ტრავმისა და ოპერაციის შემდეგ ენდი მარეი კორტს მარცხით დაუბრუნდა. უიმბლდონის მოქმედმა ჩემპიონმა დღეს არაბთა გაერთიანებული საემიროების აბუ დაბის Mubadala World Tennis Championship-ის საგამოფენო ტურნირის მეოთხედფინალში აფროფრანგ ჟო ვილფრიდ ცონგასთან 5:7, 3:6 წააგო.
შეხვედრა საათსა და 11 წუთს გაგრძელდა. ცონგამ 3 ბრეიკი შეასრულა და ნახევარფინალში სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება. 26 წლის მარეის მომდევნო მოწინააღმდეგე კი შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკა იქნება.
“სეზონისთვის ნაყოფიერად მოვემზადე და თავსაც კარგად ვგრძნობ. დიდი ხანია არ მითამაშია. ასეთ დროს მოთმინების უნარის გამოვლენაა აუცილებელი. მთავარი ისაა, ზურგი რომ აღარ მაწუხებს, თუმცა, თამაში ჯერჯერობით ცოტათი მაინც მიჭირს”, - განაცხადა მარეიმ.
აბუ დაბიში მეორე ნახევარფინალისტი 31 წლის ესპანელი დავიდ ფერერისა და სტანისლას ვავრინკას მატჩში გაირკვა. რეიტინგსიის მესამე ნომერმა პირენელმა შვეიცარიელს 7:5, 6:1 მოუგო და ნახევარფინალში რაფა ნადალს შეხვდება.
ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდებიან
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) – ჟო ვილფრიდ ცონგა (საფრანგეთი)
რაფა ნადალი (ესპანეთი) – დავიდ ფერერი (ესპანეთი)