დღეს, თბილისის დროით 22:30 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები მორიგ საკონტროლო მატჩს გამართავს. საფრანგეთის ქალაქ ანტიბის საერთაშორისო ტურნირზე იგორ კოკოშკოვის გუნდი სერბეთს დაუპირისპირდება. გუშინ, ტურნირის პირველ მატჩში, საფრანგეთმა დაძაბულ ბრძოლაში სერბეთი 78:74 დაამარცხა.
სასიხარულოა, რომ ფეხი აღარ აწუხებს და მოედანზე იქნება ნაკრების კაპიტანი მანუჩარ მარკოიშვილი, ხოლო რიკი ჰიკმანი სერბებთან ვერ ითამაშებს. საფრანგეთში დავუკავშირდით საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ მწვრთნელ კოტე ტუღუშს, რომელმაც მატჩისწინა ამბები გვამცნო.
- როგორ არიან წინა მატჩებში ტრავმირებული მანუჩარ მარკოიშვილი და რიკი ჰიკმანი?
- მანუჩარმა დღეს დილით ივარჯიშა. მას ფეხი აღარ აწუხებდა და ვარჯიშისას რომ დაიტვირთა, არ ასტკივებია. მარკოიშვილი დღეს სერბეთთან ითამაშებს, თუმცა, შესაძლოა, მის დატვირთვას მოვერიდოთ და მოედანზე დიდ ხანს არ დარჩეს. რაც შეეხება ჰიკმანს, მას ბოსნიასთან მეორე მატჩში ამობრუნებული ფეხი სტკივა და დღეს არ ითამაშებს.
- უფრო დეტალურად რა შეიძლება ითქვას ჰიკმანის ტრავმაზე?
- უბრალო შეშუპებაა, რომელიც გადაბრუნებამ გამოიწვია. ჩვენი ნაკრების ექიმებმა ჰიკმანის ტრავმა კარგად გამოიკვლიეს და სერიოზული არაფერია. 2-3 დღე უნდა და მწყობრში იქნება.
- ანუ ის ხვალ საფრანგეთთანაც ვერ ითამაშებს?
- ალბათ ეგრე იქნება, თუმცა დარწმუნებით ვერ ვიტყვი.
- გუშინ, ანტიბის ტურნირის პირველ მატჩს თუ ადევნეთ თვალი?
- არა, სწორედ თამაშის წინ ჩამოვედით და ვერ მოვასწარით სერბეთისა და საფრანგეთის დაპირისპირების ნახვა... ცნობილი ქართველი კალათბურთელის, ილარიონ ხაზარაძის გარდაცვალების შესახებ გუშინ შევიტყვეთ, რის გამოც ძალიან გულდაწყვეტილები ვართ. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და საქართველოს ეროვნული ნაკრების სახელით დიდი მწუხარება გამოვხატო და თანავუგრძნო ილარიონ ხაზარაძის ოჯახს.
www.gbf.ge