107 გოლი ბუნდესლიგაში ჩატარებულ 5 სეზონში. იოცნებებდა ის ასეთ კარიერაზე? მომავალში მეკარეების რისხვამ, ბომბარდირული თვისებების გამოვლინება ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში დაიწყო. ბავშვთა გუნდის შემადგენლობაში ჩატარებულ თავის პირველ მატჩში, პატარა მარიო გომესმა სასტვენისთანავე მოიპოვა ბურთი და გოლის გასატანად გაემართა. მიზნის მიღწევის სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ პატარა ფეხბურთელმა კარებები აურია და ავტოგოლის გატანამდე სულ ცოტა დააკლდა. საბედნიეროდ, სიტუაცია თანაგუნდელმა გამოასწორა - “მაშინ თამაშის წესები ჯერ სრულად არც ვიცოდი” - იხსენებს მარიო კარიერის დასაწყისს.
ჩვენი დროის გომესს საგოლე ალღოსთან მიმართებაში ყველაფერი წესრიგში აქვს. ახლა მან ზუსტად იცის, რომელი მიმართულებით უნდა გაიქცეს და დაარტყას. უკანასკნელი ორი სეზონია, ესპანური ფესვების მქონე გერმანელი ბუნდესლიგის გათამაშებაში 30-მდე გოლს რეგულარულად იტანს და მისი საუკეთესო ბომბარდირია. 2012/2013 წლების სეზონის დასაწყისში, გომესმა უმძიმესი ტრავმა მიიღო და ხანგრძლივი რეაბილიტაციის პერიოდის გავლა მოუწია. მწყობრში ჩამდგამრმა მარიომ პირველივე მატჩში დაამტკიცა, რომ სათამაშო პრაქტიკის არქონამ მის ბომბარდირულ თვისებებზე გავლენა ვერ მოახდინა. ყატარში დასრულებული საწვრთნელი შეკრების შემდეგ, გომესმა fcbayern.de-ს ინტერვიუ მისცა.
- როგორ გაქვთ ქუსლი? მის გამო შეკრების პირველი ორი დღე გაგიცდათ.
- ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ, ფეხი გადამიბრუნდა და თანაც არა ის, რომელიც გასულ სეზონში დავიზიანე. მხოლოდ ერთი დღე უნდა დამესვენა, მაგრამ ფიზიოთერაპევტმა მოითხოვა, რომ კიდევ ერთი დღე მეუქმა. მან უბრალოდ თავი დაიზღვია. დაბრუნების შემდეგ თანაგუნდელებზე უფრო დაძაბული ვარჯიშების შესრულება მომიწია, რთული იყო, მაგრამ არაუშავს.
- ქუსლი, რომელზეც ოპერაცია გაიკეთეთ, აღარ გაწუხებთ?
- ფიზიოთერაპევტი გამოკვლევებს პერიოდულად მიტარებს და ყველაფერი რიგზეა. ვარჯიშებზე თავს კარგად ვგრძნობ და თამაშებზეც სრულად შემიძლია დახარჯვა. ახლა ყველაფერი რიგზეა, თუმცა, აღდგენითი პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი იყო. მთელი ეს პერიოდი პრაქტიკულად ხოხვაში გავატარე, რადგან მაქსიმალურად სწრაფად მსურდა მოედანზე დაბრუნება. ახლა შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ყველაფერი კარგად გავაკეთე.
- არ გაგაკვირათ იმ ფაქტმა, რომ დაბრუნებისთანავე ათამაშდით?
- 4 თვე გამიცდა და ამიტომ, ყველაფრის ნულიდან დაწყება მომიწია. ეს ადვილი არ იყო, თუმცა, ვიცოდი, რომ კარგ ფორმაში ვიყავი, რადგან აღდგენით პერიოდში მუხლჩაუხრელად ვმუშაობდი. ცოტა გამიმართლა კიდეც, პირველივე თამაშში გოლის გატანა რომ შევძელი. ამის გაკეთება გუნდის დამსახურებით მოვახერხე, რომელმაც ბრწყინვალედ ითამაშა.
- რაა საიდუმლო “ბაიერნის” ასეთი შთამბეჭდავი შედეგიანობისა?
- ჩვენ შესანიშნავი სათადარიგო სკამი გვაქვს. მწვრთნელს აქვს როტაციის და გადაადგილებების განხორციელების კარგი შესაძლებლობა. ამასთან, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ფეხბურთელების შესანიშნავი ფიზიკური მომზადება. გასულ სეზონში კარგი გაკვეთილი მივიღეთ. მან გვაჩვენა, რომ კონცენტრაციის დაკარგვა არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება. შესაძლოა, ჩვენ გუნდში ბუნდესლიგის ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელები ირიცხებიან, მაგრამ ეს წარმატების გარანტია სულაც არაა და აუცილებელია დაუღალავი შრომა. ეს გაკვეთილი კარგად ავითვისეთ.
