ინტერვიუები

10:10 | 12.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

მარსელო ვარ და არა რობერტო კარლოსი

მარსელო ვიეირა 4 წლის წინ “ფლუმინენსედან” გადავიდა მადრიდის “რეალში” და ბევრს ეჭვი ეპარებოდა მის შესაძლებლობებში. მიმდინარე სეზონში კი მარსელო ისე თამაშობს, რომ ყველა აღიარებს მის მნიშვნელოვან როლს “სამეფო გუნდში”. მას ყველა რობერტო კარლოსის მემკვიდრედ თვლის, მაგრამ თავად მარსელო აპირებს “რეალის” ისტორიაში განსაკუთრებული და რაც მთავარია, მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს.
- ადრე თქვით, რომ დაცვაში თამაში არ გიზიდავთ...
- ეს სიმართლეა, რადგან ბრაზილიაში “ფლუმინენსეში” ვთამაშობდი, იქ კი ფეხბურთი სხვანაირად ესმით. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, მოულოდნელად აღმოვჩნდი მადრიდის “რეალში”, თუმცა ეს ყველაფერი წარსულში დარჩა.
- ახლა თქვენ პოპულარული ხართ.
- ყველაფერი გამომდის, რასაც მინდორზე ვაკეთებ, და ეს ძალიან მახარებს. მე ჩავატარე ძალიან კარგი მატჩები, ლაპარაკი არ მაქვს მხოლოდ “მილანთან” ჩატარებულ შეხვედრაზე.
- რა შეიცვალა თქვენში ევროპაში გადმოსვლის შემდეგ?
- შეიძლება ითქვას ყველაფერი, გავხდი უფრო სერიოზული და უფრო აგრესიული.
- წინასასეზონო სამზადისისას ლოს-ანჯელესში თავს ცუდად გრძნობდით?
- თავიდან ვფიქრობდი, რომ ჟოზე მოურინიოს არ მოვწონდი. მიუხედავად ამისა, ვარჯიში გავაგრძელე და მწვრთნელის გული მოვიგე. დღეს მოურინიო ბოლომდე მენდობა.
- წარმოგიდგენიათ როდესმე, როგორი იქნება თქვენი მომავალი “რეალის” გარეშე?
- 3 წლის წინ კლუბმა მთხოვა “ვალიადოლიდში” წავსულიყავი, მაგრამ უარი ვუთხარი. მაშინ კლუბში ჯერ კიდევ თამაშობდა რობერტო კარლოსი, ასევე იყო მიგელ ტორესი. მე ვირწმუნე საკუთარი თავის, მჯეროდა , რომ შემეძლო მეთამაშა მსოფლიოში საუკეთესო კლუბში. აზრი არ შემიცვლია და დღესაც ასე ვფიქრობ.
- რობერტო კარლოსს რაც შეეხება, მისი აჩრდილი თან არ გდევთ?
- მარსელო ვარ და არა რობერტო კარლოსი. ის იყო და ალბათ იქნება საუკეთესო მარცხენა მცველი ფეხბურთის ისტორიაში. ვიცი,  რომ “სანტიაგო ბერნაბეუზე” ის ენატრებათ, მაგრამ რობერტო კარლოსის შეცვლას არ ვაპირებ. მსურს საკუთარი სახელი ჩავწერო “რეალის” ისტორიაში.
- რა მოგცათ მოურინიომ?
- მწვრთნელმა პირველ რიგში გუნდში ისეთი ატმოსფერო შექმნა, რომ თითოეული ფეხბურთელი თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში. მოურინიო მწვრთნელი-ჩემპიონია. პირველ რიგში კი, ისაა ადამიანი, რომელმაც ჩვენი გულების დაპყრობა მოახერხა. შეიძლება ეს ეპითეტი გადამეტებულია, მაგრამ თავს ერთ ოჯახად ვთვლით.
- რა განასხვავებს ჟოზე მოურინიოს სხვა მწვრთნელებისგან?
- ის განსაკუთრებული მწვრთნელია, გამარჯვებული, ჩემპიონი. ყველა მწვრთნელი დასაფასებელია, ცდილობენ ყველაფერი მოასწრონ და დაგეხმარონ. მოურინიო კი მოურინიოა - გამორჩეული ადამიანი.
- ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი ნაკრებში არ გიძახებთ.
- ამას ყურადღებას არ ვაქცევ, ბრაზილიის ეროვნული გუნდი ძალიან მიყვარს, მაგრამ ახლა მხოლოდ “რეალზე” ვფიქრობ. ესაა ერთადერთი, რაზეც ვნერვიულობ.

 

მოამზადა გეგა რევაზაშვილმა

 


0.117223