ჭიდაობა

17:32 | 26.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარსაგიშვილს და მაქარაშვილს დისკვალიფიკაცია მოუხსნეს

 

საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებს ევროპის მოქმედ ჩემპიონ დავით მარსაგიშვილსა (84 კგ) და იაკობ მაქარაშვილს (74 კგ) 6-თვიანი დისკვალიფიკაცია პირობითი სასჯელით შეუცვალა. შეგახსენებთ, სპორტსმენების აქტიური სპორტიდან ნახევარი წლით მოკვეთის შესახებ განცხადება საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ ორიოდ კვირის წინ, ვაკის ფალავანთა კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მიზეზად მარსაგიშვილის და მაქარაშვილის საქმისადმი არაპროფესიული მიდგომა დასახელდა, რის გამოც ნაკრები მოსკოვში, “ევროპის ერთა თასზე” შესუსტებული შემადგენლობით გამოვიდა და ტურნირის მოგებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.

ოფიციალური განცხადების თანახმად, დასჯილ მოჭიდავეებს შიდა და საერთაშორისო ტურნირებზე გამოსვლა 2014 წლის მაისამდე ეკრძალებოდათ, მაგრამ ორიოდ დღის წინ დავით მარსაგიშვილმა ბაქოს “ოქროს გრან პრიზე” იჭიდავა და ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა. სიტუაციაში უკეთ გასარკვევად “მსოფლიო სპორტი” ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძეს შეეხმიანა.

“მარსაგიშვილსა და მაქარაშვილს სასჯელი შევუმსუბუქეთ და მხოლოდ პირობითი დისკვალიფიკაცია ვაკმარეთ. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღეთ, რაც სახელოვანმა ქართველმა მოჭიდავეებმა შუამდგომლობის წერილით მოგვმართეს. “ჩემპიონთა კლუბის” თანადამფუძნებლებმა მიხეილ სალაძემ, გურამ საღარაძემ და ნოდარ მოდებაძემ გვთხოვეს, ქართული ჭიდაობის ინტერესებიდან გამომდინარე, მკაცრი სანქციისგან თავი შეგვეკავებინა. თხოვნას ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ბაკურ გოგიტიძე და გენერალური მდივანი გიორგი ლომიძეც შეუერთდნენ. ამის და თავად დავით მარსაგიშვილის ოფიციალური კომენტარის გათვალისწინებით, რომელშიც სპორტსმენი აცხადებდა, რომ თავს დამნაშავედ გრძნობდა, მივიღეთ გადაწყვეტილება, დასჯილთათვის ტურნირებზე გამოსვლის შეზღუდვა მოგვეხსნა. თუმცა დავუტოვეთ პირობითი დისკვალიფიკაცია, რაც ნიშნავს, რომ თუკი მარსაგიშვილი და მაქარაშვილი დისციპლინას თუნდაც გაცილებით იოლ ფორმებში დაარღვევენ, პირვანდელი სასჯელი გაუორმაგდებათ” – განაცხადა კურტანიძემ.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ასევე გვითხრა, რომ ეს საკითხი 18 დეკემბერს გასამართ პრეზიდიუმის სხდომაზე მაინც განიხილება და სპეციალური სადისციპლინო კომიტეტიც დამტკიცდება, რომელიც ანალოგიურ კანონდარღვევებზე სწრაფ რეაგირებას მოახდენს.

“სადისციპლინო კომისია აქამდეც ფუნქციონირებდა, ოღონდ მხოლოდ ქაღალდზე. უახლოეს მომავალში კი იგი გაცილებით საქმიანი და ქმედითუნარიანი გახდება. დისციპლინის გარეშე წინსვლა გამორიცხულია” – დასძინა კურტანიძემ.

0.118947