- ბუნდესლიგაში თქვენმა გუნდმა ჯერ მხოლოდ შვიდი გოლი გაუშვა, რაც ბრწყინვალე შედეგია. ჩემპიონთა ლიგაშიც ამდენივე გოლი მიიღეთ, ოღონდ, მხოლოდ ექვსი მატჩი ჩაატარეთ. რას დავაბრალოთ ეს სტატისტიკა?
- ამათგან სამი, “ბატესთან” წაგებულ მატჩში მივიღეთ. სეზონის პირველ ნაწილში ჩატარებული თამაშებიდან, ის ყველაზე გამორჩეულია. მაგრამ მარცხსაც აქვს თავისი დადებითი მხარე. ამის შემდეგ, ყოველ მომდევნო შეხვედრაში მაქსიმალური ყურადღებით ვთამაშობდით.
- ზამთრის საწვრთნელი შეკრება დასასრულს უახლოვდება. სამშაბათს “ბაიერნმა” “შალკე” 5:0 დაამარცხა. რას იტყვით შეკრების შესახებ?
- მთავარი ისაა, რომ ყველა ფეხბურთელი მაქსიმალურად მოტივირებულია და მომართულია საბრძოლველად. დარწმუნებული ვარ, ასეთი განწყობა სეზონის ბოლომდე შენარჩუნდება. 27-ივე მოთამაშე შესაძლებლობების პიკზეა და ეს ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. თუ დააკვირდებით ჩვენს პოზიციურ თამაშს და გადაცემებს, შეიძლება ითქვას, რომ ბურთი ჯაჭვურად მოძრაობს. ჩვენ უკეთესები ვართ და დიდ სიამოვნებას ვიღებთ თამაშისგან.
- ვარჯიშებისას მთავარი აქცენტი რომელ სათამაშო კომპონენტებზე კეთდებოდა?
- შვებულება იმ ხანგრძლივობისა არ იყო, რომ სათამაშო ფორმა დაგვეკარგა, მაგრამ საკმარისი იყო კარგად დასასვენებლად. ვარჯიშებზე თამაშის მრავალ ასპექტზე ვმუშაობდით და მწვრთნელი ცდილობდა, ის მაქსიმალურად მრავალფეროვანი გაეხადა.
- როგორი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე იმ ოთხმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა, რომლებმაც შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა?
- ძალიან კარგი და ეს სიურპრიზი სულაც არაა, რადგან “ბაიერნის” ახალგაზრდულ გუნდში შემთხვევით არავინ ხვდება. ისინი ნიჭიერი ფეხბურთელები არიან, რომლებიც მუხლჩაუხრელად ვარჯიშობენ და ცდილობენ უკეთესი გახდნენ. შეკრების მეხუთე დღეს გუნდში ერთგვარი მინიტურნირი ჩავატარეთ და ამ ბიჭებმა მეორე ადგილი დაიკავეს.
- თუ გაბედეს მათ მარიო გომესთან გასაუბრება?
- მე თავად ვიჩენდი ინიციატივას და ბიჭებს ვესაუბრებოდი, რათა მათთვის მორცხვობის მომენტი მომეხსნა, არ მორიდებოდათ ორთაბრძოლებში შესვლა, ემოქმედათ დამაჯერებლად და დაემსახურებინათ პატივისცემა. ვფიქრობ, მათ მიიღეს ჩემი რჩევები. ბიჭებს ძირითადი შემადგენლობის ყველა ფეხბურთელი გვერდში ედგა.
- რას გეგმავთ მიუნხენში დაბრუნების შემდეგ?
- გავაგრძელებთ ვარჯიშს, რათა საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ “ფიურტთან” მატჩს და მოვიპოვოთ გამარჯვება.
- შეძლებთ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნებას?
- ახლა გუნდის თამაში უფრო სტაბილურია, ვიდრე განვლილ სეზონში და ამის დასტურად პირველი წრის შედეგებიც გამოდგება. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჯერ ჩემპიონები არ ვართ და მოშვება არ შეიძლება. მომდევნო თვეებში “ბაიერნმა” უნდა დაამტკიცოს, რომ გერმანიის საუკეთესო კლუბია.
- “დორტმუნდმა” რომ შეძლოს გასული სეზონის სცენარის გამეორება?
- გასულ სეზონში “დორტმუნდს” უკეთესი კალენდარი ჰქონდა, ვიდრე ჩვენ. წელს ყველაფერი სხვაგვარადაა. ჩვენს მსგავსად მათაც უწევთ ჩემპიონთა ლიგაში ბრძოლა, მაგრამ მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან საქმე გვაქვს ძლიერ გუნდთან დიდებული მწვრთნელით სათავეში. უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს “დორტმუნდი” საგრძნობლად გაძლიერდა და ასეთ გუნდთან დაპირისპირება ნებისმიერ ჩემპიონატს დაამშვენებდა.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა