ფეხბურთი

20:54 | 4.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

აშკარა დაუნიშნავი... პენალტი!

მარტვილელი გულშემატკივრები კვლავ შფოთავენ

“მერანის” გულშემატკივრები, რომლებსაც “მცხეთა პარკზე” მასპინძელთა ქომაგებთან შედარებით დიდი უპირატესობა ჰქონდათ, მატჩის შემდეგ ძალიან აღშფოთებული იყვნენ. ძნელი გამოსაცნობი არაა, რომ ისინი მატჩის მთავარ მსაჯზე იყვნენ გაბრაზებულნი. მათი აზრით, არსენ ნონიკაშვილმა “სუფთა” პენალტი არ დანიშნა და მარტვილელებიც უქულოდ ამიტომ დარჩნენ. საერთოდაც, ნონიკაშვილსა და გვერდით მსაჯს ზაალ ბერულავას ლანძღვა-გინება არც შეხვედრის მსვლელობისას და არც მის შემდეგ დაკლებიათ. “მერანის” ერთი გულშემატკივარი სტადიონზე შეჭრასაც შეეეცადა, მაგრამ მისი ქმედება სტადიონის დაცვის ერთადერთმა წევრმა პოლიციელის დახმარებით აღკვეთა.

თამაში სწრაფ ტემპში დაიწყო და ბოლომდე ასე წარიმართა. დებიუტშივე ნიკა მაისურაძემ მოედნის ცენტრიდან კარგი პასით მეტოქის საჯარიმოში გიორგი კორიფაძე მოძებნა, რომელსაც ბურთის დამუშავება და კარში დარტყმა შეეძლო, მაგრამ პარტნიორის მისამართით გაკეთებული არაზუსტი პასით სახიფათო შეტევა ჩაშალა.

ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში, მარტვილელმა მცველმა ბურთი თავის ნახევარზე დაკარგა და ელგუჯა ლობჯანიძემ საჯარიმოს ფარგლებს გარედან არაზუსტად დაარტყა. ამის მერე, თბილისელთა კონტრშეტევის დროს, კორიფაძე “მერანის” საჯარიმოში ერთ მცველს გაცდა და “ჭვინტით” მიზანს ააცილა.

“მერანის” გულშემატკივრები პირველად მე-12 წუთზე გაცხარდნენ. ლევან გეგეჭკორის მიერ მარჯვნიდან მოწინააღმდეგის საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი გიორგი მჭედლიშვილმა მოიგერია და მარტვილელებმა ჩათვალეს, რომ მასპინძელთა მარცხენა მცველმა ხელით ითამაშა, მაგრამ არბიტრმა მათ პროტესტს ყური არ ათხოვა. მალევე, წინ გამოსულმა ჯონი შეროზიამ დავით ციცხვაიასთან ორთაბრძოლის დროს ბურთი ცუდად მოიგერია და კიჭი მელიავამ ერთი შეხებით ცარიელი კარი ვერ აიღო.

ტაიმის შუაწელში ლობჯანიძემ “მერანის” საჯარიმოში ბურთი კარგად მიიღო, შემოტრიალებისას ერთი მცველი ჩამოიტოვა და მის დარტყმულს ჯემალ გაბუნია გადაეფარა, “გადმოვარდნილი” ბურთი ნიკა სიჭინავამ თავით ისევ კარისკენ გაგზავნა, ხოლო ზურაბ მამალაძემ საიმედოდ ითამაშა. ამის მერე, ლობჯანიძემ სამწუთიან ინტერვალში მარტვილელთა კარს თავით არაზუსტად ორჯერ შეუტია: ჯერ მარცხნიდან მჭედლიშვილის გადაცემას გამოეხმაურა, ხოლო შემდეგ მარჯვნიდან - კორიფაძისას.

39-ე წუთზე, მარჯვნიდან მელიავამ ჩამოაწოდა ბურთი “ვიტ ჯორჯიას” საჯარიმოში და ლაშა კუჭუხიძემ თავით კარგი პოზიციიდან ვერ გაიტანა. ტაიმის მიწურულს, კორიფაძის პასის შემდეგ, ნიკა სიჭინავამ ბურთი მიიღო, ერთი ცრუ მოძრაობით ორი მცველი ჩამოიცილა და საჯარიმოში შესულმა “ცაციათი” ანგარიშის გახსნის რეალური შანსი გაანიავა.

მეორე ტაიმი დიდი ხნის დაწყებული არ იყო, რომ ვლადიმერ ჯოჯუამ თავის საჯარიმოში ნიკა მაისურაძე წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც კორიფაძემ ვერ გამოიყენა –მარჯვენა კუთხეში დარტყმული ბურთი მამალაძემ ნახტომში მოიგერია.

66-ე წუთზე, ალექსი ბენაშვილმა დიაგონალური გადაცემით მარჯვენა ფრთაზე გეგეჭკორი მონახა, რომელიც ერთ მცველს გაექცა და დაარტყა, თუმცა ჯონი შეროზიამ ახლო კუთხეში წასული ბურთი მოიგერია.

70-ე წუთზე, მარცხნიდან ირაკლი ღიბრაძემ კუთხური ჩამოაწოდა და გიორგი კალანდიამ თავით ლამაზი გოლი გაიტანა – 1:0.

75-ე წუთზე, “მერანის” საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა მჭედლიშვილმა სიჭინავა მოძებნა, რომლის დარტყმის შემდეგ, კარისკენ წასული ბურთი გელა ხუბუამ მოიგერია.

