კალათბურთი

16:37 | 4.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილი ბერძნულ შეკრებაზე გაემგზავრა

ქართველი კალათბურთელი მანუჩარ მარკოიშვილი მოსკოვის ცსკა-სთან ერთად მე-2 წინასასეზონო შეკრებაზე ბერძნულ ქალაქ კარპენისში გაემგზავრა. რუსულ გრანდს აღნიშნული ადგილი შემთხვევით არ შეურჩევია. კარპენისი ცნობილი ბერძნული სამთო კურორტია, რომელიც ათენიდან 4 საათის სავალზე იმყოფება და საკალათბურთო გუნდები იქაურ ბაზებს არცთუ იშვიათად იყენებენ.

ცსკა-ს ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, გუნდი პირველ საკონტროლო მატჩს 10 დღის თავზე ჩაატარებს. 14 სექტემბერს “არმიელები” პატრის “აპოლონს” ეთამაშებიან, 16-ში კი ძალებს ტრიკალას “არისთან” მოსინჯავენ. 18 სექტემბერს “წითელ-ლურჯები” გეზს სალონიკისკენ აიღებენ და მე-2 დღეს მაყურებლებისთვის დახურულ თამაშში თურქულ “ბანვითს” გაეჯიბრებიან. 20-21 სექტემბერს უკვე ნიკოს გალისის სახელობის საერთაშორისო ტურნირი შედგება და ცნობილია, რომ ნახევარფინალში ცსკა-ს მეტოქე ათენის “პანათინაიკოსი” იქნება.

აღნიშნულით, მოსკოველთა ბერძნული ტურნე დასრულდება, რის შემდეგაც ცსკა-ს თურქული ტურნირი და მოსკოვში დაგეგმილი ალექსანდრ გომელსკის სახელობის შეჯიბრი ელით. ამჟამად, რუსულ გრანდს ძირითადი შემადგენლობიდან მხოლოდ მილოშ ტეოდოსიჩი აკლია. მოგეხსენებათ, სერბი მცველი  ეროვნული ნაკრების ღირსებას ესპანეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე იცავს.

0.112212