მარიო ბალოტელი საფეხბურთო მინდორსა და მის ფარგლებს გარეთაც არაორდინალური პიროვნებაა. მას განსხვავებული სათამაშო სტილი აქვს, ჟურნალისტების კითხვებს რომ ორიგინალურ პასუხს სცემს, ამაში “ინტერის” ფორვარდის ინტერვიუს გაცნობისას დარწმუნდებით.
- როგორი დამოკიდებულება გაქვთ ჟოზე მოურინიოსთან?
- ძალიან კარგი. ამის უტყუარი დადასტურება კი ისაა, რომ ხშირად ვჩხუბობთ (იცინის).
- რისი თქმა გსურთ მთავარი მწვრთნელისთვის ჩვენი მეშვეობით, რასაც პორტუგალიელ სპეციალისტს პირადი საუბრისას ვერ შეჰბედავთ...
- სეუ ჟოზე, თქვენი ავტომობილი არ მომწონს.
- ფლორენციის “ფიორენტინასთან” მატჩის მსვლელობისას ტრიბუნებზე მსხდომ ადამიანებს ისეთი შთაბეჭდილება შეგვექმნა, თითქოს კონტაქტური ლინზა მინდორზე დაგივარდათ. რა მოხდა სინამდვილეში?
- ვერც მე გამიგია. საერთოდ მხედველობას არ ვუჩივი, იმ ეპიზოდში კი თითქოს მხედველობა დავკარგე. ამის გამო რამდენიმე წამით დავიბენი და პარტნიორების დასახმარებლად უკან ვერ დავიხიე. ბედად, მეტოქემ გოლი ვერ გაგვიტანა. ჩემი მიზეზით ბურთი რომ გაგვეშვა, მოურინიო მომკლავდა!
- ადრეული ასაკიდან რომელი კლუბის გულშემატკივარი იყავით?
- როდესაც პატარა ვიყავი, “მილანს” ვქომაგობდი. ამჟამად კი “ინტერის” სრულუფლებიანი წევრი ვარ, პროფესიულ მოვალეობას მეტ-ნაკლებად პირნათლად ვასრულებ, ყოველმხრივ ვცდილობ, “ნერაძურის” წარმატების მიღწევაში დავეხმარო და არც ერთი გუნდის ფანი არ ვარ. ამას წინათ “სან სიროზე” “მილანისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” შეხვედრას დავესწარი. სტადიონზე “როსონერის” გულშემატკივრის სტატუსით არ მივსულვარ, უბრალოდ, დიდი მატჩის ხილვის სურვილი მამოძრავებდა და უნდა ვაღიარო, რომ მოლოდინი გამიმართლდა.
- მინდორზე ყოფნისას ყველაზე მეტად რა არ მოგწონთ?
- როდესაც მოწინააღმდეგე უხეშად მეთამაშება, მსაჯი კი საჯარიმო დარტყმას არ ნიშნავს. რეფერის უსამართლო გადაწყვეტილებას წონასწორობიდან გამოვყავარ. თუმცა, მალევე ვწყნარდები.
- რომელ გოლს თვლით საუკეთესოდ თქვენი კარიერის განმავლობაში?
- ბურთები, რომლებიც “კიევოსა” და “რუბინის” კარში გავიტანე.
- სასიხარულო ემოციას პრაქტიკულად არ გამოხატავთ ხოლმე.
- გამარჯვებაზე ჩემს რეაქციას მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იხილავთ...
- მარჩელო ლიპი “სკუადრა აძურაში” თქვენს მიწვევას რომ არ ჩქარობს?
- არც ჩემპიონთა ლიგის თასის დაუფლება “დამწყვეტს გულს”.
- როგორი სტილით ოცნებობთ გოლის გატანას?
- ქუსლით, როგორც ზლატან იბრაჰიმოვიჩი ახერხებს.
- დამწყებ ფეხბურთელს რა რჩევას მისცემდით?
- უფრო ბავშვის მშობლებს ვურჩევდი, ნუ დააძალებენ შვილს ფეხბურთის თამაშს. უმჯობესია მოზარდმა არჩევანი თავად გააკეთოს. ჩემს მშობლებს, მაგალითად, სულაც არ სურდათ, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გამოვსულიყავი. ისინი იცნობდნენ საფეხბურთო სამყაროს და მათ ამ პროფესიისთვის არ ვემეტებოდი.
- და ბოლოს, უმთავრესი კი¬თხვა. მალე “ჩელსისთან” ჩემ¬პიონთა ლიგის მერვედფინალური სტადიის განმეორებითი პაექრობის ჩატარება მოგიწევთ...
- კარლო ანჩელოტის გუნდის არ გვეშინია. ჩვენი ამოცანა ლონდონის “სტემფორდ ბრიჯზე” შესაძლებლობების სრულად გამოვლენაა. თუკი ეს მოხერხდა, “არისტოკრატები” მომდევნო ეტაპზე გასვლაში ხელს ვერ შეგვიშლიან.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