ბოლო წლებში, წარმატებებით არა ვართ განებივრებულები სპორტის ისეთ სახეობაში, როგორიც მძლეოსნობაა, კერძოდ კი, ბირთვის კვრაში. სპორტის ამ სახეობაში, ათენის 2004 წლის ოლიმპიადაზე 16 წლის მარიამ ქევხიშვილმა იასპარეზა, რომელსაც მართალია, საპრიზო ადგილი არ დაუკავებია, მაგრამ საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მარიამი თანდათან აუმჯობესებდა თავის სპორტულ მიღწევებს და პეკინის ოლიმპიურ თამაშებში წარმატებებსაც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ...
მარიამი დღეს 25 წლისაა და ამერიკაში ცხოვრობს, ჰყავს მეუღლე დავით მაჭავარიანი და ახლახან ქალიშვილი, თეკლაც შეეძინათ...
და მაინც, მარიამი უკვე თავდაუზოგავად ვარჯიშობს და 2012 წლის ოლიმპიური თამაშებისათვის ემზადება. წარმატების იმედი ნამდვილად აქვს, რადგან ამ იმედის საფუძლელი, ოკეანის გაღმა მიღწეული წარმატებებია.
სიმაღლეზე ხტომიდან, ბირთვის გასროლამდე...
თავდაპირველად, ტანმაღალმა მარიამმა, ვარჯიში სიმაღლეზე ხტომაში დაიწყო.
“ერთ-ერთ ვარჯიშზე შემამჩნია სპეციალისტმა ყარამან საბანაშვილმა, რომელმაც მირჩია, ბირთვის კვრაში მეცადა ძალები. გადავწყვიტე, ბედი სპორტის ამ სახეობაში მეცადა და მალე მივხვდი, რომ ეს არჩევანი სწორი აღმოჩნდა: საქართველოს ჩემპიონის ტიტული რამდენჯერმე დავისაკუთრე. ამ წარმატებების წყალობით, საერთაშორისო სარბიელზეც გამოვჩნდი - 2004 წლის ათენის ოლიმპიურ თამაშებზე წავედი საასპარეზოდ. მართალია, იქ საპრიზო ადგილი არ დამიკავებია, თუმცა სამაგიეროდ, ჩემით დაინტერესდა ამერიკელი სპეციალისტი სტივ ლემკე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ლემკე პირადად ჩამოვიდა და ამერიკაში გადასვლა შემომთავაზა...
პირობა ასეთი იყო: რომელიმე ამერიკულ უნივერსიტეტში უნდა ჩამებარებინა გამოცდები და იქ სწავლის პარალელურად, უნდა მევარჯიშა. თავგადაკლულმა სწავლამ შედეგი გამოიღო და 2006 წლის ზაფხულში, ფლორიდის უნივერსიტეტის სტუდენტი გავხვდი. პარალელურად, სტივ ლემკეს ხელმძღვანელობით ვვარჯიშობდი და წარმატებებსაც ვაღწევდი - აშშ-ს უნივერსიტეტებს შორის პირველობაში ჩემპიონი გავხვდი” – იხსენებს მარიამ ქევხიშვილი.
მარიამი იმედიანად შეჰყურებდა პეკინის ოლიმპიადას. იმ წელს მართლაც ჩინებული სეზონი ჰქონდა, შესანიშნავ ფორმაში იყო და იმ იმედით ჩავიდა ჩინეთში, რომ საქართველოს ასახელებდა, მაგრამ არ გაუმართლა...
"მის გეორგია!"
