ინტერვიუები

15:04 | 29.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარკო მატერაცი: “ბენიტესი სულმოკლე ადამიანია”

იტალიის ნაკრებისა და მილანის “ინტერის” ექსწევრი მარკო მატერაცი ამჟამად მეუღლის მშობლიურ ქალაქ პერუჯაში ცხოვრობს. რამდენიმე დღის წინ მატერაცი მილანს სტუმრობდა, სადაც მას ჟურნალისტები გამოელაპარაკნენ.

 
- საფეხბურთო კარიერა 2011 წელს დაასრულეთ. 10 წელი გაატერეთ მილანის “ინტერში”, მაგრამ ბუცების ლურსმანზე დაკიდების შემდეგ “ნერაძურიში” აღარ გამოჩენილხართ. რატომ?
- “ინტერის” მაისური ჩემი მეორე კანია და ეს კლუბი ყოველთვის მშობლიური და საყვარელი იყო. კლუბის ხელმძღვანელებთან გარკვეული სახის კონტაქტი დღემდე მაქვს, თუმცა, მათგან დასაქმების წინადადება არ მიმიღია. 
- ამაზე გული არ გწყდებათ?
- ოდნავადაც არა. უბედნიერესი კაცი ვარ. “ინტერის” შემადგენლობაში ყოფნის პერიოდში ყველაზე მეტი ჯილდო მოვიგე. ვიცი, შემედავებიან და ხავიერ ძანეტის სახელს მიხსენებენ, მაგრამ მათ შევახსენებ, რომ 2006 წელს მუნდიალი “ნერაძურის” წევრობის პერიოდში მოვიგე და 2010 წელს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონიც გავხდი. “ინტერში” ამდენს სხვამ ვერ მიაღწია. კლუბთან დღევანდელ ურთიერთობას რაც შეეხება, მე და “ინტერი” ჩვენ-ჩვენი გზებით მივდივართ. თუკი ისინი გადაიკვეთებიან, ამას რა აჯობებს!
- “ინტერის” მფლობელ მასიმო მორატისთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- საუკეთესო. როდესაც შევიტყვე, რომ გუნდის სამომავლო გეგმებში აღარ შევდიოდი, სინიორ მასიმოს ვესტუმრე, მან კი მითხრა, ისე მოიქეცი, როგორც გული გიგრძნობსო. თავისუფლად შემეძლო დარჩენა, მაგრამ თუკი მწვრთნელი არ გენდობა, დარჩენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება მცდარი იქნებოდა.
- ამჟამად რას საქმიანობთ?
- კოვერჩიანოში მწვრთნელთა კურსებს გავდივარ. მწვრთნელობა მინდა, ოღონდა არა იტალიაში. სიამოვნებით ვიმუშავებდი ინგლისში. ყოველთვის სიახლის ძიებასა და შეცნობაში ვარ. როდესაც მამაჩემი მწვრთნელი იყო, ხშირად გვიხდებოდა საცხოვრებლად ერთი ადგილიდან მეორეში გადასვლა. ამის გამო, მომთაბარედ ჩამოვყალიბდი, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. ამგვარი სულისკვეთების ადამიანებს კი სხვადასხვა კულტურათა გაცნობის და გათავისების სურვილი ამოძრავებთ.
- საფეხბურთო კარიერის განმავლობაში მრავალ სპეციალისტთან ერთად გიმუშავიათ. ყველაზე მეტად რომელ მწვრთნელთან თანამშრომლობა დაგამახსოვრდათ?
- მართლაც ბევრ მწვრთნელთან მიმუშავია და მხოლოდ ორთან ვერ გამოვნახე საერთო ენა. მათ უსინდისო ადამიანებად ვთვლი.
- ვეჭვობთ, ამ ორიდან ერთ-ერთი რაფა ბენიტესია...
- კლუბის პრეზიდენტი რომ ვიყო, ბენიტესს საკუთარი გუნდის გაწვრთნას არასდროს მივანდობდი. მან “ინტერისთვის” საკუთარი დისციპლინის თავზე მოხვევა სცადა. ჩვენ მაღალი კლასის, შრომისმოყვარე ფეხბურთელები ვიყავით და ანბანური ჭეშმარიტებები ისედაც კარგად ვიცოდით. ჟოზე მოურინიო და მერჩელო ლიპი ბენიტესის მსგავსად არასდროს მოიქცეოდნენ. რაფამ კი მოინდომა პატარა ბავშვებივით, მის მიერ დამკვიდრებული 10-12 წესის მიხედვით ვემართეთ. თითქოს სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლები ვიყავით. პინეტინაში, ჩვენ საწვრთნელ ბაზაზე იმ მწვრთნელთა ფოტოებია, რომელთაც “ინტერს” მნიშვნელოვანი ტიტულები მოაგებინეს. არ გაინტერესებთ, რა გააკეთა ბენიტესმა? მან იმ სურათების ჩამოხსნა ბრძანა, რომელზე ჟოზე მოურინიოა გამოსახული. ამით რაფამ თავის სულმოკლეობას გაუსვა ხაზი. 
- რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, ბაზაზე თქვენ კარადაში მოურინიოს ფოტოები ინახებოდა. ბენიტესმა მათი მოშორება მოგთხოვათ?
- ეს რომ მოეთხოვა, მის საცემრად გავიწევდი. კარადაში არა მარტო მოურინიოს, ჩემი ოჯახის წევრების და ჯაცინტო ფაკეტის სურათები მქონდა. მოურინიოს რაც შეეხება, ფეხბურთში ყველაზე მეტი მისგან ვისწავლე.
- მოურინიოსთან კონტაქტი გაქვთ?
- ჟოზესთან ხშირი ურთიერთობა მაქვს. ერთმანეთს სატელეფონო საუბრებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით ვეკონტაქტებით.
- ჟოზე მოურინიოს სამწვრთნელო შტაბში დასაქმების სურვილი არ გაქვთ?
- მირჩევნია 30 წელი ჟოზეს თანაშემწე ვიყო, ვიდრე 2 წელიწადში დამოუკიდებელი სამუშაო მივიღო. პორტუგალიელთან ურთიერთობისას უამრავ სიახლეს, საინტერესოს და სასარგებლოს გაიგებ. ჩემი ნება რომ იყოს, ჟოზე მოურინიოს სამწვრთნელო შტაბს ამ საღამოდანვე შევუერთდებოდი.
 
გოჩა კაჭარავა 
 
0.156192