მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაიმ” “ბანვითს” თურქეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში მე-3 მატჩიც მოუგო (72:71) და ოქროს მედლებამდე ერთი გამარჯვებაღა აშორებს, ქართველმა მცველმა კი წარმატებაში, ტრადიციულად, დიდი წვლილი დაიდო.
“მანუ” სტამბულელთა სასტარტო ხუთეულში იყო და სტუმართაგან მოედანზე ყველაზე მეტი დრო – 31:05 წუთი დაჰყო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა 5-დან 2 ორქულიანი და 7-დან 2 სამქულიანი ჩააგდო და 10 ქულას 2 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა.
საინტერესოა, რომ სოლიდურ სათამაშო დროში, ქართველს არცერთი შეცდომა დაუშვია და პერსონალური ფოლიც არ მიუღია. მარკოიშვილის გარდა “გალას” რიგებში კარლოს აროიო (15 ქულა) და ენდერ არსლანი (10 ქულა) გამოირჩნენ. ამ უკანასკნელმა ხუთი წამით ადრე, როდესაც სტუმრები 2 ქულას აგებდნენ, სამქულიანი ჩააგდო და მასპინძლები შოკში ჩააგდო.
ბარემ აქვე ვთქვათ, რომ სტამბულელები მთელი შეხვედრის განმავლობაში აგებდნენ და ბოლო მეოთხედს 9-ქულიანი ჩამორჩენით შეხვდნენ, თუმცა, უკანასკნელ ათწუთეულში ნამდვილი საჩემპიონო თამაში აჩვენეს და “ბანვითი” უშანსოდ დატოვეს.
12 ივნისს, “გალათასარაი” სტუმრად კიდევ ერთხელ ითამაშებს და გამარჯვების შემთხვევაში თურქეთის ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ფინალური სერია ისევ სტამბულში გადაინაცვლებს.