ინტერვიუები

15:04 | 3.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

მასიმილიანო ალეგრი: “მილანი-ბარსელონას“ წყვილში გამარჯვებული ფინალში გავა”

კატალონიის დედაქალაქში დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური წყვილების ყველაზე საინტერესო შეხვედრა ჩატარდება. “სან სიროზე” ჩატარებული პირველი ორთაბრძოლის 0:0 დასრულების შემდეგ, ტურნირის მოქმედი გამარჯვებულის შანსი გაიზარდა, თუმცა, “მილანის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ირწმუნება, რომ მის გუნდს 2 შეხვედრის ჯამში პეპ გვარდიოლას დამარცხების შესაძლებლობა აქვს.

 
- “ბარსელონასთან” განმეორებითი მეოთხედფინალური ასპარეზობის წინ “მილანში” როგორი განწყობა და მდგომარეობაა?
- განწყობა საბრძოლოა, სხვაგვარად წარმოუდგენელია. ჩვენც და “ბარსელონაც” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლის ზღვარზე ვდგავართ და ცხადია, ორივეს გადამწყვეტი ნაბიჯის წარმატებით გადადგმა გვწადია. მდგომარეობას რაც შეეხება, დავიწყებ პატუთი. ბოლო თვის განმავლობაში მან პირველად ივარჯიშა გუნდთან ერთად. ვერ გეტყვით, მოახერხებს თუ არა იგი “კამპ ნოუს” მინდორზე გასვლას. ყველაფერი მატჩის დღეს გადაწყდება. თუკი ალეშანდრუმ ითამაშა, ეს ჩვენთვის დიდი პლუსი იქნება, რადგანაც ბრაზილიელი “მილანისთვის” მეტად მნიშვნელოვანი მოთამაშეა. კარს აბიატი დაიცავს, რომელსაც მცირე სახის დაზიანება აქვს, მაგრამ საგანგაშო არაფერია. ყველაზე ცუდი ისაა, რომ მომზადებისთვის ცოტა დრო გვქონდა. პრაქტიკულად ყოველ მესამე დღეს თამაში გვიწევს და ტაქტიკური მეცადინეობების ჩასატარებლად დრო თითქმის არ გვრჩება. თუმცა, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში კატალონელებს უკვე სამჯერ ვეთამაშეთ და მოწინააღმდეგეს კარგად ვიცნობთ. დაძაბული ორთაბრძოლა გვექნება და დარწმუნებული ვარ, საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე არ მივა. აქედან გამომდინარე, მინიმუმ ერთი ბურთი მაინც უნდა გავიტანოთ. ამისათვის, სრული მობილიზებითა და მონდომებით ასპარეზობა გვმართებს.
- “ბარსელონას” ფეხბურთელთაგან ყველაზე მეტად მესის უფრთხით და ძირითად აქცენტს მის განეიტრალებაზე გააკეთებთ?
- “ბარსელონას” პირისპირ ისე უნდა ითამაშო, არც კი მიაქციო ყურადღება, არის თუ არა მის რიგებში ლეო მესი. არგენტინელი ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ კატალონელები მის გარეშეც ბრწყინვალედ გამოიყურებიან. ხიფათი პეპ გვარდიოლას გუნდის ნებისმიერი წევრისგან შეიძლება წამოვიდეს. თუნდაც ჩავი ავიღოთ. იგი შეუდარებელი ტაქტიკოსი და ტექნიკოსია. 
- გულახდილად გვიპასუხეთ, რა სანახევარფინალო შანსი აქვს “მილანს”?
- როდესაც ერთმანეთის პირისპირ “მილანი” და “ბარსელონა” წარსდგებიან, მოგებული ყოველთვის გულშემტკივარი რჩება, რომელიც დაძაბული და რაც მთავარია, თვალწარმტაცი ორთაბრძოლის მომსწრეა. ნამდვილად არ მსურს იმაზე ლაპარაკი, რომელ გუნდს რამდენი პროცენტი აქვს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად. ერთი რამ კი შემიძლია დანამდვილებით გითხრათ – ჩვენ წყვილში მოგებული ფინალში აუცილებლად გავა. გასულ შაბათს “ბარსელონასა” და “ბილბაოს” მატჩს ყურადღებით დავაკვირდი. გვარდიოლას გუნდმა ტრადიციულად შთამბეჭდავად იასპარეზა. ჩვენ კი “ბარსას” დასამარცხებლად უკეთ თამაში გვმართებს, ვიდრე ეს “სან სიროზე” შევძელით. საკუთარ მინდორზე შეტევის დასკვნით სტადიაზე შეცდომებს ვუშვებდით. მატჩის საწყის მონაკვეთში გოლი უნდა გაგვეტანა. ყოველმხრივ შევეცდებით, “კამპ ნოუზე” არცერთი შანსი ხელიდან არ გავუშვათ. 
- სერია A-ს ბოლო ტურში მნიშვნელოვანი 2 ქულა დაკარგეთ, რითაც კარგად ისარგებლა თქვენმა მდევარმა, ტურინის “იუვენტუსმა”...
- ახლა “კატანიასთან” წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში დაშვებულ შეცდომებსა და დაკარგულ ქულებზე ფიქრის დრო არაა. “ბარსელონასთან” მინდორზე საბრძოლველად გავალთ და ნახევარფინალში გასვლისთვის ძალ-ღონეს არ დავიშურებთ. ამჟამად სხვა საფიქრალი და საზრუნავი არ გვაქვს. ამასწინათ “მილანის” პრესიდენტს - სილვიო ბერლუსკონის შევხვდი და ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. სინიორ სილვიოსთან პირისპირ შეხვედრამ კიდევ უფრო მეტის მიღწევის იმედი ჩამისახა. 
 
მოამზადა გოჩა კაჭარავამ
 
0.118351