ტალინში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს იუნიორთა ძიუდოისტთა ნაკრების წევრ მზია ბებოშვილის (48 კგ) მიერ ისტორიული მედლის მოპოვებიდან სულ რაღაც ერთ დღეში კვარცხლბეკზე ასვლა გოგონათა გუნდის კიდევ ერთმა წევრმა გაინაღდა. 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე მარიამ ჯანაშვილმა სამი შეხვედრა მოიგო და ფინალში გავიდა, სადაც ჰოლანდიელ ფლეურ დენ დეკერს დაუპირისპირდება.
ვაჟთა ნაკრების წევრებს კობა მჭედლიშვილსა (66 კგ) და თამაზ კირაკოზაშვილს (73 კგ) კი ბრინჯაოს მედალს თითო მოგება აშორებთ. მჭედლიშვილი ბოსნიაჰერცეგოვინელ პეტარ ზადროს შეხვდება, კირაკოზაშვილი – გერმანელ ტიმ გრამკოვს.