მილანურ დერბიში “ინტერთან” დამარცხება “მილანის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ შეხვედრის არბიტრს დააბრალა და მატჩისშემდგომი ინტერვიუს დროს გუნდის ქომაგებს მოთმინებისკენაც მოუწოდა.
- რა კომენტარს გააკეთებთ მორიგი “მადონინას” შემდეგ?
- მსაჯის მიერ დაშვებულ შეცდომებზე კომენტარს არასდროს ვაკეთებ, მაგრამ ამჯერად საკუთარ პრინციპს ვუღალატებ და პაოლო ვალერის დაბალ კვალიფიკაციაზე გავამახვილებ ყურადღებას. არბიტრმა მატჩის საბოლოო შედეგზე ზეგავლენა მოახდინა. ვალერიმ რამდენიმე ეპიზოდში უზუსტოდ იმსაჯა. პირველი ტაიმი მან დროზე ადრე დაასრულა. ემანუელსონზე “ბოლო იმედის” ჯარიმა ვერ შეამჩნია. თავისუფლად შეიძლება პენალტის დანიშვნა იმ ეპიზოდში, როდესაც “ინტერის” საჯარიმო მოედანზე რობინიო მოქმედებდა. ვალერის ნაგამოტო უნდა გაეძევებინა – იგი მეორე ყვითელ ბარათს იმსახურებდა. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მსაჯი მიზანმიმართულად ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებდა, მაგრამ ისიც ხომ აშკარაა, მისმა არასწორმა გადაწყვეტილებებმა რომ გვაზარალა. სამწუხაროდ, ვერაფერს შევცვლით.
- საკუთარი გუნდის თამაშზე რას გვეტყვით?
- რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ამ მხრივ უკმაყოფილების საბაბი არ მაქვს. წაგების მიუხედავად “მილანი” და ჩვენი ცალკეული ფეხბურთელები ურიგოდ არ გამოიყურებოდნენ. საკმარისზე მეტი საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ სამწუხაროდ სათანადოდ ვერც ერთის რეალიზება ვერ მოვახერხეთ. “მადონინას” წაგება სამწუხაროა, თუმცა, სეზონი ჯერ არ დასრულებულა, პირიქით, სტარტი ახალი აღებული აქვს და ყველა ზომას ვიხმართ საიმისოდ, რათა თამაშიც გავაუმჯობესოთ, ქულათა მარაგიც გავზარდოთ და სატურნირო ცხრილში ზემოთკენ ვიწყოთ სვლა.
- “მილანზე” უფრო მეტად უარყოფითად გუნდიდან “სენატორების” წასვლამ იმოქმედა თუ ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და ტიაგო სილვას გაყიდვამ?
- ძველ გვარდიასთან გამომშვიდობება ძალიან მტკივნეული პროცესი გამოდგა. ჯერ ერთი, ერთდროულად რამდენიმე “სენატორმა” დაგვტოვა, რომელთაც “როსონერისთვის” ბევრი აქვთ გაკეთებული.
- უახლოეს პერიოდში “მილანს” უპირველესად რა სირთულეების გადაჭრა მოუწევს?
- ახალმა ფეხბურტელებმა გუნდთან ადაპტაცია შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა გაიარონ და “მილანის” საფეხბურთო ფილოსოფია გაითავისონ. Aმის შესრულება კი იოლი ამბავი არაა – “როსონერი” ხომ ტრიუმფებზე ორიენტირებული საფეხბურთო კლუბია. თუკი ახალწვეულებმა ეს არ შეიგნეს, არაფერი გამოგვივა.
- სეზონის წინ ტიფოზებს მოთმინებისკენ მოუწოდეთ, აქაოდა, “მილანს” ძველებური დიდების დასაბრუნებლად დრო დასჭირდებაო...
- ეს დრო თანდათან უკვე დგება. მალე “მილანი” მისთვის შეაფერისი შედეგის ჩვენებას დაიწყებს. საამისო მაგალითად სანკტ პეტერბურგში მოპოვებული მოგებაც შეგვიძლია მოვიტანოთ.
გოჩა კაჭარავა