ინტერვიუები

18:30 | 4.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

მარკო სტორარი: “ტოტის დარტყმის დროს იღბალმა დამინდო”

იტალიის სერია A-ს ბოლო ტურში ერთდროულად ორი ცენტრალური შეხვედრა შედგა. მილანური “მადონინას” გარდა, დიდ ყურადღებას იწვევდა რომაული დაპირისპირებაც, სადაც დედაქალაქურ “რომასთან” საასპარეზოდ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი - ტურინის “იუვენტუსი” ჩავიდა.

პრობლემებმიძალებულ “ბებერ ქალბატონს” (დი ჩელიე, რინაუდო, სისოკო, კვალიარელა, იაკინტა, კიელინი, დელ პიერო ტრავმირებულები არიან) მეკარის, ჯანლუიჯი ბუფონის გრიპიც დაემატა. ლუიჯი დელ ნერის გუნდს კრასიჩისა და მატრის გოლებმა მოაგებინა, თუმცა, გოლკიპერ მარკო სტორარის რამდენიმე ურთულესი ბურთი რომ არ მოეგერიებინა, ძნელი სათქმელია, რამდენ ქულას წაიღებდა “მარადიული ქალაქიდან” “იუვე”.

- რომის “ოლიმპიკოზე” ბრწყინვალედ ითამაშეთ. როგორ ემზადებოდით “რომასთან” წინააღმდეგ საასპარეზოდ?
- განსაკუთრებული მომზადება არ გამივლია, რადგან შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრეც კი არ ვიცოდი, კარში ჩადგომა რომ მომიწევდა. ჯიჯის ავადმყოფობის გამო შანსი მომეცა და პრინციპულ მატჩში თავის გამოჩენაც შევძელი. ეს გასაკვირი არ უნდა იყოს – ყოველდღიურად ბევრს და მონდომებით ვვარჯიშობ.
- რამდენიმე ურთულესი დარტყმა გაანეიტრალეთ. ყველაზე მეტად რომელი დარტყმის მოგერიება გაგიძნელდათ?
- ფრანჩესკო ტოტის დარტყმის. იმ მომენტში კარგი რეაქცია კი გამოვავლინე, მაგრამ დიდწილად ბედმაც გამიღიმა. ყველა სეივზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი კი, “იუვენტუსის” გამარჯვებაა. გუნდმა მაღალი კლასი აჩვენა და რაც მთავარია, კარგ ფორმაში შედის. ვნახოთ, რა მოხდება ჩემპიონატის ფინიშზე.
- შარშან “სამპდორიაში” თამაშობდით და “რომას” გენუელთა დამარცხების საშუალება არ მიეცით, ახლა დიდწილად თქვენმა საიმედო ასპარეზობამ განაპირობა რომაელთა დამარცხება...
- ამგვარ სტატისტიკას ყურადღებას არ ვაქცევ. ვცდილობ, გუნდის კარი საიმედოდ დავიცვა და მოწინააღმდეგის გულშემატკივრების გაწბილება ჩემი თვითმიზანი არაა.
- ბევრის აზრით, “რომა”-“იუვენტუსის” საუკეთესო მოთამაშე ხართ...
- ჩემი აზრით, უძლიერესი ფაბიო გროსო იყო. პირველ ტაიმში ჩვენზე დიდი დაწოლა განხორციელდა და ფაბიოს შეტევაში ჩასართავად არ ეცალა, მეორე ტაიმში კი დროდადრო ფლეიმეკერის ფუნქციებსაც ასრულებდა. გროსომ ორი საგოლე პასი შეასრულა და ბევრ სხვა ეპიზოდშიც კარგად გამოიყურებოდა.


გოჩა კაჭარავა

0.118202