ბაქოში მიმდინარე ძიუდოს პრესტიჟულ ტურნირზე გრანდ სლემზე მამაკაცებს შორის მედლების ოთხი კომპლექტი გათამაშდა. საქართველოს ნაკრების ანგარიშზე კი ერთი მედალია – 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე უშანგი მარგიანმა ფინალში იჭიდავა და უფროსებს შორის პირველი საერთაშორისო ტიტულის მოპოვებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.
ნაკრებში დასამკვიდრებლად მებრძოლმა 20 წლის ძიუდოისტმა აზერბაიჯანულ ტატამზე ჩატარებული ოთხი შეხვედრიდან სამი მოიგო და ვერცხლთან ერთად 300 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა.
მარგიანი ტურნირში მერვედფინალიდან ჩაერთო და ჩინელ ჰემუბატუ ერის წუთსა და 47 წამში სამი გდება შეუსრულა - იუკო, ვაზარი და იპონი. გერმანელ ჰანეს კონრადს მეხუთე წუთის მიწურულს შესრულებული იუკოთი სძლია, რუსეთის ნაკრების წევრ არსენ პშმახოვს ერთი გაფრთხილებით აჯობა. ფინალში კი რუსეთის ნაკრების კიდევ ერთ წარმომადგენელთან ალან ხუბეცოვთან მეოთხე წუთის მიწურულს დაკარგული იუკოთი დამარცხდა. არადა შეხვედრის დასაწყისშივე იყო ეპიზოდი, როდესაც მსაჯს მარგიანის სასარგებლოდ მინიმუმ ვაზარის დაფიქსირება რომ შეეძლო, მაგრამ გდება უყურადღებოდ დატოვა.
81 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ტატამზე ორი ძიუდოისტი გავიდა, მაგრამ პოდიუმს მხოლოდ მარგიანი შეწვდა.
ზებედა რეხვიაშვილს, რომელიც 73 კილოგრამში საქართველოს ნაკრების წევრია, ზედმეტი წონის კლება ტურნირიდან ტურნირამდე სულ უფრო მეტად უჭირს და ამიტომაცაა, დროდადრო საერთაშორისო არენაზე 81-ში რომ ჭიდაობს. სამი თვის წინ, ობერვარტის ევროპის ღია ტურნირზე ჩემპიონიც გახდა. ამჯერად კი მხოლოდ მე-7 ადგილს დასჯერდა.
ბაქოს გრანდ სლემის ძირითად ბადეში ზებედამ სამი შეხვედრა ჩაატარა. მეთექვსმეტედფინალში უზბეკი შახზოდ სობიროვი საფინალო სირენამდე 21 წამით ადრე დააგდო ბეჭებზე, ტუნისელი აბდელაზიზ ბენ ამარი მსაჯს ოთხ წუთში ოთხჯერ გააფრთხილებინა, მეოთხედფინალში კანადელ ანტუან ვალუა ფორტიეს ღირსეული წინააღმდეგობა ვერ გაუწია – ორჯერ იუკოზე დაეცა, მეხუთე წუთზე კი მტკივნეული ილეთით დამარცხდა და დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო, სადაც უმალ წააგო აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევთან. პირველი ოთხი წუთი ჭიდაობა ქართველ ძიუდოისტს მიჰყავდა და იუკოსაც იგებდა, მაგრამ შემდეგ წამიერი მოდუნება ვაზარზე წამოგებად დაუჯდა, რომელიც მეჰდიევმა შებოჭვით დააგვირგვინა.
დღესვე გრანდ სლემზე ლაშა შავდათუაშვილმა და თენგიზ პაპოშვილმაც (ორივე 73 კგ) იჭიდავეს, მაგრამ საწყის ეტაპზევე დამარცხდნენ.
შავდათუაშვილმა აზერბაიჯანელი ვუგარ ბაირამოვი ლამაზი გდებით ჩამოიშორა, მაგრამ მომავალ ჩემპიონთან - ებრაელ საგი მუკთან ვეღარაფერს გახდა. პაპოშვილმა კი პირველსავე წრეში იპონით წააგო თურქ ბაირამ ჩეილანთან.
ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ სამ წონაში: 90, 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით სამივე წონაში ორ-ორი ძიუდოისტი იჭიდავებს.
ზვიად გოგოჭური (90 კგ), რომელიც პირველ ნომრადაა განთესილი, პირველ შეხვედრაში ჰოლანდიელი ჯილომ ელმონისა და ჩინელი რიჯიგავა სის წყვილიდან გასულს დაეჭიდება, ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) – შვეიცარიელ სირილ გროსკლაუსს შეხვდება, გურამ თუშიშვილი (100 კგ) – რუსეთის ნაკრების წევრ ზაფარ მახმადოვს, ალექსანდრე მსხალაძე (100 კგ) – ყაზახ მაქსიმ რაკოვს, როსტომ ხახალეიშვილი (+100 კგ) – მაროკოელ ელ მეჰდი მალკის, ხოლო გიორგი ზაქარიაძე (+100 კგ) – აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილ წევრ უშანგი კოკაურს. ხვალვე ჩაერთვება საქმეში საქართველოს ქალთა ნაკრების ერთადერთი წევრი ირინე ლეონიძე (+78 კგ), რომელსაც პირველ მეტოქედ ჩინელი ქსიაონან ქი ერგო.
ძიუდო
გრანდ სლემი
ბაქო
კაცები
9 მაისი
60 კგ
1 ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი)
2 ვუგარ შირინლი (აზერბაიჯანი)
3 შარაფუდინ ლუტფილაევი (უზბეკეთი)
3 სოფიან მილუ (საფრანგეთი)
66 კგ
1 კოლინ ოუტსი (ბრიტანეთი)
2 კამალ ხან-მაგომედოვი (რუსეთი)
3 ლიმვან კიმი (სამხრეთ კორეა)
3 გოლან პოლაკი (ისრაელი)
7 შალვა ქარდავა (საქართველო)
10 მაისი
73 კგ
1 საგი მუკი (ისრაელი)
2 ფლორენ ურანი (საფრანგეთი)
3 რუსტამ ორუჟოვი (აზერბაიჯანი)
3 ვიქტორ სკვორტოვი (არაბ. გაერთ. საემიროები)
81 კგ
1 ალან ხუბეცოვი (რუსეთი)
2 უშანგი მარგიანი (საქართველო)
3 მამადალი მეჰდიევი (აზერბაიჯანი)
3 ანტუან ვალუა-ფორტიე (კანადა)
7 ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო)