მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ ნიკოს გალისის სახელობის თასის ნახევარფინალში ათენის “პანათინაიკოსს” ბოლო წამზე ჩაგდებული ბურთის წყალობით სძლია, ფინალში კი, უკანასკნელ წამზე უკვე თავად დამარცხდა – მასპინძელ სალონიკის “არისთან”.
არადა, ქართველი მცველის ყოჩაღობის წყალობით, რუსული გრანდი ოთხთა ტურნირის ჩემპიონობასთან ახლოს იყო. მარკოიშვილმა ბოლო წუთნახევარში 5 ქულა მიითვალა და “არმიელები” 59:58 დააწინაურა, თუმცა, პასალიჩმა საფინალო სირენამდე 0.2 წამით ადრე ჩააგდო და თასი სალონიკში დატოვა – 60:59.
მანუჩარი ამჯერადაც სასტარტო ხუთეულში იყო და ცსკა-ს 10 ქულა და 4 მოხსნა შესძინა. სტუმართაგან ქართველ კალათბურთელზე შედეგიანად მხოლოდ ამერიკელი ჯეკსონი გაისარჯა, რომლის მონაგარიც 19 ქულა, 8 მოხსნა, 4 ჩაჭრა იყო.
23-26 სექტემბერს ცსკა სტამბულში “გლორია ქაფზე” ითამაშებს, რომელშიც 6 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. “ა” ჯგუფში თურქული “ეფესი”, ბერძნული “ოლიმპიაკოსი” და ესპანური “უნიკახა” მოხვდნენ, “ბ”-ში კი – ცსკა, თურქული “ფენერბაჰჩე” და სერბული “ცრვენა ზვეზდა”.
მარკოიშვილის კლუბი 23 სექტემბერს “ცრვენა ზვეზდას” გაეჯიბრება, 25-ში – “ფენერბაჰჩეს”, 26-ში კი – ჯგუფში დაკავებული პოზიციიდან გამომდინარე, მე-5, მე-3 ან პირველი ადგილისთვის იბრძოლებს.