საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მანუჩარ მარკოიშვილი მოედანს დაახლოებით ხუთთვიანი უქმობის შემდეგ დაუბრუნდა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უდიდესი პროფესიონალია. ქართველი მცველის “ჩუბინობის” წყალობით, სტამბულის “გალათასარაიმ” ევროლიგის ტოპ-16-ის მე-10 ტურში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა.
თურქული გრანდი კრასნოდარში ერთ-ერთ უმთავრეს კონკურენტ ყუბანის “ლოკომოტივს” სტუმრობდა და დაძაბულ ბრძოლაში 67:66 იმარჯვა, მარკოიშვილმა კი გუნდს 19 ქულა შესძინა და “გალას” რიგებში ყველაზე შედეგიანი გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ სტამბულელთა მთავარმა მწვრთნელმა ერგინ ატამანმა ახლადმომჯობინებული ქართველი მყის სასტარტო ხუთეულში დააყენა და ერთბაშად 32:26 წუთს ათამაშა. “მანუ” სათადარიგოთა სკამზე მხოლოდ ძალების აღსადგენად თუ ინაცვლებდა, დანარჩენ დროს კი მოედანზე ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გახლდათ.
საბოლოოდ, ქართველმა კალათბურთელმა 2-ვე ორქულიანი და 8-დან 5 სამქულიანი ჩააგდო და 19 ქულას 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება წაამატა. მარკოიშვილმა ერთადერთი შეცდომა დაუშვა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
მანუჩარის მოედანზე ყოფნის პერიოდში, სტუმრებმა მასპინძლებზე 16 ქულით მეტი ჩააგდეს და ეს, ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელი იყო, სარგებლიანობის კოეფიციენტის (18) მიხედვით კი, ქართველი პუერტო რიკოელ კარლოს აროიოს გაუტოლდა.
ამ უკანასკმელმა 32:37 წუთში 14 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა და თან, სტამბულელთათვის გამარჯვების მომტანი ორქულიანიც ჩააგდო. ყუბანელთა რიგებში საუკეთესო ამერიკელი ლეგიონერი დერიკ ბრაუნი იყო, რომელმაც მარკოიშვილის დარად 19 ქულა მიითვალა.
“გალათასარაიმ” 6 მარცხის წილ მე-4 გამარჯვება იზეიმა და F ჯგუფის სატურნირო ცხრილში სწორედ “ლოკომოტივს” გაუტოლდა. თურქული და რუსული კლუბები მიუნხენის “ბაიერნს”, რომელიც მე-4 პოზიციაზე იმყოფება, 1 მოგებით ჩამორჩებიან და უკვე ცხადია, რომ პლეი-ოფში გამსვლელი ბოლო საგზურისთვის (ცსკა, “რეალი” და “მაკაბი”, დიდი ალბათობით, გასულები არიან) სწორედ ეს სამეული იბრძოლებს.
მარკოიშვილის კლუბს ტოპ-16-ში 4 მატჩი დარჩა ჩასატარებელი. 21 მარტს “გალათასარაი” “ბაიერნს” უმასპინძლებს, 27-ში ლიტვაში “ჟალგირისს” ესტუმრება, 4 აპრილს მოსკოვში ცსკა-ს წინააღმდეგ ითამაშებს, ხოლო 10 აპრილს სერბულ “პარტიზანს” დაუხვდება.