“პეკინში იმედგაცრუების შემდეგ, პრაქტიკულად ყველაფერი ნულიდან დავიწყე, თავდაუზოგავად ვვარჯიშობდი და ამერიკაში საუნივერსიტეტო რამდენიმე ტურნირიც მოვიგე. საკმაოდ პოპულარულიც გავხდი ფლორიდაში. მახსენდება, ერთ-ერთი შეჯიბრების დაწყების წინ, ნაცნობმა მსაჯმა მთხოვა, მასწავლე, შენი გვარი როგორ გამოითქმისო. ვერაფრით ვერ დავამახსოვრებინე და ბოლოს ვუთხარი, ახლა მაგისთვის არ მცალია და უბრალოდ, მარიამი დამიძახე-მეთქი. შეჯიბრების დასრულების შემდეგ, წარმატებით გახარებული, ჩემი გუნდის წევრებთან ერთად აეროპორტისკენ წავედი. მოსაცდელ დარბაზში შესულს, უცებ ყვირილი მომესმა: "მის გეორგია! მის გეორგია!", გამეხარდა, ვინმე ქართველი სილამაზის კონკურსანტი იქნება ჩამოსული-მეთქი და აქეთ-იქით დავიწყე ყურება...რას ვხედავ, ის ნაცნობი მსაჯი ჩემსკენ მორბოდა და მეძახდა “მის გეორგია!”-ს. ჩემი თანაგუნდელები ახარხარდნენ. მსაჯსაც გაეცინა და მითხრა: "არც ახლა არ მასწავლი შენს გვარსო?"
“თავდაუზოგავად ვიბრძოლებ წარმატებებისათვის ჩემი მწვრთნელის სახელის უკვდავსაყოფად!”
მარიამს გული დასწყვიდა ამ ცოტა ხნის წინ, თავისი პირველი მწვრთნელის, ყარამან საბანაშვილის გარდაცვალებამ:
“არ მეგონა, თუ ოდესმე მოხდებოდა ის, რომ ჩემი მწვრთნელის, ყარამან საბანაშვილის ხმას ვეღარ გავიგებდი. ამ ადამიანმა ჩემთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა და ყოველთვის უხაროდა ჩემი წარმატებები.. არასოდეს გამოჰპარვია ჩემი დაბადების დღე, ხშირად მირეკავდა და მომიკითხავდა, ყოველთვის ვახსოვდი და ამაყობდა ჩემით. ვიდრე დედა გავხდებოდი, სულ რაღაც ერთი კვირით ადრე, დედას ველაპარაკებოდი და მისმა დადარდიანებულმა ხმამ შემაწუხა... დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, მშობელმა ცრემლმორეული ხმით მითხრა – ყარამანი აღარ არისო... თითქოს ძარღვებში სისხლი გამეყინა... სულ რაღაც ორი დღის წინ მქონდა საუბარი ყარამანთან და ვერ ვიჯერებდი მის სიკვდილს... ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი იყო. ღმერთმა დაუმკვიდროს მის სულს სამუდამო სასუფეველი. მისმა ამ ქვეყნიდან წასვლამ ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრა... ძნელია, დაკარგო ადამიანი, რომელიც გგონია, რომ უკვდავია და არასდროს გამოგეცლება ხელიდან… ძალიან გამიჭირდა ამ ყველაფრის გადატანა, მაგრამ უფლის ნებით, ჩემი პატარა ქალიშვილის დაბადება, დამეხმარა რომ სულ კარგზე და მომავალზე მეფიქრა..
გადავწყვიტე, რაც შეიძლება მეტი ვიშრომო და მეტ წარმატებებს მივაღწიო, რომ ჩემი პირველი მწვრთნელის სახელი დავიწყებას არ მიეცეს”.
მომავალი ოლიმპიადისათვის
ქალიშვილის მოვლენის შემდეგ, მარიამმა განაახლა ვარჯიში. მისი განცხადებით, შეჯიბრებებს ივნისში დაუბრუნდება. თუ აქამდე ფლორიდის უნივერსიტეტის სახელით გამოდიოდა, ახლა პროფესიონალებში აგრძელებს ასპარეზობას. მარიამის მიზანი, 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე წარმატების მიღწევა და საქართველოში დაბრუნებაა.
“ძალიან მენატრება საქართველო და სულ იმის წუწუნში ვარ, როდის დავბრუნდები ჩემს სამშობლოში... ამას, არც ამერიკელებთან საუბარში ვფარავ და მათაც სულ უკვირთ - განა, ამისთანა რა ქვეყნიდან ხარო... მე კი ყოველთვის ვპასუხობ: იმ ქვეყნიდან ვარ, სადაც ხალხს ყველაზე დიდი გული აქვს და ყველაზე დიდი სიყვარული შეუძლია...”
თენგიზ ჩობანიძე