საპასუხო შეტევაში ალექსი ბენაშვილი მოწინააღმდეგის საჯარიმოში მარცხნიდან აწვდიდა, ლევან საბაძემ კი ბურთი აშკარად ხელით შეაჩერა, რის შედეგადაც “მერანის” შეტევა ჩაშალა, მაგრამ ნონიკაშვილმა თერთმეტმეტრიანი არ დადო. ადვილი წარმოსადგენია, მარტვილელი ქომაგების როგორი რისხვა დაატყდა მას.

82-ე წუთზე, “ვიტ ჯორჯიას” კონტრშეტევის დროს, ლობჯანიძემ ბურთი მაისურაძესთან კარგად გაითამაშა და კარში დაარტყა – მამალაძემ ხიფათი გააუვნებელყო. ორ წუთში, “მერანის” აფრიკელმა ლეგიონერმა ჩუკვურანმა თბილისელთა საჯარიმოში პასი პაპუნა ფონიავას მისცა, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან კარში არ დაარტყა და ბურთი უმისამართოდ გაგზავნა.

88-ე წუთზე, კორიფაძემ სტუმართა მეკარეს სიჭინავა შეატოვა, რომელმაც მამალაძეს გვერდი კი აუარა, თუმცა მარჯვენა მახვილი კუთხიდან სუსტად დაარტყა და ანგარიშის გაზრდის შანსი გაუშვა. 90-ე წუთზე, მათე კვირკვია “მერანის” მეკარესთან მარტო რჩებოდა, მაგრამ ჩუკვურანი, რომელიც საკმაოდ შორს იმყოფებოდა, დაეწია და ბურთი აართვა.

ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე, “მერანის” მასიური იერიშის დროს, საჯარიმოში ჩაკიდებული ბურთი “ვიტ ჯორჯიას” კართან ახლოს მდგომ ჯემალ გაბუნიას მიუვიდა, რომლის დარტყმის მერე, მასპინძლები გოლის გაშვებისგან გვერდითმა ძელმა “იხსნა”.

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – მერანი (მარტვილი) 1:0 (0:0)

4 აპრილი. მცხეთა. “მცხეთა პარკი”.

ვიტ ჯორჯია: შეროზია, საბაძე, გეთიაშვილი (კ), კალანდია, გიორგი მჭედლიშვილი, წყაროზია (ღიბრაძე, 58), დავლაშელიძე, მაისურაძე, სიჭინავა (ხვისტანი, 89), ლობჯანიძე (კვირკვია, 83), კორიფაძე.

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე.

მერანი: მამალაძე, მელიავა, იობაშვილი, გაბუნია, ხუბუა (ჩხეტიანი, 80), ჯოჯუა, ფონიავა, გეგეჭკორი, კუჭუხიძე, ბაბუნაშვილი (კ) (ბენაშვილი, 56), ციცხვაია (ჩუკვურანი, 68).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ იონანიძე.

გოლი: 1:0 კალანდია (69).

52-ე წუთზე გიორგი კორიფაძემ პენალტი ვერ გამოიყენა.

გაფრთხილება: ხუბუა (25), ლობჯანიძე (41), დავლაშელიძე (45+1), ღიბრაძე (61).

მთავარი მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი.

 

სიონი (ბოლნისი) – მეტალურგი (რუსთავი) 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ლობჟანიძე (43), 2:0 კილასონია (58, საკუთარ კარში) 

 

ჩიხურა (საჩხერე) – დინამო (თბილისი) 1:1 (0:0)

გოლი: 1:0 ჯიღაური (52), 1:1 მარცვალაძე (77)

 

ზესტაფონი – გურია (ლანჩხუთი)

5 აპრილი. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე.” 18:00

დისკვალიფიცირებულები: ზაზა ჭელიძე (“ზესტაფონი”); ჩუენსუ არნაუ, ალექსანდრე შენგელია, ნიკა კილაზე

მიმდინარე სეზონში: 1:0, 1:0

 

1.           დინამო (თბ)                           25                17             4                4                56:18              55            
2. ზესტაფონი 24 13 4 7 32:16 43
3. სიონი  24 11 6 7 31:24 39
4. ჩიხურა   25 11 6 8 42:38 39
5. მეტალურგი 25 10 6 9 28:29 36
6. გურია  23 11 0 12 25:32 33

 

ტორპედო (ქუთაისი) – დილა (გორი) 0:4 (0:3)

გოლები: ბერიაშვილი (7), 0:2 რაზმაძე (19, პენ), 0:3 შალამბერიძე (30), 0:4 ბერიაშვილი (87) 

გაძევება: თოდუა (17) 

 

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – მერანი (მარტვილი) 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 კალანდია (69) 

 

სპარტაკი (ცხინვალი) – ზუგდიდი

5 აპრილი. თბილისი. “მიხეილ მესხი.” სათადარიგო მინდორი. 16:00

მიმდინარე სეზონში: 1:1, 2:0

 

1.            დილა                                 25            9               8               8               34:26            35            
2. ვიტ ჯორჯია  25 10 5 10 32:32 35
3. ტორპედო     25 9 5 11 25:36 32
4. სპარტაკი  24 7 3 14 21:32 24
5. ზუგდიდი   24 6 5 13 14:32 23
6. მერანი  25 5 4 16 18:43 19

 

მეგოლეები:

14 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)

13 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

9 – დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)

8 - ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)

7 - ვილი ისიანი (“გურია”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”)

6 – თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), ელგუჯა ლობჯანიძე, გიორგი კორიფაძე, გიორგი გაბედავა (“ვიტ ჯორჯია”)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.221304