„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო ესპანეთის თასის ფინალით იმედგაცრუებულია. კატალონიელებმა მადრიდის „რეალთან“ 1:2 წააგეს და სეზონის უტიტულოდ ჩამთავრების სერიოზული საფრთხის წინაშე დგანან. სპეციალისტის მიერ ესპანური გამოცემებისთვის გაკეთებული კომენტარის თანახმად, ახლა მთავარი ამოცანა საჩემპიონო ბრძოლაში სრული მობილიზებაა.
„თასი ვერ მოვიგეთ, გულშემატკივრებს იმედები გავუცრუეთ და ცხადია, ძალიან გულდაწყვეტილები ვართ. ორი შეცდომა დავუშვით და ორი გოლი მივიღეთ. ისღა დაგვრჩენია, მთელი ყურადღება ჩემპიონატზე გადავიტანოთ და ჩვენს თავში მოვძებნოთ ძალა, რათა ოქროს მედლისთვის ვიბრძოლოთ“ - ციტირებს AS ხერარდო მარტინოს სიტყვებს.
„ბარსელონას“ თავკაცმა კლუბიდან მისი შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი. მარტინომ აღნიშნა, რომ თასის ფინალში განცდილი მარცხი ამ კონკრეტულ საკითხზე ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს.