კალათბურთი

15:11 | 26.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილი ისრაელთან პირველ მატჩს გამოტოვებს

ებრაელები შერმადინს და ჰიკმანს უფრთხიან

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს ისრაელთან საკონტროლო მატჩს ჩაატარებს. იგორ კოკოშკოვის გუნდი თელ ავივში გუშინწინ ჩავიდა, გუშინ კი ქალაქ ელეათს ესტუმრა და მომავალი მატჩისთვის მზადებას შეუდგა. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური ისრაელში ეროვნული გუნდის ერთ-ერთ მწვრთნელ კოტე ტუღუშს შეეხმიანა და სანაკრებო ამბები გამოჰკითხა...

- ელეათში თელ ავივიდან გუშინ, დღის პირველ საათზე ისრაელის ნაკრებთან ერთად ჩამოვფრინდით. გუნდმა საღამომდე დაისვენა და შემდეგ ივარჯიშა. ელეათი პატარა, საკურორტო ქალაქია და აქ დიდი დარბაზი არ აქვთ. ტრიბუნები 2 ათას მაყურებელს იტევს და როგორც აქაურები ამბობენ, დღეს, დარბაზი სავსე იქნება.

- გუნდის წევრები როგორ ფორმაში არიან, მანუჩარ მარკოიშვილს ტრავმა ხომ არ აწუხებს?

- მანუჩარმა გუშინ და დღეს ივარჯიშა, მაგრამ საღამოს, ისრაელის წინააღმდეგ არ ითამაშებს. მას სერიოზული არაფერი აწუხებს, უბრალოდ, პრევენციის მიზნით, მწვრთნელებმა და ექიმებმა მისი დასვენება გადაწყვიტეს, რათა ფეხი არ გაუმიზეზდეს.

- ისრაელთან მომდევნო მატჩი 28 აგვისტოს გაქვთ და მარკოიშვილი არც იქ ითამაშებს?

- არ ვიცით, სავარაუდოდ მოედანზე გავა, თუმცა მის დატვირთვას მოვერიდებით. რაც შეეხებათ დანარჩენ კალათბურთელებს, ყველა სრულ საბრძოლო ფორმაშია, მათ შორის, რიკი ჰიკმანიც, რომელმაც ფეხის ტრავმის გამო. ამასწინათ 1 თამაში გამოტოვა.

- ისრაელთან მეორე მატჩი ჰაიფაში გაიმართება...

- ჰაიფაში ხვალ დილით გავემგზავრებით და საღამოს ვივარჯიშებთ, ხოლო ზეგ ისრაელთან მომდევნო საკონტროლო მატჩს ჩავატარებთ. 29 აგვისტოს, დილას კი ლიტვაში გავფრინდებით.

როგორც ტუღუშმა აღნიშნა, საქართველოს ნაკრებმა ისრაელში პირველი ვარჯიში გუშინ ჩაატარა და ჩვენი გუნდის ცენტრ გიორგი შერმადინს არაერთ მეგობართან შეხვედრა მოუწია. შერმადინი ხომ თელ-ავივის “მაკაბის” ღირსებას იცავდა და სამახსოვრო სურათი ამ გუნდის ექს-წევრ და აწ უკვე “ჰიუსტონ როკიტსის” კალათბურთელ ომრი კასპისთანაც გადაიღო.

შემთხვევითი არაა, რომ მომავალი მატჩების აფიშებზე ებრაელებმა სწორედ შერმადინი და საქართველოს ნაკრების ამერიკელი უკანახაზელი რიკი ჰიკმანი “გამოფინეს”, რომელიც ამჟამადაც “მაკაბის” წევრია და ისრაელის ლიგის ერთ-ერთ უძლიერეს მოთამაშედ ითვლება.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის და საქართველოს დღევანდელი მატჩი თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება და სავარაუდოდ, მატჩისთვის თვალის მიდევნება ინტერნეტ-ბმულების საშუალებით იქნება შესაძლებელი.

0.122239