მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ სალონიკში მიმდინარე ნიკოს გალისის სახელობის ტურნირის ნახევარფინალში ათენის “პანათინაიკოსს” 68:67 სძლია და ფინალის საგზური მოიპოვა.
მოსკოვის გუნდს გამარჯვება ვიტალი ფრიძონმა მოუტანა, რომელმაც საფინალო სირენამდე წამით ადრე სამქულიანი ჩააგდო და ზედ ბონუს-საჯარიმოც მიაყოლა. “არმიელებს” საქმე ათენელთა კაპიტანმა დიმიტრის დიამანტიდისმაც გაუადვილა, რომელმაც ბოლო წამებზე 6 საჯარიმოდან მხოლოდ 2 ჩააგდო.
მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და ცსკა-ს რიგებში ყველაზე მეტხანს (34:06 წუთი) ითამაშა, თუმცა, სროლა აშკარად არ წაუვიდა. ქართველმა მცველმა თამაშიდან 12-დან 2 ტყორცნა (5-დან 1 ორქულიანი და 7-დან 1 სამქულიანი) ჩააგდო, 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა და 6 ქულას, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა წაამატა.
“მანუმ” ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 10-ჯერ (!) დაჯარიმდნენ. ხსენებულმა ფრიძონმა 13 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა და ეფექტურობის საუკეთესო კოეფიციენტი ჰქონდა, ხოლო აარონ ლი ჯეკსონმა 16 ქულა მიითვალა.
ისიც ვთქვათ, რომ რუსული გრანდი “პანათინაიკოსთან” მატჩს დიდი დანაკლისით შეხვდა. ტრავმის გამო ვერ ითამაშეს ფრანგმა დე კოლომ, ამერიკელმა უიმსმა და ხრიაპამ, სერბი ტეოდოსიჩი დროებით გუნდიდან განთავისუფლებულია, კაუნი კი უშუალოდ თამაშისას დაშავდა და მოედანი მალევე დატოვა...
ფინალში, რომელიც დღეს თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება, ცსკა-ს მეტოქე მასინძელი სალონიკის “არისი” იქნება. ბერძნულმა გუნდმა თურქულ “ბანვითს” იოლად – 66:48 მოუგო. მე-3 ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს “პანათინაიკოსი” და “ბანვითი” გაეჯიბრებიან.