სტატიები

11:25 | 18.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

"მარსელიდან" "მარსელამდე"

გამოჩენილ ფრანგ ფეხბურთელს, დიდიე დეშამს 15 ოქტომბერს დაბადების დღე ჰქონდა - მას 42 წელი შეუსრულდა. დეშამმა, რომელმაც 1998 წელს მსოფლიოს, ხოლო 2000 წელს ევროპის ჩემპიონის თასი აღმართა, სახელი “მარსელში” თამაშით გაითქვა, ახლა კი, ამ გუნდის მთავარი მწვრთნელია.
დიდიე ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ჩამშლელი სტილის ნახევარმცველად სამართლიანად ითვლება. მას საყრდენი ნახევარმცველისთვის საჭირო ყველა თვისება ჰქონდა, იყო ხისტი, საუკეთესო ბურთის ართმევისას. “თავს ესხმის ყველაფერს, რაც მოძრაობს” - ასე ახასიათებდნენ დეშამს ფრანგი ჟურნალისტები. ერთხელ ერიკ კანტონამ მასზე ნახევრად ხუმრობით თქვა - ის მხოლოდ იმისთვისაა გაჩენილი, რომ მოწინააღმდეგეს ბურთი წაართვას და მერე ის უფრო ნიჭიერ ფეხბურთელს გადააწოდოსო.
დეშამს 40 მეტრის მანძილიდანაც შეეძლო იდეალური გადაცემის გაკეთება და მეტოქის ერთი-ერთზე წარმატებით მოტყუებაც, უბრალოდ, ართმევაზე თამაში მას უკეთ გამოსდიოდა. ის კარგად კითხულობდა თამაშს და მუდამ ასწრებდა თანაგუნდელების დაზღვევას, რომელთაც საკუთარ პოზიციაზე დაბრუნება უგვიანდებოდათ. საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში, რომელმაც საუკუნეთა მიჯნაზე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები მოიგო, დიდიე გუნდის კაპიტანი იყო და უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა და ეს იმ დროს, როდესაც მისი თანაგუნდელები ზიდანი, ბლანი, ტურამი და დესაი იყვნენ.
დეშამმა კაპიტნის სამკლავურით თითქმის მთელი კარიერა ითამაშა. ის იყო იმ “მარსელის” კაპიტანი, რომელმაც 1993 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო, არადა მაშინ დიდიე 25 წლისაც არ იყო. საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერი გუნდიდან, მან ტურინის “იუვენტუსს” მიაშურა, იქ ხუთი სეზონი გაატარა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. ამასთან, დეშამი იმ სამ საუკეთესო ლეგიონერს შორის დაასახელეს, რომელსაც ტურინელთა ღირსება მისი არსებობის ისტორიაში დაუცავთ. არადა, “ბებერი ქალბატონის” რიგებში სხვადასხვა დროს არაერთ ცნობილ ლეგიონერს უთამაშია. მარტო დეშამის თანამემამულეების დასახელებაც საკმარისი იქნება - პლატინი, ზიდანი, ტურამი, ტრეზეგე, ძებინა, ვიეირა, ანრი...
“მარსელში” და “იუვენტუსში” გატარებული წლები, დიდიესთვის საუკეთესო იყო. ტურინის შემდეგ მან მან თითო-თითო სეზონი “ჩელსისა” და “ვალენსიაში” გაატარა, მაგრამ ეს ის დეშამი აღარ იყო. სპორტული კარიერა ფრანგმა ნაადრევად დაასრულა, ის მხოლოდ 32 წლის იყო. იმ პერიოდისთვის დეშამს მსოფლიო ფეხბურთში არსებული ყველა ტიტული მოპოვებული ჰქონდა და როგორც ჩანს, ახალი მოტივაცია ვეღარ იპოვა.
შესაძლოა, ამ გადაწყვეტილების მიღებაში გარკვეული როლი იმანაც ითამაშა, რომ 32 წლის, სამწვრთნელო საქმიანობაში გამოუცდელ დეშამს, ფრანგული საზომით არცთუ მოკრძალებული “მონაკოს” გაწვრთნა შესთავაზეს. დიდიემ მალევე დაამტკიცა, რომ ტაქტიკური სქემის შემუშავება ბურთის ართმევაზე ნაკლებად არ ეხერხებოდა. 2004 წელს, ახალგაზრდა, გამოუცდელმა სპეციალისტმა, “მონაკო” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა და ეს უდიდესი სენსაცია იყო. გადამწყვეტ მომენტში ფრანგულ კლუბს ასევე სენსაციის შემოქმედმა - ჟოზე მოურინიოს “პორტუმ” აჯობა, მაგრამ ამით  დეშამის მიღწევა სულაც არ დაკნინებულა - ფინალისკენ მიმავალ გზაზე მისმა გუნდმა ხომ “რეალი” და “ჩელსი” შეაჩერა.
ამ წარმატებიდან ძალიან მალე, დეშამს კლუბის ხელმძღვანელობასთან სასელექციო საკითხებზე კონფლიქტი მოუვიდა და მან “მონაკო” დატოვა, მაგრამ ფრანგს სახელი უკვე განთქმული ჰქონდა და მალე, მისთვის თითქმის მშობლიური “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი გახდა, რომელიც ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებული სკანდალის გამო, იმხანად სერია B-ში გამოდიოდა. იტალიიის უძლიერთა რიგებში დაბრუნების ამოცანა, დიდიემ წარმატებით გადაჭრა, მაგრამ “ბებერი ქალბატონი” კვლავ ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო დატოვა. აღსანიშნავია, რომ ტურინში სამუშაოდ გადასვლამდე, მან რუსეთის ეროვნული ნაკრების და “მარსელის” გაწვრთნა იუარა.
“მიუხედავად შთამბეჭდავი შედეგისა, ძალიან რთული სეზონი მქონდა. მას შემდეგ, რაც სერია B-ში პირველობა ვადაზე ადრე გავინაღდეთ, არსებული სიტუაცია გავაანალიზე და გადადგომის გადაწყვეტილება მივიღე. ეს, რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, რომელთაგან ერთ-ერთი გუნდის შემდგომი მიზნების გაურკვევლობას ეხება. კლუბის ხელმძღვანელობაშიც დაძაბულობა შეინიშნება. მთავარი მწვრთნელი მსგავს დაძაბულობას არ უნდა გრძნობდნეს. წასვლა ამიტომ გადავწყვიტე” - თქვა დეშამმა “იუვენტუსიდან” გათავისუფლების შემდეგ.
ტურინიდან წასვლის შემდეგ, დიდიე გარკვეული პერიოდი უმუშევარი იყო. მან რამდენიმე მომგებიანი წინადადება უარყო, გასული სეზონის დასაწყისში კი, “მარსელი” ჩაიბარა და მას პირველივე წელს ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოაგებინა. აღსანიშნავია, რომ აქამდე მარსელელებმა ჩემპიონობა ბოლოს 1992 წელს მოიპოვეს და ის 1993 წელს ჩამოართვეს. გასულ ზაფხულს დეშამს შეეძლო, რაფაელ ბენიტესისგან “ლივერპული” გადაებარა, მაგრამ იძულებული გახდა უარი ეთქვა. “ვამაყობ იმით, რომ შეთავაზება “ლივერპულის” მსგავსი დიდი გუნდისგან მივიღე, თუმცა, წინადადება დაგვიანებული იყო, რადგან “მარსელთან” ერთად წინასასეზონო მზადება უკვე დაწყებული მქონდა” - თქვა დიდემ.
საფეხბურთო სამყაროში დეშამზე გაჩნდა აზრი, რომ ის მოწესრიგებული და პრინციპული სპეციალისტია, რომელზე დაყრდნობაც შეიძლება. ერთი ხანობა დეშამს საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე რაიმონ დომენეკის შემცვლელადაც მოიაზრებდნენ, მაგრამ მან “მარსელი” არ მიატოვა და “სამფეროვნები” ლორან ბლანმა ჩაიბარა. დეშამმა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა. თავად სიტუაცია, რომელიც საფრანგეთის ნაკრებში სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს ჩემპიონატზე სუფევდა, დეშამმა შემდეგი სიტყვებით შეაფასა - “ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია “სამფეროვანთა” მაისური. კარიერის განმავლობაში, მასთან ერთად ბევრი რამ გადამხდა. ამიტომ, რაც ახლა ხდება, გულდასაწყვეტია. მსოფლიოს ჩემპიონატს მთელი მსოფლიო უყურებს და ჩვენ თავი შევირცხვინეთ, მაგრამ არავის დადანაშაულება არ მსურს”.


