ბერძნულ კარპენისში შეკრებაზე მყოფმა მოსკოვის ცსკა-მ, რომლის რიგებშიც საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი მანუჩარ მარკოიშვილიც ირიცხება, პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და პატრას “აპოლონი” 67:62 დაამარცხა.
ქართველი მცველი რუსული გრანდის სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა მას საკმაო სათამაშო დრო (18:36) დაუთმო. ამით, “მანუ” მხოლოდ ამერიკელებს – ჯეკსონს და უიმსს ჩამორჩა, რომელთაც ერთნაირი დრო (20:48) დაეთმოთ.
მარკოიშვილმა ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი გამოიყენა და 5 ქულას, 1 მოხსნა და 3 პასი წაამატა. ქართველმა კალათბურთელმა ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
“არმიელთა” რიგებში 13 ქულით საუკეთესო უიმსი გახლდათ, ჯეკსონმა და ფრიძონმა კი 10-10 ქულა მოაგროვეს.
გასულ მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ მსოფლიო ჩემპიონატზე მოთამაშე სერბ მილოშ ტეოდოსიჩს და ტრავმირებულ ფრანგ ნანდო დე კოლოს, ცსკა-ს თავკაცმა იტუდისმა კი შემდეგი კომენტარი გააკეთა:
“ჩვენი პირველი მატჩი იყო და ცხადია, გუნდის მდგომარეობის შემოწმება გვსურდა. საბერძნეთში უკვე ერთი კვირაა ვემზადებით და ის დავინახე, რასაც ველოდით. დაცვაში ბევრი შეცდომა დავუშვით და ბევრი იოლი ტყორცნაც ავაცილეთ. რამდენიმე მოთამაშე გვაკლდა და იმედია, მათი დაბრუნების შემდეგ, ყველაფერი გამოსწორდება”.