“რეალის” პორტუგალიელი მცველი, პეპე, ფეხბურთს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩამოშორდა, რაც მადრიდელთათვის დიდი დანაკლისია. ხუთშაბათს გამართულ ვარჯიშზე დაზიანება მიიღო რაულ ალბიოლმაც, რამაც დედაქალაქელები შოკში ჩააგდო, რადგან თუ ესპანელმაც ვერ ითამაშა დღეს “სარაგოსასთან”, მაშინ კლუბში ერთადერთი ნომინალური ცენტრალური მცველი, ეზეკიელ გარაი რჩება. კრისტოფ მეცელდერმა ვარჯიში ახლახან განაახლა, სერხიო რამოსი კი არასდროს უშვებს შანსს ხელიდან აღნიშნოს, რომ მას მარჯვენა ფლანგზე თამაში ურჩევნია. ალბიოლის ტრავმა იქცა მარსელოს მიერ მადრიდის ვალდებებასის ბაზაზე გამართული პრესკონფერენციის მთავარ თემად.
- თავს როგორ გრძნობთ? ცოტა ხნის წინ ტრავმა გქონდათ, რომლის გამოც ვარჯიშს და მარცხენა ფეხით დარტყმას ვერ ახერხებდით.
- არანაირი ტრავმა არ მქონია, უბრალოდ ფეხი ცოტათი მტკიოდა. ახლა ყველაფერი წესრიგშია, კვლავ შემიძლია მარცხენა ფეხით დარტყმა, თუმცა მაინც მარჯვენას ვამჯობინებ.
- პეპეს და ალბიოლის ტრავმების გამო, შესაძლოა, “სარაგოსასთან” შეხვედრაში დაცვის მარცხენა ფლანგზე მოგიწიათ თამაში...
- ჩემი მიზანია, ყოველ შეხვედრაში მივიღო მონაწილეობა. არ აქვს მნიშვნელობა დაცვის მარცხენა ფლანგზე ვითამაშებ, მარჯვენაზე, ნახევარდაცვაში, თუ თავდასხმაში – მთავარია “რეალში” ვთამაშობდე. თუ “სარაგოსასთან” მატჩში ფლანგზე მომიწევს თამაში, სიამოვნებით გამოვალ მოედანზე, რადგან ჩემი მშობლიური პოზიცია სწორედ ესაა.
- როგორ მიიღო ალბიოლმა ტრავმა? თქვენ ნახეთ ეს ეპიზოდი?
- არა, რადგან იმ დროს გუნდი ორ ჯგუფად იყო გაყოფილი, მე და ალბიოლი კი სხვადასხვა ჯგუფებში ვიყავით. როდესაც ალბიოლი დავინახე, იგი უკვე მოედანზე იწვა.
- რამდენად სერიოზული იქნება ეს დანაკარგი შაბათს გასამართ მატჩში?
- ჯერ კიდევ არაა ცნობილი, მოახერხებს თუ არა ალბიოლი თამაშს. იმედი გვაქვს, რომ მისი ტრავმა სერიოზული არ იქნება.
- ნახევარდაცვაში თამაშის დროს ორი თუ სამი გოლი გაიტანეთ. როდესაც დაცვის მარცხენა ფლანგზე თამაშობთ, თქვენი მისამართით კრიტიკა მატულობს. მიუხედავად ამისა, მაინც აცხადებთ, რომ მცველი ხართ...
- არ ვიცი, რა იქნება მომავალში, მაგრამ ამჟამად ნახევარდაცვაში ვთამაშობ იმიტომ, რომ მწვრთნელი მავალებს ამას. თუმცა, მე განაპირა მცველი ვარ.
- როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი ხომ არ იმოქმედებს მუნდიალზე თქვენი გამგზავრების შანსზე?
- არ მგონია ეს რაიმე პრობლემას ქმნიდეს. იმედი მაქვს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ბრაზილიის ნაკრების განაცხადში მოვხვდები. სწორედ ამისკენ მივისწრაფვი, თუმცა ვიცი, რომ მიზნის მისაღწევად ბევრი შრომაა საჭირო.
- “ბარსელონა” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში გავიდა. გონსალო იგუაინის განცხადებით, მას არ სურს, რომ კატალონიელებმა ეს ტურნირი მოიგონ. თქვენ რას ფიქრობთ?
- ყველას თავისი მოსაზრება გააჩნია. პირადად მე არ მსურს “ბარსელონას” თამაშის კომენტირება. მადრიდის “რეალზე” ვარ კონცენტრირებული და არ მაინტერესებს, მოიგებს თუ არა საკლუბო მუნდიალს “ბარსელონა”.
- არ დაიღალეთ იმით, რომ კატალონიელები ამდენ ტიტულს იგებენ?
- მათ ბევრი რამ მოიგეს, მაგრამ ჩვენც შევეცდებით რომელიმე ტიტულის მოპოვებას.
მიშა ზაქარეიშვილი