ინტერვიუები

16:55 | 29.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

მარიო გომესი: “უმთავრესი მიზანი ევროპის ჩემპიონატის მოგებაა”

გერმანული ბუნდესლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირს მარიო გომესს ფიფას ოფიციალური ვებგვერდის კორესპონდენტი გაესაუბრა. “ბაიერნის” მეგოლის განწყობას და სამომავლო გეგმებს ჟურნალისტისა და ფორვარდის დიალოგიდან შეიტყობთ.


- უკრაინასთან ტესტ-მატჩში პირველად მოირგეთ ბუსდესნაკრების კაპიტნის სამკლავური. რამდენად გაგახარათ ამ მომენტმა?
- გითხრათ ნამდვილი, დიდი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია იმ ფაქტისთვის, მწვრთნელებმა გერმანიის ნაკრების კაპიტნობა რომ მომანდეს. უკრაინელებთან წინააღმდეგ საასპარეზოდ ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი დაგვაკლდა, ამიტომაც გადაწყდა ჩემი წინამძღოლობა. მინდორზე ჩემი თანაგუნდელები ფილიპ ლამი ან ბასტიან შვაინშტაიგერი რომ ყოფილიყვნენ, სამკლავურს სწორედ ისინი მოირგებდნენ და არა მე. ისე კი, მართლაც დიდი პატივია გერმანიის ეროვნული გუნდის კაპიტნობა – გაიხსენეთ რა დონის მოთამაშეებს ხვდათ წილად ეს პატივი.
- უკრაინელებთან მატჩში ბუნდესნაკრების წევრთაგან ყველაზე ასაკოვანი სწორედ თქვენ იყავით. 26 წლის ასაკში თავს ვეტერანად ხომ არ გრძნობდით?
- ამ მომენტს მხოლოდ მაშინ მივაქციე ყურადღება, როდესაც მატჩის ოქმზე ხელს ვაწერდი. ოფიციალურ დოკუმენტს დავაკვირდი და აღმოვაჩინე, რომ ჩემ შემდეგ ყველაზე ასაკოვანი გერმანელი ფეხბურთელი 1987 წელსაა დაბადებული. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა სწორი მიმართულებით ვითარდება გერმანული ფეხბურთი და მას არა მხოლოდ სახელოვანი წარსული აქვს, არამედ დიდი მომავალიც. ბუნდესლიგის კლუბებში ბევრი მაღალი კლასის ახალგაზრდა მოთამაშე ასპარეზობს, რომლებიც უკვე სადღეისოდ აკმაყოფილებენ უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს, სამომავლოდ კი უფრო მოუმატებენ.
- მოდით შევაჯამოთ 2011 წელი. გერმანიის ნაკრებისთვის იგი წარმატებული იყო?
- რასაკვირველია ასეა. ჩვენ ხომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ყველა მატჩი მოვიგეთ. ეს საპატიო და ურთულესად მისაღწევი შედეგია. პირადად მე რაც შემეხება, ამ თვალსაზრისით მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა. აშკარად ვგრძნობ, რომ იოაჰიმ ლიოვი უფრო მეტად მენდობა, რაც ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად ჩართვაში გამოიხატება. ძალიან ბევრს ვშრომობ, რათა კლუბისა და ნაკრების მთავარი მწვრთნელების ნდობა გავამართლო.
- ოტმარ ჰიტცფელდმა ამასწინათ განაცხადა, მარიო გომესი მიუნხენის “ბაიერნისთვის” ისეთივე მნიშვნელოვანი ფიგურაა, როგორც ლეო მესი “ბარსელონისთვისო”...
