იტალიური “მილანის” მთავარმა მწვრთნელმა სერია A-ს განვლილ მატჩში საკუთარ მოედანზე “ფიორენტინასთან” 0:2 განცდილი მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ გუნდში მუშაობის სამი წლის თავზე, მათ ურთულესი პერიოდი უდგათ.
სიტუაციის გამოსასწორებლად სპეციალისტი რადიკალური ზომების მიღებას აპირებს და უკვე დღეიდან მილანელები შეკრებაზე გადადიან.
“მილანში” სამი წელია ვმუშაობ და დღეს ყველაზე რთული პერიოდი გვიდგას. კლუბის, მათ შორის მწვრთნელებისა და ფეხბურთელების გადაწყვეტილებით, ახლა ჩვენ ყველანი ერთად შევიკრიბებით, რათა გამოსავალი ვიპოვოთ. ერთად ყოფნა “ბარსელონასა” და “კიევოსთან” გასამართი თამაშებისთვის ფსიქოლოგიურად მომზადებაში დაგვეხმარება.
“ფიორენტინასთან” გამართული მატჩის უკანასკნელი 30 წუთი საშინლად ჩავატარეთ. აუცილებელია, რომ ფორმა დავიბრუნოთ და იმის განმეორება, რაც ახლა ხდება, აღარ დავუშვათ. უნდა ვიმუშაოთ და ვნახოთ რა არ გამოგვდის, რა უნდა შევცვალოთ და სწორედ ამიტომ, დღესდღეობით “კიევოსთან” მატჩი უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, ვიდრე “ბარსელონასთან” მომავალი დაპირისპირება” - განაცხადა ალეგრიმ Sky Sport Italia-სთან საუბარში.
“მილანი” 6 ნოემბრეს “ბარსელონას” “კამპ ნოუზე” ეთამაშება, ხოლო “კიევოს” სერია A-ს ეგიდით 10 ნოემბერს ეწვევა.