მარიო ბალოტელი ჯერ მხოლოდ ოცი წლისაა, მაგრამ მის შესახებ ყველზე მეტს საუბრობენ. მან ექვსი თვის წინ მიაშურა “მანჩესტერ სიტის” და თვლის, რომ ინგლისურ ფეხბურთს კარგად მოერგო. მართალია, მისი გუნდი ლიდერს ათი ქულით ჩამორჩება, მაგრამ მიაჩნია, რომ პრემიერლიგის მოგების შანსი ჯერ არ დაუკარგავს...
- უკვე ექვსი თვეა, რაც “მანჩესტერ სიტიში” თამაშობთ. რას იტყვით განვლილ პერიოდზე, ყველაფერი ისე მიდის, როგორც ელოდით?
- უდიდესი გამოცდილება შევიძინე. “მანჩესტერ სიტიში” ფანტასტიკური ხალხი მუშაობს, კლუბი ვითარდება და ყოველდღიურად კი არა, საათობრივად იზრდება. კლუბში ყველა ცდილობს, რომ დამეხმაროს და თავი კომფორტულად ვიგრძნო. ჩემის მხრივ, ვდილობ, რომ მწვრთნელს და ხელმძღვანელობას მადლობა საკუთარი თამაშით გადავუხადო. ვიმედოვნებ, გულშემატკივრებმაც იციან, რომ აქ თავს კარგად ვგრძნობ და მაქსიმუმს გავიღებ, რათა კლუბის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩავწერო.
- როგორც ჩანს, “სიტიმ” ჩემპიონობის შანსი დაკარგა. თუ გვეთანხმებით, სად იყო დაშვებული შეცდომა და რა უნდა გაითვალისწინოს გუნდმა მომავალი სეზონისთვის?
- ვერ დაგეთანხმებით. გვსურს და შეგვიძლია, რომ ჩემპიონის ტიტული ამ სეზონშიც მოვიპოვოთ.
- რისი მიღწევა გსურდათ მიმდინარე სეზონში, როგორც პირადად თქვენ, ასევე გუნდს?
- გამარჯვება, გამარჯვება და კიდევ ერთხელ გამარჯვება. მსურს, რომ მოვიგო პრემიერლიგა და ვითამაშო ჩემპიონთა ლიგაში.
- პრემიერლიგაში ყველაზე მეტად რამ გაგაოცათ?
- ის ძლიერ განსხვავებულია იმ ფეხბურთისგან, რომელსაც სერია A-ში ვთამაშობდი, მაგრამ მე ინგლისში ყოფნა ძალიან მომწონს. პრემიერლიგაში ფანტასტიკური სტადიონებია, გულშემატკივრებმა კი, ფეხბურთი კარგად იციან. აქ თამაში ნებისმიერი ფეხბურთელისათვის დიდი სიამოვნებაა.
- უფრო კონკრეტულად, რა განსხვავებაა იტალიურ და ინგლისურ ფეხბურთს შორის?
- იტალიაში ტაქტიკას უფრო დიდი ყურადღება ეთმობა.
- მიმდინარე სეზონში ნამდვილი ბალოტელი ვნახეთ? თქვენი თამაშით კმაყოფილი ხართ?
- საკუთარი თამაშით კმაყოფილი არასდროს არ ვარ. მიხარია, რომ მიმდინარე სეზონში ტრავმები ავირიდე.
- ერთხელ განაცხადეთ, რომ თქვენზე უკეთესი მხოლოდ მესია. ახლაც ამ აზრზე ხართ?
- მაშინ არასწორად გამიგეს. მე ვთქვი, რომ 21 წლამდე ფეხბურთელებს შორის, ჩემზე უკეთესი მხოლოდ მესი იყო.
- დაგვისახელეთ საუკეთესო მცველი, რომელსაც პრემიერლიგაში წააწყდით და მანამდე არ იცნობდით.
- ნემანია ვიდიჩი.
- ინგლისში ყველაზე მეტად რა გაკლიათ?
- ახლობლები და იტალიური საკვები მენატრება.
- გარდა ფეხბურთისა, რითი ერთობა ბალოტელი?
- მიყვარს Playstation-ის თამაში, მუსიკის მოსმენა, კარგი ფილმის ყურება და მეგობრებთან გართობა.
- თქვენი ახალი ვარცხნილობა დამატებით ძალას გმატებთ?
- მე მომწონს ჩემი ვარცხნილობა!
მოამზადა ზურა ქსოვრელმა