კალათბურთი

1:09 | 25.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილი ოცამდე ავიდა და...

სტამბულის “გალათასარაის” და პირეოსის “ოლიმპიაკოსის” მატჩის დასრულებამდე 05:35 წუთით ადრე, მანუჩარ მარკოიშვილმა ზუსტი ორქულიანით სხვაობა მინიმუმამდე (65:66) დაიყვანა, რასაც სტუმრებმა 12:0 “გაქცევა” მიაყოლეს და თამაშის მოგებამდე მიყვანა არ გასჭირვებიათ – 67:78.

გასული შეხვედრა ევროლიგის მე-2 ტურის ეგიდით შედგა და მას არენა “აბდი იპეკჩიზე” 11 400 მაყურებელი დაესწრო, თუმცა კი, საყვარელი გუნდის გამარჯვება ვერ იხილა. ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 23:47 წუთში 7 ქულა, 5 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე), 2 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა.

მარკოიშვილმა 4-დან 2 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ. ცნობისთვის, ამ მატჩამდე მანუჩარს ევროლიგაში ზედიზედ 17 საჯარიმო ჰქონდა ჩაგდებული, რასაც კიდევ 3 წაამატა, შემდეგ კი 2 ტყორცნა გაუცუდდა და ეს სასიამოვნო სერიაც შეწყდა.

გასულ მატჩში თურქული გუნდიდან საუკეთესო ავსტრალიელი ცენტრი ნეით ჯავაი იყო 22 ქულით და 5 მოხსნით, პირეოსელებს კი ტრადიციულად ვასილის სპანულისმა ულიდერა 18 ქულით.

“ოლიმპიაკოსი” 2 გამარჯვებით C ჯგუფს სათავეში ჩაუდგა, “გალათასარაი” კი ტურის სხვა მატჩების დასრულებამდე თითო მოგება-წაგებით მე-3 ადგილზეა. სტამბულელებს ევროლიგაში მორიგი შეხვედრა 31 ოქტომბერს სტუმრად მალაგის "უნიკახასთან" ელით.

0.115388