- გამოცდილი და ავტორიტეტული სპეციალისტის ეს სიტყვები მეც წავიკითხე და გულახდილად გეტყვით, გამიხარდა. ჰერ ოტმარი ხომ რომელიღაც ასაკოვანი კომენტატორი კი არაა, არამედ მეტად წარმატებული, მოქმედი მწვრთნელია. ისე, მესის საკუთარ თამაშს არ ვადარებ – ჩვენ ხომ სხვადასხვა ამპლუის ფეხბურთელები ვართ. პირადად მე ლეოს სადღეისოდ პლანეტის უძლიერეს მოთამაშედ ვთვლი. მე კი ჩემი კოზირები მაქვს, რომელთაც საფეხბურთო მინდორზე, ვფიქრობ, კარგად ვიყენებ. თუმცა, ერთიცაა, მეტის მიღწევა მწადია.
- ერთ-ერთი თქვენი მიზანი ევრო2012-ზე ოქროს მედლის მოპოვებაა? სხვა შედეგი, თუნდაც პრიზიორობა, არ დაგაკმაყოფილებთ?
- ბუნდესნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის მნიშვნელოვანია მისმა გუნდმა ლამაზი, მაყურებლისთვის მიმზიდველი ფეხბურთი ითამაშოს. იგი რომელიმე ტურნირის წინ ფინალში გასვლას ან პრიზიორობას არ გვისახავს. ლიოვის ამოცანა ყოველ მატცში გუნდის სოლიდური ასპარეზობაა, შედეგი კი თავისთავად მოდის. გერმანიის ნაკრების ამჟამინდელი მდგომარეობა, ცალკეული ფეხბურთელებისა და მთლიანად გუნდის კლასი მომავალ წელს ჩემპიონობისთვის ბრძოლის საშუალებას მოგვცემს, მაგრამ ევროპის პირველობაზე გამარჯვება ერთბაშად რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. იმ დროისთვის წამყვანი მოთამაშეები ოპტიმალურ ფორმაში უნდა იყვნენ და ფორტუნის ჩვენ მხარეზე ყოფნაც მნიშვნელოვანი მომენტია. გერმანიას ტრადიციულად ძლიერი ნაკრები ჰყავს და ნუ გაიკვირვებთ, თუკი კიევში ჩასატარებელ ფინალურ პაექრობაზე გვიხილავთ.
- კონტინენტის პირველობაზე თქვენი მთავარი მოწინააღმდეგე ესპანეთი იქნება. უმთავრესი მიზანი ვისენტე დელ ბოსკეს რჩეული მოთამაშეებით შემდგარი გუნდის ძლევაა?
- არა, ჩვენი უმთავრესი მიზანი ევროპის ჩემპიონატის მოგებაა.
- გერმანელი საფეხბურთო მიმომხილველები ბევრს საუბრობენ თქვენი და მიროსლავ კლოზეს შესაძლო შეწყვილებაზე. ზოგს ეს არასასურველად მიაჩნია, ზოგიც ამტკიცებს, რომ თქვენი სათავდამსხმელო დუეტი გერმანიის ნაკრებს მხოლოდ წარმატებას მოუტანს. თავად მარიო გომესი რას ფიქრობს?
- საბოლოო გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს და არა რომელიმე ფეხბურთელი. გააჩნია, ლიოვი როგორ ტაქტიკურ განლაგებაზე გააკეთებს არჩევანს.
- ავსტრია-შვეიცარიის 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე ფაქტობრივად კლოზეს დუბლიორი იყავით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალ წელს კონტინენტის პირველობაზე ბუნდესგუნდის სასტარტო შემადგენლობის წევრად გაემგზავრებით?
- 2008 წელსაც ნაკრების სრულფასოვანი წევრი გახლდით, უბრალოდ ავსტრიასთან მატჩის შემდეგ, გარკვეული ხნით, რთული სანაკრები პერიოდი დამიდგა. თუმცა, ამჟამად ყველაფერი კარგადაა, ბევრს ვვარჯიშობ, ვთამაშობ და ბლომად გოლებიც გამაქვს. დანარჩენი ლიოვის გადასაწყვეტია.



გოჩა კაჭარავა
 

0.117134