კალათბურთი

23:59 | 23.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილი სერბებთან სამმაგ დუბლზე “გაიწია”

მანუპულაცია – ასე დაასათაურა მოსკოვის ცსკა-ს და ბელგრადის “ცრვენა ზვეზდას” მატჩის მიმოხილვა რუსული გრანდის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა და ამაში გასაკვირი არაფერი ყოფილა: საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა სტამბულში დაწყებული “გლორია ქაფის” საწყის მატჩში ჩინებულად ითამაშა და სერბების დამარცხებაში (77:72) ლომის წვლილი დაიდო.

მიუხედავად იმისა, რომ “არმიელებს” წამყვანი სერბი კალათბურთელი მილოშ ტეოდოსიჩი დაუბრუნდათ, მარკოიშვილი მაინც სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 28:01 წუთი გაატარა, რა დროშიც 19 ქულა, 8 მოხსნა, 7 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

მანუჩარმა 6-დან 2 ორქულიანი და 9-დან 5 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ქართველი მცველის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 24-ს უწია, რითაც იგი ორივე გუნდში საუკეთესო იყო.

მოსკოველთა მხრიდან 10-ქულიან ზღვარს ხსენებული ტეოდოსიჩი (13), ამერიკელი ჯეკსონი (12) და რუსი ფრიძონი (11) ასცდნენ, “ცრვენა ზვეზდას” კი ამერიკელმა უილიამსმა (15 ქულა, 6 პასი) და სერბმა მარიანოვიჩმა (12 ქულა, 6 მოხსნა) ულიდერეს.

შეგახსენებთ, რომ “გლორია ქაფის” “ბ” ჯგუფში ცსკა-ს და “ცრვენა ზვეზდას” გარდა, სტამბულის “ფენერბაჰჩეც” თამაშობს, რომლის ღირსებასაც ქართული პასპორტის მქონე რიკი ჰიკმანიც იცავს. ცნობისთვის, თურქულმა გრანდმა ბოლო საკონტროლო მატჩი ხორვატიაში ჩაატარა და ზაგრების “ცედევიტა” 75:67 დაამარცხა. ამით, სტამბულელები ზადარის ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ, ჰიკმანმა კი გასულ თამაშში 14 ქულა ჩააგდო.

ცსკა-ს და “ფენერბაჰჩეს” მატჩი 25 სექტემბერს შედგება, დღეს კი ერთი მატჩი “ა” ჯგუფშიც ჩატარდა და პირეოსის “ოლიმპიაკოსმა” თურქული “ეფესი” 79:73 დაამარცხა. 24 სექტემბერს “ეფესი” ჯგუფის მე-3 წევრ ესპანურ “მალაგას” გაეჯიბრება, ხოლო “ფენერბაჰჩე” “ცრვენა ზვეზდას” ეთამაშება.

0.122457