“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო მოხარულია იმ ფაქტით, რომ მისი გუნდის კაპიტანი კარლეს პუიოლი მოედანზე დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა.
“კარლეს პუიოლის დაბრუნება ნიშნავს, რომ ყველა ცენტრალური მცველი მწყობრში გვყავს. ეს ძალიან მახარებს. ის თითქმის გამოჯანმრთელდა. კარლესს მომდევნო ტურის წინ სრული დატვირთვით ვარჯიში შეუძლია.” – აცხადებს ხერარდო მარტინო.
“სევილიასთან” გასამართი მატჩის წინ, “ბარსას” თავკაცმა კიდევ რამდენიმე საკითხზე ისაუბრა. მან პედროს განაცხადს მიღმა დარჩენის მიზეზი ახსნა და უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კატალონიელებმა არგენტინის ფეხბურთის ფედერაციას ლიონელ მესის ნაკრებიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართეს.
“პედრო მწყობრშია, მაგრამ ის ჩვენ ჯანმრთელი მომდევნო 9-10 თვის განმავლობაში გვჭირდება.”
“არგენტინის ფეხბურთის ფედერაციისთვის მესის არგამოძახება არ გვითხოვია. მსგავს რამეს არასდროს გავაკეთებ, რადგან ნაკრების მწვრთნელი თავად ვიყავი. ლიონელი მნიშვნელოვანი ფიგურაა როგორც “ბარსელონასთვის”, ასევე არგენტინისთვის.”