ჩოგბურთი

17:12 | 15.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარიონ ბარტოლი: არსებობს ლიმიტი, რის შემდეგაც, ვეღარ იასპარეზებ.

 

ფრანგმა ჩოგბურთელმა მარიონ ბარტოლიმ, დღეს გამთენიისას ჰალეპთან განცდილი მარცხის შემდეგ, ჟურნალისტებს ჩოგბურთიდან წასვლის გადაწყვეტილება ამცნო. ,,უიმბლდონის" მოქმედი ჩემპიონის თქმით, მისი ორგანიზმი დატვირთვას ვეღარ უძლებს. WTA-ის რვაგზის ჩემპიონმა, მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს ვრცლად უპასუხა.

-მაინც, რატომ გადაწყვიტეთ ჩოგბურთიდან წასვლა?

-მეტი აღარ შემეძლო, საჩოგბურთო წლის დაწყებამდე ბევრი ტრამვა მივიღე. მართალია, “უიმბლდონის” მოგებით ოცნება ავიხდინე, თუმცაღა, ამ წარმატებას მთელი ენერგია შევალიე. თამაშის დაწყებიდან 45 წუთის, ან ერთი საათის შემდეგ, ჩემი ორგანიზმი ტკივილს განიცდის. ასე დიდხანს გაგრძელება აღარ შემეძლო.

-მატჩის დაწყებამდე თუ გქონდათ გადაწყვეტილი კარიერის დამთავრება?

-წინასწარ არასოდეს იცი, რომელია ბოლო მატჩი კარიერაში. უბრალოდ, შეხვედრის შემდეგ, როდესაც ფიზიკურ ტკივილს განვიცდიდი, მივხვდი, რომ ეს იყო ბოლო მატჩი. გადაწყვეტილების მიღება რთული აღმოჩნდა, თუმცაღა, სპორტში არსებობს ლიმიტი, რის შემდეგაც, პროფესიულ დონეზე თამაშს, ვეღარ შეძლებ.

-აქამდე თუ ფიქრობდით, რომ საჩოგბურთო კარიერა დაგემთავრებინათ?

-რთული ასახსნელია. როცა ოცნებობ მოიგო ტურნირები, მაინც თამაშობ. წლების განმავლობაში ვიბრძოდი, ბევრი ტრავმაც მივიღე, რეიტინგში აღმასვლასა და დაღმასვლას განვიცდიდი, მაგრამ მაინც ვასპარეზობდი, მქონდა ოცნებაბ - უიმბლდონი მომეგო - და ეს კარგად გამომივიდა.

-მამასთან ერთად თუ განიხილეთ გადაწყვეტილება (ვოლტერ ბარტოლი მას წლების განმავლობაში წვრთნიდა)?

-მამა საკმაოდ კარგად მიცნობს. ცინცინატის მასტერსამდე იცოდა როგორ გადავიღალე და როგორ ტკივილს განვიცდიდი. თქვა, რომ მე ჩემი ბედნიერებისთვის ვშრომობდი და ის ჩემს გადაწყვეტილებას პატივს ცემს.

-რა არის ფიზიკური ტკივილის მიზეზი?

-ამის მიზეზი ბევრი ტრავმაა. ამის გამო, კორტზე ნორმალურად ვეღარ ვმოძრაობ. მოგეხსენებათ, ხელოვნურ საფარზე მოძრაობა დიდ სისწრაფეს მოითხოვს. ჩემი ფეხები, მხრები, ზურგი ტკივილს განიცდიდა. ძნელია წლების განმავლობაში მუდმივად სწრაფ ტემპში თამაში.

-რა არის ბარტოლის კარიერაში ყველაზე საამაყო?

-ვფიქრობ, ვარ პატიოსანი, ერთგული ჩემი მეგობრების, გუნდის, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც წლების განმავლობაში მეხმარებოდნენ. როცა ხალხი მათ შეეკითხება: ,,როგორია ბარტოლი"? ისინი უპასუხებენ: ,,ის მშვენიერი ადამიანია". ესაა ის, რითაც ყოველთვის ვიამაყებ.

მარიონ ბარტოლიმ კარიერა საჩოგბურთო რეიტინგში მე-7 ადგილზე დაასრულა.

WTA-ს რეიტინგში 2000 წელს ჩაერთო.

მოგებული ტურნირები (8): 2013 _ უიმბლდონი; 2011 _ ისტბორნი, ოსაკა; 2009 _ მონრეალი, სტენფორდი; 2006: ოკლენდი, ტოკიო (იაპონიის ღია ჩემპიონატი); ქვებეკ სითი.

ფინალისტი (11): 2012 _ პარიზი, კარლსბადი; 2011 _ ინდიანა უელსი, სტრასბურგი, სტენფორდი; 2009 _ ბრისბეინი, ბალი; 2008 _ სტანფორდი; 2007 _ პრაღა, უიმბლდონი; 2006 _ ბალი.

ერთეულთა თანრიგი(მოგება-წაგება):  490 _ 298

გამომუშავებული თანხა: 11,042,914 აშშ დოლარი

გიორგი ბალახაძე 

0.118279