმნა. გუნდი სერიოზულადაა განწყობილი და “ზენიტთანაც” მხოლოდ მოსაგებად ვითამაშებთ.
- საბრძოლო შემადგენლობას დააყენებთ?
- სანკტპეტერბურგელებთან დაპირისპირებისას საკუთარი ტაქტიკური სქემის ერთგულები დავრჩებით. მინდორზე ის ფეხბურთელები გავლენ, რომლებიც კონკრეტულად ამ მატჩისთვის საუკეთესოდ იქნებიან მზად. ცხადია, წინა შეხვედრებისგან განსხვავებით გარკვეული ცვლილებები მოხდება. ზოგიერთ ფეხბურთელს დასვენება ესაჭიროება და მათ სულის მოთქმის საშუალებას აუცილებლად მივცემთ. დანამდვილებით შემიძლია მოგახსენოთ, რომ რიკარდო მონტოლივო ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. დისკვალიფიცირებულია ფილიპ მექსე. ამასთან, მას მუხლი სტკივა. დიდი ალბათობით სასტარტო შემადგენლობაში ჯამერ მესბა იქნება. ალჟირელი მცველი ახალგაზრდულ გუნდში გამოვცადე და მან ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. გამორიცხულია ალეშანდრუ პატოს თამაში. ტრავმის შემდეგ მან რეაბილიტაცია ბოლომდე არ გაიარა და არ მგონია, სერია A-ს მომდევნო ტურშიც მოახერხოს ასპარეზობა. რაც შეეხება ალ შაარავის, იგი სათადარიგოთა სამზე იქნება და შესაძლოა, მეორე ტაიმიდან ჩაერთოს საქმეში.
- უკვე გაარკვიეთ, რომელი ფეხბურთელები დატოვებენ “მილანს” ამ ზამთარს?
- ეს საკითხი საბოლოოდ მოგვიანებით გაირკვევა. კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად დავსხდებით და ყველაფერს სკურპულოზური მოთათბირების შემდეგ გადავწყვეტთ. დღეს კი მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ 2-3 ფეხბურთელი “როსონერის” რიგებს დატოვებს. ბევრი მოთამაშე გვყავს და რადგანაც სატრანსფერო ბაზრის გახსნის შემდეგ ახალი ფეხბურთელების აყვანას ვაპირებთ, ზოგიერთ ამჟამინდელ წევრთან განშორება მოგვიწევს.
- მნიშვნელოვანი მატჩების წინ “მილანის” ერთ-ერთ ვარჯიშს სილვიო ბერლუსკონი ესწრება ხოლმე. ამჯერად ეს ტრადიცია ხომ არ დარღვეულა?
- ყოფილი პრემიერ მინისტრი ოთხშაბათს აპირებს ფეხბურთელებთან შეხვედრას. ბოლო დროს სინიორ სილვიო უფრო მეტ დროს გვითმობს, რაც მოთამაშეთა გუნება-განწყობაზე დადებითად მოქმედებს.
- ბოლო პერიოდში გუნდის მიკროკლიმატი სასიკეთოდ შეიცვალა?
- ამ მხრივ ადრეც კარგი სიტუაცია იყო. “მილანი” შეკრული და მეგობრული კოლექტივია. სამომავლოდაც ასე დარჩება.
- უკანასკნელ მატჩებში კაპიტნის სამკლავურის ტარება რიკარდო მონტოლივოს მიანდეთ...
- რიკარდო ჩვენთან გასულ ზაფხულა მოვიდა და პირველივე დღეებიდან დაიმსახურა თანაგუნდელთა პატივისცემა. იგი მართლაც კარგი ფეხბურთელი და ადამიანია, ამიტომაც კაპიტნობა მივანდეთ. მონტოლივო 27 წლისაა და დარწმუნებული ვარ, კიდევ მოუმატებს. ვფიქრობ, რიკარდო დიდი ხნის განმავლობაში იქნება “როსონერის” ერთ-ერთი ლიდერი.
გოჩა კაჭარავა