იტალიელი მოდელი, მარტა ჩეკეტო, რომელიც მთელი 10 წელიწადი იტალიელი ფეხბურთელის, ლუკა ტონის საყვარელი იყო და ოფიციალურად ცნობილ ფორვარდზე მხოლოდ შარშანწინ იქორწინა, იტალიის მშვენიერი ქალაქის – ფლორენციის სილამაზით არის დატყვევებული და დიდი სიტკბოებით იხსენებს იმ დროს, როდესაც მისი ქმარი “იებში“ ირჯებოდა, თავად კი, ფლორენციის ძველ და ლამაზ ქუჩებში დააბიჯებდა.
მარტამ იტალიურ ჟურნალ “სინიორიტესთან“ ინტერვიუში აღიარა, რომ არა მხოლოდ იტალიაში, არამედ მთელს მსოფლიოშიც კი არ ყოფილა ისეთი ბედნიერი, როგორიც ფლორენციაში იყო და ძალიან სწყდება გული, რომ ლუკამ მისი სურვილი არ გაითვალისწინა და ტოსკანადან მიუნჰენის “ბაიერნში“ გადაბარგდა, სადაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება ნამდვილად ვერ დატოვა.
“ფლორენცია ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქალაქში მომავალში აუცილებლად დავბრუნდებით. ერთადერთი რაც ფლორენციაში არ მომწონს, ეს ზოგიერთი საკითხისადმი ქალაქის მესვეურთა გულგრილი დამოკიდებულებებია. მაგალითად, ხშირად სათანადოდ არ იწმინდება და სუფთავდება ქუჩები და ეს ბევრ ტურისტზე ცუდ შთაბეჭდილებას ახდენს. ფლორენციას იმდენი ფული ნამდვილად აქვს, რომ ასეთი ელემენტარული საკითხები ადვილად მოაგვარონ. მსგავს პრობლემებს გერმანიაში ვერსად შეხვდებით”, – ამბობს ფლორენციის ტრფიალი, ქალბატონი მარტა.