დიდიე დეშამი
დაიბადა: 1968 წლის 15 ოქტომბერს ბაიონში, საფრანგეთი
საფეხბურთო კარიერა: “ნანტი”, საფრანგეთი (1985-1989); “მარსელი”, საფრანგეთი (1989-1990, 1991-1994); “ბორდო”, საფრანგეთი (1990-1991); “იუვენტუსი”, იტალია (1994-1999); “ჩელსი”, ინგლისი (1999-2000); “ვალენსია”, ესპანეთი (2000-2001);
მიღწევები: ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (1993, 1996); საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი (1996); ევროპის სუპერთასის მფლობელი (1996); საფრანგეთის ჩემპიონი (1991, 1992); იტალიის ჩემპიონი (1995, 1997, 1998); იტალიის თასის მფლობელი (1995); იტალიის სუპერთასის მფლობელი (1995, 1997); ინგლისის თასის მფლობელი (2000); საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მაისურით ჩაატარა 103 შეხვედრა, გაიტანა 4 გოლი; მსოფლიოს ჩემპიონი (1998); ევროპის ჩემპიონი (2000); 1992 და 1996 წლების ევროპის ჩემპიონატების მონაწილე.
სამწვრთნელო კარიერა: “მონაკო”, საფრანგეთი (2001-2005); “იუვენტუსი”, იტალია (2006-2007); “მარსელი”, საფრანგეთი (2009 წლიდან);
სამწვრთნელო მიღწევები: საფრანგეთის ლიგის თასის მფლობელი (2003); ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი (2004); იტალიის სერია B-ს გამარჯვებული (2007); საფრანგეთის ჩემპიონი (2010).


მოამზადა ზურა ქსოვრელმა

0.110604