მარიო ბალოტელი თავისებური ადამიანი რომაა, უჩვენოდაც მშვენივრად უწყით. მის არაორდინალურობაში, “სიტის” იტალიელ ფორვარდთან ეს ინტერვიუ კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ.
- ცოტა ხნის წინ, სილვიო ბერლუსკონიმ პლანეტის ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად ანტონიო კასანო დაასახელა. ეთანხმებით მის თვალსაზრისს?
- ბერლუსკონი ან შეცდა, ან უბრალოდ მარიო ბალოტელის თამაში არ უნახავს.
- რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, ბავშვობიდან “მილანს” გულშემატკივრობთ. არ გიფიქრიათ, ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და ანტონიო კასანოსთან ერთად, “როსონერის” ფორვარდთა ტრიო რომ შეკრათ?
- ამაზე ბევრიც რომ ვიფიქრო, ჯერჯერობით, რეალიზებას ვერ შევძლებ. მომავალი სეზონის მიწურულამდე, “მანჩესტერ სიტის” საკუთრება ვარ. თანაც, ამ გუნდში თავს მშვენივრად ვგრძნობ. მეორე მხრივ კი, რატომ არ უნდა ვიფიქრო ბალოტელი-ტევეს-ჯეკოს შემტევ სამეულზე! დამისახელეთ ფორვარდთა ტრიო, რომელიც ჩვენსას აჯობებს. ამგვარი წინა ხაზი არც “ბარსელონას” ჰყავს და არც “რეალს”.
- რობერტო მანჩინის როგორ შეეწყვეთ? მასთან მუშაობა არ გიჭირთ?
- მანჩინისნაირი დამრიგებელი უწინ არ მყოლია. მალე ის ნომერ პირველი მწვრთნელი გახდება. სინიორ რობერტო ადამიანური თვისებებით, ჟოზე მოურინიოს სჯობს. მანჩინიმ მშვენივრად იცის, როგორ მიუდგეს თითოეულ ფეხბურთელს. როდესაც “სიტიში” ახალი გადასული ვიყავი, თავის კაბინეტში მიხმო და მითხრა, როდესაც “სამპდორიიდან” “ბოლონიაში” გადავედი, თავს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ ვთვლიდი და მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი, სრულყოფილებას რომ მიაღწიო, დიდი ხნის განმავლობაში, ძალიან ბევრი უნდა იმუშაოო. კარგად მივხვდი, რისი თქმაც სურდა დამრიგებელს.
- “სიტიში” ყველაზე მეტად ვინ გაგაკვირვათ?
- ადამ ჯონსონმა. ადრე, მისი თამაშის შესახებ წარმოდგენაც კი არ მქონდა. მისი ტექნიკით აღტაცებული ვარ.
- რომელი ფეხბურთელია ყველაზე მხიარული ადამიანი თქვენს ამჟამინდელ გუნდში?
- იაია ტურე და ემანუელ ადებაიორი. თუკი რაიმე ნიშნით, მათ ჩემი სავარჯიშო ფეხსაცმელი თვალში არ მიუვათ, გასახდელის ჭერს მიაკრავენ ხოლმე.
- კარლოს ტევესს მართლა ასეთი ჭირვეული ხასიათი აქვს, თუ ბრიტანული პრესა აზვიადებს?
- კარგით რა, პრესას ყველაფერი კი არ უნდა დაუჯეროთ! კარლიტოზე კეთილი ადამიანი მეორე არ მეგულება.
- ინგლისური პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ვის თვლით?
- დიდიე დროგბას.
- კი, მაგრამ უეინ რუნი?
- ცუდი ფეხბურთელი ნამდვილად არაა, მაგრამ მანჩესტერშიც კი არ გახლავთ საუკეთესო.
- ყველაზე მეტად რომელი მცველის წინააღმდეგ გიჭირთ თამაში?
- ძალიან არ მსიამოვნებს ნემანია ვიდიჩთან პირისპირ შეყრა. იგი ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო უკანახაზელია.
- “იუნაიტედის” გულშემატკივრები არ გაღიზიანებენ?
- როგორ გეკადრებათ, პირიქით, ისინი ქუჩაში მაჩერებენ და მეუბნებიან, მარიო, “ოლდ ტრაფორდზე” გადმოდიო. გეფიცებით, სრულ სიმართლეს მოგახსენებთ. მე კი “სიტის” ქომაგების გახარება მსურს ყველაზე მეტად, ამიტომაც ყოველმხრივ შევეცდები, “მანჩესტერის” დამარცხებაში შევიტანო წვლილი. “სიტის” ფანებს ვერ ვუღალატებ – დღემდე მბურძგლავს, როდესაც მახსენდება, როგორ თბილად დამხვდნენ ისინი “სიტი ოვ მანჩესტერ სთედიუმზე”. რა დამავიწყებს სიმღერას, რომელიც სახელდახელოდ დამიწერეს.
- ინგლისში უფრო გიადვილდებათ თამაში თუ იტალიაში?
- ინგლისში. იტალიელი მცველები ტაქტიკურად უფრო განსწავლულები და მოქნილები არიან. ნისლიან ალბიონზე გოლის გატანა უფრო იოლია, ვიდრე აპენინზე.
- იტალიაში, გულშემატკივრების მხრიდან რასისტული გამოხტომები მომრავლდა. როგორაა საქმე ინგლისში ამ მხრივ?
- კარგად. ბრიტანეთში კანის ფერით ფეხბურთელებს არ არჩევენ, კონფლიქტური სიტუაციები კი მხოლოდ მეტოქეობის ნიადაგზე მომდის. ლივერპულში მეგობრებთან ერთად ვსეირნობდი, ენფილდელთა ფანებმა მიცნეს და წავკინკლავდით, ოღონდ, ჩვენი უთანხმოება საფეხბურთო საკითხებს არ გასცილებია.
- იტალიელი მეგობრები ინგლისში ხშირად გაკითხავენ?
- საკმაოდ. თანაც ერთმანეთს კვლავინდებურად ვაშაყირებთ. ამასწინათ, მათ მანჩესტერში ჩამომაკითხეს და მანქანაში მედუზები შემომიყარეს. ძალიან შევშინდი და სალონიდან სასწრაფოდ გადავედი.
- “მანჩესტერ სიტის” მეპატრონეზე რას გვეტყოდით?
- ოო, მანჩინის ძალიან გაუმართლა. შეიხ მანსური სინიორ რობერტოს პრაქტიკულად, არაფერს ეუბნება და მხოლოდ ეკითხება, რომელი ფეხბურთელი გიყიდოო.
- დამწყებ ფეხბურთელებს რა რჩევას მისცემდით?
- უფრო ბავშვის მშობლებს ვურჩევდი, ნუ დააძალებენ შვილს ფეხბურთის თამაშს. უმჯობესია, მოზარდმა არჩევანი თავად გააკეთოს. ჩემს მშობლებს, მაგალითად, სულაც არ სურდათ, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გამოვსულიყავი. ისინი იცნობდნენ საფეხბურთო სამყაროს და მათ ამ პროფესიისთვის არ ვემეტებოდი.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