ჭიდაობა

21:37 | 24.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარსაგიშვილის ბრინჯაოს დაბრუნება

საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრის, დავით მარსაგიშვილისთვის (84 კგ) ახლახან დაწესებული 6-თვიანი დისკვალიფიკაციის გაუქმების თაობაზე ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია, მაგრამ, როგორც ჩანს, ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს სანქცია მოუხსნეს, რადგან დღეს საერთაშორისო ტურნირზე იჭიდავა.

ბაქოში მიმდინარე “ოქროს გრან პრიზე” საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ანალოგიური შედეგი აჩვენეს გიორგი ედიშერაშვილმა (55 კგ) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (60 კგ).

მარსაგიშვილმა ოქრო-ვერცხლის შანსი პირველსავე წრეში დაკარგა, რუსეთის ნაკრების წევრ სოსლან კოცოევთან წაგებით (2:11). დამამშვიდებელ ეტაპზე კი კანადის და რუსეთის ნაკრების წევრები ტამერლან ტაგზიევი (8:3) და დაურენ კურუგლიევი (11:2) ჩამოიშორა.

ედიშერაშვილი ფრანგი ზოჰეირ ელ უარაქის ძლევის (7:0) შემდეგ ნახევარფინალში იაპონელ ფუმიკატა მორიშიტასთან ვეღარას გახდა (0:7) და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც რუს ბაზარ ჟალსაპოვს აჯობა (13:6).

ხინჩეგაშვილს ჩემპიონის ტიტულისკენ მიმავალი გზა ნახევარფინალში ჩაეკეტა, მომავალ ჩემპიონთან, აზერბაიჯანელ აჰმენაგი ქვარზატილოვთან წაგებით (0:7). იქამდე იაპონელი მასაკაზუ კამოი (10:2) და ყაზახი დაულეტ ნიაზბეკოვი (6:4) ჩამოიცილა, ხოლო “ბრინჯაოს ფინალში” რუს სოსლან აზიევს სძლია.

დღესვე საქმეში მალხაზ ზარქუა (66 კგ), დათო ქერაშვილი (96 კგ) და ელიზბარ ოდიკაძეც (120 კგ) ჩაერთნენ, მაგრამ სამეულს მიღმა დარჩნენ.

0.12639