შაბათს, 10 დეკემბრის ღამით, მთელი საფეხბურთო მსოფლიოს ყურადღება მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუსკენ” იქნება მიპყრობილი, სადაც მორიგ “ელ კლასიკოში”, “სამეფო კლუბი” კატალონიურ “ბარსელონას” დაუხვდება.
ამ თემაზე სასაუბროდ El Mundo-მ “ვილიარეალის” წარმოშობით ბრაზილიელი 35 წლის ნახევარმცველი მარკუშ სენა შეარჩია, რომელიც უკვე 10 წელია ესპანეთში ცხოვრობს და ამის წყალობით, ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონიც გახდა. ესპანეთში ჩასვლის შემდეგ, ის “ვილიარეალში” ჩაირიცხა და მას შემდეგ ეს გუნდი არ მიუტოვებია, თუმცა, მის მიმართ “რეალი” და “ბარსელონა” ცხოველ ინტერესს გამოხატავდნენ.
- “კამპ ნოუ” თუ “ბერნაბეუ”?
- “სანტიაგო ბერნაბეუ”.
- კრიშტიანუ თუ მესი?
- მესი.
- მოურინიო თუ გვარდიოლა?
- 50/50-ზე, მე ორივე მომწონს.
- შეტევა თუ კონტრშეტევა?
- შეტევა.
- თქვენი გამორჩეული მომენტები “რეალისა” და “ბარსელონას” წინააღმდეგ მატჩებში...
- დღე, როდესაც “კამპ ნოუზე” გოლი გავიტანე. ეს 2007/08 წლების სეზონში იყო და მაშინ 2:1 მოვიგეთ.
- დღე, როდესაც გერჩივნათ მიწა გაგხეთქოდათ.
- ყველა მატჩი, როდესაც ამ გუნდებთან ვმარცხდებოდით. მაგალითად, “ბერნაბეუზე” 2:6 წაგება ორი წლის უკან, თუმცა, გოლი ამ შეხვედრაშიც გავიტანე.
- რომელი მოთამაშის წინააღმდეგ არ ისურვებდით თამაშს.
- მესის.
- საუკეთესო მეგობარი “ელ კლასიკოდან”.
- ინიესტა და ჩავი, თუმცა, უმრავლესობასთან კარგი ურთიერთობა მაქვს.
- საუკეთესო საშუალება ამ მატჩის საყურებლად.
- მინდორზე ყოფნა.
- რატომ უთხარით უარი “რეალს” და “ბარსელონას” მათ რიგებში თამაშზე?
- მათგან წინადადება არ მიმიღია და შესაბამისად, უარიც არ მითქვამს. ისე, ამბობენ, რომ ჩემით “ბარსელონა” იყო დაინტერესებული.
- “ელ კლასიკოს” მონაწილე ფეხბურთელებისგან ვისთვის გითხოვიათ მაისური?
- მესის და მარსელოს, მათაც მთხოვეს მაისური.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა