ევროპის მოქმედი ჩემპიონი თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით მარსაგიშვილი ფინეთის ქალაქ ვანტააში მიმდინარე ევროპირველობაზე რეპეშაჟის ფინალში გავიდა. 86 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში უნგრელ ვერებს დაუპირისპირდება.
ძირითად ბადეში მარსაგიშვილმა სამი შეხვედრა ჩაატარა - ავსტრიელ დომინიკ პეტერსს მეორე წუთზე სუფთად მოუგო, ფინელ ვინე ჰეინოს 11:0 აჯობა, მეოთხედფინალში კი რუსეთის ნაკრების დაღესტნელ წევრ აბდულ რაშიდ სადულაევთან ასეთივე ანგარიშით დამარცხდა და რეპეშაჟის ნახევარფინალში გადაერთო, სადაც პოლონელ ჟეზიერზანსკის სძლია.
ფინალური ბლოკის შეხვედრები 18 საათიდან დაიწყება და თავისუფალ ჭიდაობაში მედლები 70 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც გათამაშდება. ამ წონაში საქართველოს ნაკრების სახელით დიმიტრი ბასილაშვილმა იჭიდავა, მაგრამ ევროპირველობას უკრაინელ რადულოვთან წაგების გამო პირველივე წრიდან გამოეთიშა.