ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის და სპორტული ორგანიზაცია “სპორტ აკორდის” პრეზიდენტი – მარიუს ვიზერი 15 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ვიზერის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ – ბიძინა ივანიშვილთან და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ – ლევან ყიფიანთან.
მარიუს ვიზერის შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან გაიმართება 11:00 საათზე ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში. 12:00 საათზე მარიუს ვიზერს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მინისტრი ლევან ყიფიანი უმასპინძლებს.
მხარეების შეხვედრის შემდეგ, სამინისტროში 12:30 საათზე გაფორმდება 2 ხელშეკრულება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ძიუდოს ფედერაციასა და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას შორის.
პირველი მემორანდუმი მოიცავს თბილისის საერთაშორისო ტურნირისათვის გრან-პრის სტატუსის მინიჭებას, ხოლო მეორე მემორანდუმი ეხება სკოლებში ძიუდოს სწავლების პროექტის ხელშეწყობასა და განვითარებას.
აღნიშნული პროექტის მიხედვით, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია საქართველოს რეგიონებს ძიუდოს ინვენტარით მოამარაგებს, ხოლო რეგიონებში მომუშავე მწვრთნელებს 1 წლის მანძილზე ყოველთვიური ხელფასი დაენიშნებათ.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ასევე გაიმართება შეხვედრა სპორტსმენებთან, ოლიმპიურ, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონებთან, რის შემდეგაც ჩატარდება პრესკონფერენცია მედიის წარმომადგენლებისათვის.
ერთდღიანი ვიზიტის დასასრულს 16:00 საათზე, გრატო პასაჟის შენობაში (კოსტავას ქ. 37/39) გაიმართება შეხვედრა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მმართველ დირექტორთან ცოტნე ებრალიძესთან.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის მარიუს ვიზერის ვიზიტი თბილისში
15 ნოემბერი
04:10 – ჩამოფრენა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
11:00 – შეხვედრა ბიზნეს ცენტრში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან
12:00 – შეხვედრა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მინისტრ ლევან ყიფიანთან
12:30 – პრესკონფერენცია და ხელშეკრულების გაფორმება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ძიუდოს ფედერაციასა და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას შორის სკოლებში ძიუდოს სწავლების პროექტის ხელშეწყობისა და განვითარებისათვის
16:00 – შეხვედრა გრატო პასაჟის შენობაში (კოსტავას ქ. 37/39) საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მმართველ დირექტორთან ცოტნე ებრალიძესთან
მარიუს ვიზერის დოსიე
დაიბადა 1958
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) და კომპანია SpotAccord-ის პრეზიდენტი (ოლიმპიური და არაოლიმპიური საერთაშორისო ფედერაციების კავშირი, რომელიც აერთიანებს 100-ზე მეტ ფედერაციას).
რუმინეთის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი (1995-2000)
ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტი (2000-2007)
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი (2001-2007)
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი (2007 წლიდან)
მთავარი მიღწევები:
- მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდება ყოველ
- ძიუდოს ტურის შემუშავება, რომელიც მოიცავს 5 გრან-პრის, 4 გრან-სლემს და მსოფლიო მასტერსს;
- მძლავრი სპონსორების მოზიდვით ძიუდოს ტურის კომერციალიზაცია – საპრიზო თანხა სადღეისოდ 1.5 მილიონ დოლარს შეადგენს;
- შემოიღო რეიტინგი თითოეული წონითი კატეგორიისთვის;
- ძიუდოს სამყაროს სრული რებრენდინგი;
- მჭიდრო კავშირი მსოფლიოს წამყვან ტელესაკომუნიკაციო კომპანიებთან (მსოფლიოს 2012 წლის ჩემპიონატის ტელერეპორტაჟი 130 ქვეყანაში გადაიცა)
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური