სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჩოგბურთი

11:57 | 18.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარია შარაპოვას ტრიუმფი ინდიან უელსში

 

კალიფორნიის შტატის ქალაქ ინდიან უელსში დასრულდა BNP Paribas Open-ის მასტერსი. ქალთა ბადის ფინალურ მატჩში ერთმანეთს მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი ჩოგნები მარია შარაპოვა და კაროლინ ვოზნიაცკი დაუპირისპირდნენ. 25 წლის რუსმა საკმაოდ იოლად, 2 სეტში მოახერხა საკუთარი მეტოქის დამარცხება (6:2, 6:2) და ტურნირის ტრიუმფატორიც გახდა.

შეხვედრა საათსა და 21 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში მარიამ ოთხჯერ დააბრეიკა მეტოქე, საკუთარი მოწოდება კი არცერთხელ არ დაუთმია. შარაპოვას ანგარიშზე 4 ეისი და ერთი ორმაგი შეცდომა იყო, თავის მხრივ, კაროლინმა ვერცერთი ეისი ვერ მოაწოდა, საკუთარ მოწოდებაზე კი ორჯერ შეცდა. ამ ჩოგბურთელთა შეხვედრათა ისტორიაში ანგარიში 5:2 გახა რუსის სასარგებლოდ.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მარიამ განაცხადა: "დაფიქსირებული ანგარიშის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, იოლი გამარჯვება მოვიპოვე, მაგრამ დამიჯერეთ, ასე არ ყოფილა. ყოველ გათამაშებაში მიწევდა ყურადღებით გარჯა და თამაშის კონტროლი, რადგან იყო საშიშროება, რომ ყველაფერი წამიერად შეცვლილიყო ჩემს საწინააღმდეგოდ. მეორე სეტში კაროლინს შეხვედრის გადარჩენის შანსი ჰქონდა, რაც ვერ გამოიყენა. დღეს საკმაოდ სტაბილურად ვაწვდიდი და ეს ძალიან დამეხმარა.

ტურნირის სტარტზე არადამაჯერებელი ჩოგბურთი ვაჩვენე, თუმცა ჩემი თამაში ნელ-ნელა გავაუმჯობესე და ფინალში კარგად ვითამაშე".

ფინალისტმა კაროლინ ვოზნიაცკიმ შარაპოვას წარმატება მიულოცა და დასძინა:'"დღეს მარია ძალიან კარგად თამაშობდა. ის ჩემზე ბევრად უკეთესი იყო. იმედია, დღევანდელი წაგებისთვის, მაიამის ტურნირზე შევძლებ რევანშის აღებას. გამიხარდება, თუ ეს ისევ ფინალურ მატჩში მოხდება".

ინდიან უელსის ტურნირზე მოპოვებული გამარჯვება შარაპოვასთვის კარიერაში რიგით 28-ე გახლდათ, 2013 წელს კი პირველი. მარიამ 1 მილიონ ამრიკულ დოლართან ერთად 1000 სარეიტინგო ქულაც მიიღო, რის შედეგადაც მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილზე გადავიდა (10015 ქულა) და მცირედით ჩამორჩება პირველ საფეხურზე მყოფ სერენა უილიამსს (10365).

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.117426