კალათბურთი

0:05 | 26.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილმა ჰიკმანის გუნდს 15 ქულა ჩაუგდო

მანუჩარ მარკოიშვილმა ცსკა-ს მაისურით მორიგი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა, მოსკოვურმა გრანდმა კი სტამბულში რიკი ჰიკმანის “ფენერბაჰჩე” 98:75 გაანადგურა და “გლორიას თასის” ფინალში გააღწია.

ქართველი მცველი, რომელიც რუსული კლუბის ერთ-ერთ ლიდერად ყალიბდება, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და 25:22 წუთში 15 ქულა, 3 მოხსნა, 5 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. “მანუმ” 4-ვე ორქულიანი, 4-ვე საჯარიმო და 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.

მარკოიშვილის მოედანზე ყოფნის პერიოდში ცსკა-მ მეტოქეზე 18 ქულით მეტი ჩააგდო, სარგებლიანობის კოეფიციენტის (19) მიხედვით კი, მანუჩარი მხოლოდ ვორონცევიჩს ჩამორჩა, რომელმაც 21:44 წუთში 16 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა. 16 ქულა ჩააგდო ნიკოლსმაც, ფრიძონმა 13 ქულა მიითვალა, ტეოდოსიჩმა კი – 10 ქულა და 6 პასი.

ქართული პასპორტის მქონე ჰიკმანმა, რომელიც ფენერბაჰჩეს სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ, 21:39 წუთში 6 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. რიკიმ 4-დან 1 ორქულიანი, 4-ან 1 სამქულიანი და 2-დან საჯარიმო გამოიყენა, 2 შეცდომა დაუშვა, ერთხელ დაუფარეს, 2 ჯარიმა მიიღო და მის წინააღმდეგაც თამაშის წესები ამდენჯერვე დაირღვა.

როგორც აღვნიშნეთ, ცსკა-მ სტამბულური ტურნირის ფინალში გააღწია და 26 სექტემბერს ესპანურ “უნიკახას” ეთამაშება. მატჩი თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება და მისთვის თვალის მიდევნება კვლავინდებურად ამ ბმულზე იქნება შესაძლებელი - http://www.trt.net.tr/Anasayfa/canli.aspx?y=tv&k=trtspor

0.116445