ევროლიგის ტოპ-16-ის მე-11 ტურში მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაიმ” და გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსმა” უმნიშვნელოვანესი გამარჯვებები იზეიმეს და პლეი-ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნეს.
თურქული გრანდი შინაურ “აბდი იპეკჩი არენაზე” მიუნხენის “ბაიერნს” დაუხვდა და 76:69 იმარჯვა. ქართველი მცველი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 19:38 წუთში 5 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. მანუჩარმა 4-დან 1 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
სტამბულელთა რიგებში საუკეთესო კარლოს აროიო გახლდათ, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა – 16 ქულა, 11 პასი. თავის მხრივ, 14-14 ქულა მიითვალეს მალიკ ჰეირსტონმა და პოპს მენსა-ბონსუმ.
აღსანიშნავია, გერმანულმა კლუბმა მოხსნებში 38:27 იმარჯვა და ამასთან, მეტოქის ფარზე 13 ბურთით მეტი (19:7) მოხსნა, თუმცა, ეს წარმატებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. სტუმართაგან გამორჩეულად მალკოლმ დილეინიმ (16 ქულა, 5 მოხსნა) და ჯონ ბრაიანტმა (12 ქულა, 7 მოხსნა) ითამაშეს.
ტოპ-16-ის F ჯგუფს 9-9 მოგებით მადრიდის “რეალის” და მოსკოვის ცსკა ლიდერობენ, მესამეზე თელ-ავივის “მაკაბია” 8 გამარჯვებით, მეოთხე-მეექვსე პოზიციებზე კი ყუბანის “ლოკომოტივი”, “გალათასარაი” და “ბაიერნი” იმყოფებიან. პლეი-ოფში გამსვლელი მე-4 საგზურისთვის სწორედ ბოლო სამეული იბრძოლებს.
მე-12 ტურის მატჩში, 27 მარტს, “გალათასარაი” ჯგუფის აუტსაიდერ კაუნასის “ჟალგირისს” ესტუმრება, იმავე დღეს “ბაიერნი” ცსკა-ს ესტუმრება, 28-ში კი “ლოკომოტივი” სერბულ “პარტიზანს” დაუხვდება.
მშობლიურ სარბიელზე იოლი გამარჯვება იზეიმა გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსმა”. ბერძნული გრანდი ესპანურ “კუტხა ლაბორალს” დაუხვდა და 30 ქულის სხვაობით – 89:59 გაანადგურა.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 17:21 წუთი გაატარა. მისი მონაგარი 11 ქულა და 6 მოხსნა გახლდათ. გიორგიმ 4-ვე ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო გამოუყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 3-ჯერ დაირღვა.
შერმადინის გარდა, მასპინძელთაგან 10-ქულიან ზღვარს მეტიუ ლოესკიმ (16), ვასილის სპანულისმა (14), იოანის პაპაპეტრუმ (13) და სედრიკ სიმონსმა (10) უწიეს, ევანგელიოს მანცარისმა კი 5 ქულას 8 მოხსნა და 9 პასი წაამატა. მოკლედ, პირეოსელებმა ჩინებული გუნდური თამაში აჩვენეს.
F ჯგუფის მსგავსად, მეოთხედფინალის საგზურებისთვის E ჯგუფიც დიდი ბრძოლაა გაჩაღებული. პლეი-ოფში ნამდვილად ითამაშებენ კატალონიური “ბარსელონა”, რომელსაც 11-ვე მატჩი მოგებული აქვს და “ოთხთა ფინალის” მასპინძელი მილანის წარმომადგენელი “ემპორიო არმანი”. იტალიური გუნდის აქტივში 8 გამარჯვებაა.
აი, შემდეგ კი დაუნდობელ ბრძოლას უნდა ველოდეთ. საქმე ის გახლავთ, რომ მე-3 პოზიციაზე მყოფ “პანათანაიკოსს” 6 მოგება მოუგროვდა, მეოთხე-მეხუთე პოზიციებზე მყოფ “ოლიმპიაკოსს”, სტამბულის “ფენერბაჰჩეს” დ მალაგის “უნიკახას” კი 5-5 გამარჯვება გააჩნიათ.
27 მარტს “ოლიმპიაკოსი” უმნიშვნელოვანეს მატჩში “მალაგას” ესტუმრება, 28-ში კი “ფენერბაჰჩე” “ემპორიო არმანის” უმასპინძლებს, ხოლო “ბარსელონა” შინ “პანათინაიკოსის” დამარცხებას ეცდება.
ევროლიგის ტოპ-16. მე-11 ტური
E ჯგუფი
პანათინაიკოსი – ფენერბაჰჩე 76:67
ოლიმპიაკოსი – ლაბორალ კუტხა 89:59
ემპორიო არმანი – ანადოლუ ეფესი 76:69
უნიკახა – ბარსელონა 61:77
1. | ბარსელონა | 11 | 11 | 0 | 876:759 |
2. | ემპორიო არმანი | 11 | 8 | 3 | 835:780 |
3. | პანათინაიკოსი | 11 | 6 | 5 | 765:746 |
4. | ოლიმპიაკოსი | 11 | 5 | 6 | 827:790 |
5. | ფენერბაჰჩე | 11 | 5 | 6 | 848:859 |
6. | უნიკახა | 11 | 5 | 6 | 814:829 |
7. | ანადოლუ ეფესი | 11 | 2 | 9 | 745:824 |
8. | ლაბორალ კუტხა | 11 | 2 | 9 | 764:887 |
F ჯგუფი
რეალი – ცსკა 93:79
პარტიზანი – მაკაბი 72:70
ჟალგირისი – ლოკომოტივი 85:86
გალათასარაი – ბაიერნი 76:69
1. | რეალი | 11 | 9 | 2 | 952:829 |
2. | ცსკა | 11 | 9 | 2 | 923:804 |
3. | მაკაბი | 11 | 7 | 4 | 869:840 |
4. | გალათასარაი | 11 | 5 | 6 | 839:852 |
5. | ლოკომოტივი | 11 | 5 | 6 | 858:869 |
6. | ბაიერნი | 11 | 5 | 6 | 803:847 |
7. | პარტიზანი | 11 | 3 | 8 | 748:854 |
8. | ჟალგირისი | 11 | 1 | 10 | 836:933 |