კალათბურთი

2:12 | 28.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილი, შერმადინი და ჰიკმანი პლეი-ოფისთვის ბრძოლას განაგრძობენ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კალათბურთელებმა ევროლიგის ტოპ-16-ში მორიგი მატჩები ჩაატარეს. სასიხარულო იყო, რომ მანუჩარ მარკოიშვილი, გიორგი შერმადინი და რიკი ჰიკმანი, შესაბამისად, “გალათასარაის”, “ოლიმპიაკოსის” და “მაკაბის” სასტარტო ხუთეულებში გამოჩნდნენ.

კაუნასში “ჟალგირისთან” უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა სტამბულის “გალათასარაიმ”. მარკოიშვილის კლუბმა პირველი მეოთხედი 20:12 მოიგო და შემდგომშიც მუდმივად ლიდერის როლში იყო, საბოლოოდ კი, 84:72 იმარჯვა.

მანუჩარმა მოედანზე 25:20 წუთი გაატარა და სტუმრებს 13 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა შესძინა. ქართველმა მცველმა 3-დან 2 ორქულიანი და 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

თურქულ გრანდში 19 ქულით ყველაზე შედეგიანი პუერტო-რიკოელი კარლოს აროიო იყო, მალიკ ჰეირსტონმა 16 ქულა ჩააგდო, ფურკან ალდემირი კი ორივე გუნდის რიგებში ერთადერთი მოთამაშე იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა – 10 ქულა, 14 მოხსნა.

“გალათასარაიმ” ტოპ-16-ის F ჯგუფში 6 მარცხის წილ მე-6 გამარჯვება იზეიმა და სწორედ იმ მე-4 ადგილზე დამკვიდრდა, რომელიც პლეი-ოფში თამაშის უფლებას იძლევა. სხვა საქმეა, რომ დღეს ამავე ჯგუფში ყუბანის “ლოკომოტივი” ბელგრადის “პარტიზანს” დაუხვდება და გამარჯვების შემთხვევაში, თურქულ გრანდს გაუთანაბრდება.

F ჯგუფშივე 7 მოგებით და 5 მარცხით მე-3 ადგილი შეინარჩუნა თელ-ავივის “მაკაბიმ”, რომელმაც შინაურ კედლებში მადრიდის “რეალს” დიდი ბრძოლა გაუმართა, თუმცა, 76:77 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების ამერიკელმა უკანახაზელმა 32:09 წუთს ითამაშა, შემდეგ კი სათადარიგოთა სკამზე 5 პერსონალური ფოლის გამო გადაინაცვლა. აღნიშნულ დროში რიკის მონაგარი 17 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება იყო. ჰიკმანმა 12-დან 6 ორქულიანი და 5-ვე საჯარიმო გამოიყენა, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

მაკაბელთაგან 23 ქულით საუკეთესო დუეინ სმიტი იყო, ალექს ტიუსმა კი 18 ქულას 11 მოხსნა წაამატა. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელმა 9-ვე ორქულიანი ჩააგდო, თუმცა, საფინალო სირენამდე 2.3 წამით ადრე ბონუს-საჯარიმო ააცილა და თამაშის ოვერტაიმში გადაყვანის შანსი გაანიავა.

ბოლოსწინა მე-13 ტურში, 3 აპრილს, “მაკაბი” მიუნხენის “ბაიერნს” ესტუმრება, ხოლო “გალათასარაი” მოსკოვში F ჯგუფის ლიდერ მოსკოვის ცსკა-ს გაეჯიბრება.

მეოთხედფინალის საგზურებისთვის დიდი ბრძოლაა გაჩაღებული E ჯგუფიც, სადაც მოწინავე ოთხეულში გასასვლელად გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსიც” იბრძვის. ევროლიგის მოქმედი ჩემპიონი ამჯერად მალაგას ესტუმრა და ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ “უნიკახას” იოლად – 80:63 სძლია.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 18:06 წუთი დაჰყო და ბერძნულ გრანდს 6 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი შესძინა. აღსანიშნავია, რომ გიორგიმ სტუმართა საწყისი 4 ქულა მიითვალა, მალევე კიდევ 1 ორქულიანი ჩააგდო, პირველი მეოთხედის შემდეგ კი, მასპინძელთა ფარისთვის აღარც შეუტევია. ქართველ ცენტრს ერთხელ დაუფარეს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მასზე კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.

“ოლიმპიაკოსმა” პირველ მეოთხედში ესპანური გუნდი 28:18 დაამარცხა და მართალია, შემდგომში მასპინძლებმა რამდენჯერმე გაიბრძოლეს, წარმატების რეალური შანსი არ ჰქონიათ. დიდებულად გაისარჯა “ოლიმპიაკოსის” კაპიტანი ვასილის სპანულისი, რომელმაც 20 ქულა ჩააგდო, მეტ ლოესკის ანგარიშზე კი 18 ქულა იყო.

პირეოსელებმა 6 მოგება და ამდენივე მარცხი მოაგროვეს და E ჯგუფში მე-4 პოზიციაზე დამკვიდრდნენ. მე-12 ტურის მატჩს დღეს ჩაატარებენ “ოლიმპიაკოსის” უმთავრესი კონკურენტები – ბერძნულივე “პანათინაიკოსი” და თურქული “ფენერბაჰჩე”. ათენელები ჯგუფის ლიდერ “ბარსელონას” ესტუმრებიან, ხოლო სტამბულელები მე-2 ადგილზე მყოფ “ემპორიო არმანის” დაუხვდებიან.

თავად “ოლიმპიაკოსს” მომდევნო შეხვედრა 4 აპრილს ელის, როდესაც თურქეთში აუტსაიდერ “ანადოლუ ეფესს” ესტუმრება.

E ჯგუფი

ანადოლუ ეფესი – ლაბორალ კუტხა 79:105

უნიკახა – ოლიმპიაკოსი 63:80

 

28 მარტი

ფენერბაჰჩე – ემპორიო არმანი

ბარსელონა – პანათანაიკოსი

ბარსელონა 11      0 876: 759      117
ემპორიო არმანი 8 3 835: 780 55
პანათინაკოსი 6 5 765: 746 19
ოლიმპიაკოსი 6 6 907: 853 54
ფენერბაჰჩე 5 6 848: 859 -11
უნიკახა 5 7 877: 909 -32
ლაბორალ კუტხა      3 9 869: 966 -97
ანადოლუ ეფესი 2 10      824: 929 -105

 

2 აპრილი

ემპორიო არმანი – ბარსელონა

 

3 აპრილი

პანათინაიკოსი – უნიკახა

ლაბორალ კუტხა – ფენერბაჰჩე

 

4 აპრილი

ანადოლუ ეფესი – ოლიმპიაკოსი

 

F ჯგუფი

ცსკა – ბაიერნი 77:70

ჟალგირისი – გალათასარაი 72:84

მაკაბი – რეალი 76:77

 

28 მარტი

ლოკომოტივი – პარტიზანი

ცსკა 10      2 1000: 874 126
რეალი 10 2 1029: 905 124
მაკაბი 7 5 945: 917 28
გალათასარაი      6 6 923: 924 -1
ლოკომოტივი 5 6 858: 869 -11
ბაიერნი 5 7 873: 924 -51
პარტიზანი 3 8 748: 854 -106
ჟალგირისი 1 11      908: 1017      -109

 

3 აპრილი

ბაიერნი – მაკაბი

 

4 აპრილი

ცსკა – გალათასარაი

რეალი – ლოკომოტივი

პარტიზანი – ჟალგირისი

0.173454