კალათბურთი

2:02 | 8.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილი თურქეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა

ტრავმის მოშუშების შემდეგ, ქართველმა კალათბურთელმა მანუჩარ მარკოიშვილმა “გალათასარაის” მაისურით თურქეთის ჩემპიონატში პირველი მატჩი ჩაატარა, თუმცა, დაბრუნება წარუმატებელი გამოუვიდა.

“პინარ ქარშიაქასთან” საშინაო შეხვედრაში სტამბულელები ფავორიტად კი მოიაზრებოდნენ, თუმცა, 70:72 წააგეს. ქართველმა მცველმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 24 წუთში 3 ქულა, 1 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

მანუჩარმა 1 ორქულიანი ააცილა, 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

სტამბულელთა რიგებში საუკეთესო ფურკან ალდემირი იყო 13 ქულით და 10 მოხსნით, იზმირელებს კი 21 ქულით ამერიკელმა ბობი დიქსონმა ულიდერა.

“გალათასარაის” 15 მოგება და 10 მარცხი მოუგროვდა და მართალია, მე-4 ადგილს ინარჩუნებს, “ბეშიქთაშს”, იმავე “ქარშიაქას” და “უსაკს” მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებითღა უსწრებს.

15 აპრილს მარკოიშვილის კლუბი “ტრაბზონსფორს” ესტუმრება.

0.134841