ჩინეთში ჩატარებულ იტალიის სუპერთასის მატჩში, “მილანმა” “ინტერი” ზედიზედ მესამედ დაამარცხა და საპატიო ტიტული მფლობელი შეიქნა. პეკინში გამართულ შეხვედრამდე, “მილანსა” და “ინტერს” იტალიის სუპერთასი ხუთ-ხუთჯერ ჰქონდათ მოგებული, ახლა კი, 6 ტიტულით, “მილანი” პირველ ადგილს ერთპიროვნულად იკავებს. პრინციპული მეტოქის ძლევის შემდეგ, იტალიელი ჟურნალისტები “როსონერის” თავკაცს მასიმილიანო ალეგრის დაუკავშირდნენ და მატჩისშემდგომი განწყობის გამოხატვის გარდა, წინასასეზონო მზადყოფნასა და გეგმებზეც ჰკითხეს.
- გილოცავთ სეზონის პირველი ტიტულის მოპოვებას. იტალიის სუპერთასზე გამარჯვება და “ინტერის” ძლევა თქვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნო უნდა იყოს...
- მადლობა მოლოცვისთვის. თამაში არადამაჯერებლად დავიწყეთ. ამის უმთავრესი მიზეზი კი, “ინტერი” გახლდათ. “ნერაძური” მჭიდროდ გვეთამაშებოდა და ბურთის კონტროლის საშუალებას არ გვაძლევდა. უესლი სნეიდერის გოლმა გარკვეულწილად გამოგვაფხიზლა. მოვუმატეთ და ერთ-ერთ ეპიზოდში ბურთი ძელს გავარტყით. ამის შემდეგ გადამწყვეტი უპირატესობა მოვიპოვეთ და მატჩის მიწურულს “ინტერს” “გონს მოსვლის” უფლება არ მივეცით. მთლიანობაში ცუდად არ გვიასპარეზია და ვფიქრობ, მოგება დავიმსახურეთ. თუ დააკვირდით, მეორე ტაიმში პრესინგს მივმართეთ და მოტივირებულები გამოვიყურებოდით. თუკი ამგვარი კოლექტიური თამაში “მილანმა” მთელი სეზონის განმავლობაში აჩვენა, დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.
- ჩინურ კლიმატთან გაშინაურება მოასწარით? ტენიან ამინდში ბიჭებს თამაში ხომ არ გაუჭირდათ?
- ორივე გუნდი ერთნაირ პირობებში იყო, ამიტომაც ჩვენი მხრიდან წუწუნი გაუმართლებელია. ისე კი, ჩინეთის კლიმატი ძნელად ასატანი სულაც არაა. მაისის შემდეგ პირველი სერიოზული მატჩი ჩავატარეთ, ტიტული მოვიგეთ, ამასთან, ფეხბურთელების ფსიქოლოგიური მომზადებით კმაყოფილი დავრჩი. ფიზიკურ კონდიციებს რაც შეეხება, შუძლებელია ამ ეტაპზე მოთამაშეებს ისეთივე ფორმა მოთხოვო, როგორსაც ისინი დაახლოებით ნოემბრისთვის მიაღწევენ. სწორედ მაშინ გახურდება სერია A-ს და საჩემპიონთალიგო ბატალიები.
- რა შთაბეჭდილება შეგექმნათ სასუპერთასო მოწინააღმდეგეზე? გასულ სეზონთან შედარებით “ინტერის” თამაში უკეთესობისკენ შეიცვალა?
- ჩვენთან ერთად “ინტერს” სკუდეტოსთვის ბრძოლის უმთავრეს კანდიდატად ვთვლი. უკვე თვეა, რაც “ნერაძურის” ახალი დამრიგებელი ჰყავს. გუნდმა ამხანაგურ მატჩებში საინტერესო ფეხბურთი აჩვენა. ვფიქრობ, ჯანპიერო გასპერინის მეთაურობით “ინტერი” სწორ გზაზეა. მისგან დაძაბულ და ღირსეულ ოპონირებას ველით.
- სუპერთასის წინ დახურული ვარჯიში ჩაატარეთ, ამის მიუხედავად, ერთ-ერთი ჟურნალისტი “მილანის” წვრთნას მაინც დაესწრო. ან ფაქტის გაპროტესტება არ გიცდიათ?
- არა. თუკი რომელიმე თქვენმა კოლეგამ ჩვენი ვარჯიში ნახა, ჩათვალოს, რომ ბედმა გაუღიმა და საინტერესო სამუშაო პროცესი იხილა. პრინციპში, დასამალი არაფერი გვაქვს და არც რაიმე დაგვკლებია ვარჯიშზე ჟურნალისტის არალეგალური დასწრებით.
- იტალიის სუპერთასი ადრე ხომ არ ტარდება? უმჯობესი არაა, პრიზის მფლობელი იმ დროს გაირკვეს, როცა გუნდები უკეთეს ფორმაში შევლენ?
- ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა. ისე კი, რასაკვირველია, სეზონის შუაგულში “მილანის” სათამაშო მდგომარეობა და ფიზიკური კონდიცია უფრო მაღალ დონეზე იქნება.
- საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, რომ ტიტულის დაცვა მის მოპოვებაზე უფრო რთულია. სკუდეტოს მფლობელის რანგში ბიჭები ფსიქოლოგიურ ზეწოლას გრძნობენ?
- არა, რადგანაც “მილანი” უდიდესი ისტორიისა და ტრადიციის კლუბია და მისი ფეხბურთელებისთვის მოწინავე პოზიციაზე ყოფნა უჩვეულო არაა. “სკუდეტოს სიმძიმე” სასიამოვნო და დამსახურებულია. მზად ვართ საჩემპიონო წოდების დასაცავად.
- თქვენი ნება რომ იყოს, “ინტერიდან” “მილანში” რომელ მოთამაშეებს გადაიყვანდით?
- ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გიპასუხებთ – ვესლი სნეიდერსა და სამუელ ეტოოს. ისინი მსოფლიო დონის მოთამაშეები არიან და ნებისმიერი მატჩის ბედის გადაწყვეტა ხელეწიფებათ.
- “მილანის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი ირწმუნება, რომ “როსონერის” ევროპაში კონკურენტუნარიან გუნდად კვლავ გახდომა ძალიან გაუჭირდება...
- სინიორ გალიანის ამ თვალსაზრისს ვერ დავეთანხმები. გასულ ჩემპიონთა ლიგაში მინიმუმ მეოთხედფინალამდე გასვლა შეგვეძლო, მაგრამ მერვედფინალში მოულოდნელად “ტოტენჰემთან” დავმარცხდით. საერთაშორისო არენაზე ამგვარი ჩავარდნა არ გვეპატიება. დიდი მნიშვნელობა აქვს კენჭისყრასაც.
- სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა...
- 31 აგვისტომდე ახალი ფეხბურთელების აყვანა შეგვიძლია, მაგრამ ჩვენი გუნდი კარგადაა დაკომპლექტებული და ახალი ტრანსფერების განხორციელების აუცილებლობას ვერ ვხედავ.
გოჩა კაჭარავა