ინტერვიუები

17:14 | 5.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

მარკო ბორიელო: “იუვენტუსის” წინადადებას ვერ იუარებ”

ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეულმა მარკო ბორიელომ tuttojuve-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კარიერაში ახალი გამოწვევა მიიღო და ბოლომდე შემართულია სერია A-ს მეორე ნახევრის წინ. ცნობისთვის, 29 წლის ბორიელოს იტალიის ათ გუნდში უთამაშია, ბოლოს კი “რომაში” იყო.
-    როგორ გრძნობთ თავს “იუვეში”?
-    დიდი მადლობა. ჩემთვის დიდი პატივია “იუვეში” ყოფნა. როცა ასეთი ტიტულოვანი კლუბი გიწვევს, პატივისცემის გამოხატულებაა. ჩემთვის დიდი სტიმულია.
-    როგორია “იუვენტუსი” მიმდინარე სეზონში?
-    საჯარიმო მოედნის გუნდია, მკაცრი, მიზანმიმართული და მოგებებზე დაგეშილი. ისინი რიტმულად თამაშობენ და ამან ცოტათი გამაკვირვა კიდეც. იმედი მაქვს, “იუვე” ბოლომდე გამოიყენებს ჩემს ტალანტს.
-    რა მიზნებით მოხვედით გუნდში?
-    რა თქმა უნდა, “იუვეს” თამაშის აზროვნებაში უნდა ჩავჯდე და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებ. ახლა კონკრეტულ მიზნებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ მაქსიმუმს შევეცდები.
-    უკვე ესაუბრეთ ანტონიო კონტეს გუნდში საკუთარ როლზე და თამაშის იდეაზე?
-    ტელეფონით ველაპარაკე, მაგრამ ამ სახასიათო შტრიხებს არ შევხებივართ. ვფიქრობ, კონტე ბოლომდე კონცენტრირებულია “ლეჩესთან” მატჩზე, თუმცა 9 იანვარს შევხვდებით და ყველაფერზე ვისაუბრებთ.
-    დუბაიში მყოფმა ზოგიერთმა ფეხბურთელმა ლამაზი სიტყვებით ისაუბრა თქვენზე. ელაპარაკეთ მათ?      
-    მე ბევრ მათგანთან ერთად მითამაშია ეროვნულ ნაკრებში. პლუს, ვუჩინიჩთან “რომაში”, პირლოსთან “მილანში”, ხშირად ვუგზავნი მესიჯებს პეპეს, კიელინის... ტელეფონით ჯერ არ მისაუბრია მათთან. მალე ისედაც პირადად შევხვდებით.    
-    გულშემატკივრებს რას ეტყოდით?
-    მერწმუნეთ, “იუვენტუსის” წინადადებაზე უარი არასოდეს მითქვამს, რადგან ეს ის კლუბია, სადაც გადასვლას ვერ იუარებ.  უნდა ვთქვა, უფრო მოსახერხებელი იყო ჩემი გაყიდვა, ვიდრე იჯარით გაშვება. “რომამ” “მილანთან” შეთანხმებას ვერ მიაღწია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს მე “იუვეს” უარს ვეუბნებოდი. “ტიფოზებს” ჯერ ვერაფერს ვეტყვი, სიტყვების ჰაერზე სროლა არ მჩვევია. მირჩევნია, საქმით დავამტკიცო მინდორზე.   

 

მოამზადა ილია ნანობაშვილმა

 



 

0.118744